განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 06.03.2003
საქმის ნომერი
2კ-35დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 35-დად 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა ი.ე-ს, ა.რ-სა და ს.კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ც-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 იანვრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი ა. რ-ს, ი. ე-ს, ს. კ-სა და სხვათა მიმართ რელიგიური წესის აღსრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ რუსთავის საქალაქო პროკურატურის 2002 წლის 13 ოქტომბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 30 აპრილს ქ.რუსთავის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველ განყოფილებას განცხადებით მიმართა ქ.რუსთავში მცხოვრებმა მოქალაქე ი. ე-მა, რომელიც აღნიშნავდა, რომ 2001 წლის 29 აპრილს ქ.რუსთავში, ... კორპუსის მაცხოვრებლებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ჩატარებული მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ი. ე. არის “იეჰოვას მოწმე”. 2001 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 10 საათზე, ი.ე. მივიდა ქ.რუსთავში, ... ბინაში, სადაც ცხოვრობს მოქალაქე ა. რ.. ა.რ-ს ბინაში იმ დროს შეკრებილი იყო დაახლოებით 15 მოქალაქე. მათ უნდა ჩაეტარებინათ “იეჰოვას მოწმეების” კრება. შეკრების დროს ბინაში მყოფმა მოქალაქეებმა გაიგეს კარზე კაკუნი და სადარბაზოდან შემოესმათ საუბარი “იეჰოვას მოწმეების” შეკრებისა და მათი დარბევის შესახებ. ბინის პატრონი ა.რ. გავიდა ეზოში და ესაუბრა მეზობელ რ. გ-ს, რომელმაც სთხოვა მას, რომ “იეჰოვას მოწმეებს” შეეწყვიტათ უკანონო შეკრება, რაზეც ა.-მ უარით უპასუხა, შევიდა თავის ბინაში და ჩაკეტა კარი. ა.რ-სთან შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ბინა დაეტოვებინათ ფანჯრიდან გადასვლით, რაც განახორციელეს კიდეც. ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს მეზობლებთან კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით. ა.რ-ს ბინაში დარჩა თვით ა.რ. და რამდენიმე მოქალაქე. ამ დროს ა.რ-ს ბინის კარზე კვლავ დააკაკუნა მეზობელმა მ. კ-მ, რათა გაეგრძელებინა მათთან საუბარი, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ბინიდან გასვლის შემდეგ “იეჰოვას მოწმეები” და აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები: რ. გ., გ. და ზ. წ-ები, თ. რ. და სხვები ერთმანეთს შეხვდნენ კორპუსის უკანა მხარეს და მათ შორის მოხდა შეკამათება, რომლის დროსაც “იეჰოვას მოწმეებმა” რ.გ-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მას დასახმარებლად მიეშველნენ ზემოაღნიშნული მოქალაქეები და გაშველების დროს “იეჰოვას მოწმეებმა” _ ს. კ-მ და ი. ე-მა მიიღეს სხეულის დაზიანება. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტების თანახმად, ს.კრუდალოვამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება 7-8 დღით ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ი.ე-მა _ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჩატარებული მოკვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ მოქალაქეებმა: ი.ე-მა და ს.კ-მ სხეულის დაზიანებები მიიღეს გაუფრთხილებლობით, რის გამოც 2001 წლის 25 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც იმავე წლის 26 ივნისს დაამტკიცა ქ.რუსთავის პროკურორის მოადგილე ნ.ტ-მ.

აღნიშნული დადგენილება ი.ე-მა, ა.რ-მ და ს.კ-მ გაასაჩივრეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც თავისი 2002 წლის 6 მარტის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 23 აპრილის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 მარტისა და რუსთავის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2001 წლის 25 ივნისის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

2002 წლის 14 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ა.კ-ემ აღნიშნულ მასალებზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ¹7402864 და შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად გაუგზავნა რუსთავის საქალაქო პროკურატურას.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2002 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 10 საათზე, ქ. რუსთავში, ... მცხოვრებ რ-ების ბინაში, რომელიც მდებარეობს საცხოვრებელი სახლის 1-ელ სართულზე, შეიკრიბა “იეჰოვას მოწმეთა” რელიგიური ორგანიზაციის 11 წევრი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, რათა ჩაეტარებინათ თავიანთი რელიგიური წესისა და ჩვეულების აღსრულება, ე.წ. “კრება”. ამავე პერიოდში ეზოში შეიკრიბნენ ზემოაღნიშნული სახლის მაცხოვრებლები, რომლებიც შეწუხებულები იყვნენ “იეჰოვას მოწმეთა” კრებების დროს ბინაში ჩართული მუსიკის ხმაურით. მათ სთხოვეს ამავე კორპუსის მაცხოვრებელ რ. გ-ს, მისულიყო რ-ებთან, გასაუბრებოდა “იეჰოვას მოწმეთა” ხელმძღვანელს და ეთხოვა მისთვის, ან შეეწყვიტათ შეკრება ან ისე ჩაეტარებინათ, რომ მეზობლები არ შეწუხებულიყვნენ. რ.გ-მ ბინიდან გამოიყვანა ა. რ. და გადასცა მეზობლების თხოვნა, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ვისაც სურდა, ბინაში იმას მიიყვანდა და შებრუნდა სახლში. რ.გ-მ ეზოში შეკრებილებს გადასცა ა.რ-ს პასუხი, რამაც ისინი არ დააკმაყოფილა და რ.გ. მეზობელ ვ. კ-სთან ერთად კვლავ მიბრუნდა რ-ების ბინაში. ვ.კ-მ დააკაკუნა კარზე, მაგრამ იგი არავინ გაუღო. ყველაფერი ეს ბინაში შეკრებილებმა აღიქვეს თავდასხმად და მათი ნაწილი ფანჯრიდან გადავიდა ეზოში. რ.გ-მ შეიტყო რა “იეჰოვას მოწმეების” ეზოში გადასვლის შესახებ, შეეშინდა, რომ მათსა და მეზობლებს შორის შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო, ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა მათ და ჰკითხა, თუ ვინ იყო მათი ხელმძღვანელი. ეზოში მყოფმა მეზობლებმა, რომელთაგან უმრავლესობა კარგად ვერ ფლობს ქართულ ენას, აღნიშნული შეკითხვა აღიქვეს თავდასხმად, რ.გ-ს შემოეხვივნენ ირგვლივ და დაუწყეს ცემა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა მიწაზე. ეზოში შეკრებილი მეზობლები რ.გ-ს დასახმარებლად მისცვივდნენ. ამ დროს მოხდა ჩხუბი. ინციდენტის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს “იეჰოვას მოწმეთა” რელიგიური ორგანიზაციის წევრებმა: ი. ე-მა და ს. კ-მ. ასევე სხეულის დაზიანება სახეზე ნაკაწრების სახით მიიღო რ. გ-მ. რამდენიმე წუთში “იეჰოვას მოწმეები” ეზოდან წავიდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა დროის მოკლე მონაკვეთში, მას არ გამოუწვევია საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, ჩხუბის მოტივი იყო ეზოში მყოფ “იეჰოვას მოწმეთა” მხრიდან მოჩვენებითი თავდასხმის მოგერიება, რის გამოც ვერც “იეჰოვას მოწმეთა” და ვერც ეზოში მყოფი მოქალაქეების ქმედება ვერ დაკვალიფიცირდებოდა ხულიგნობად ან სხვა მძიმე დანაშაულად; აღნიშნული ინციდენტი მიეკუთვნება კერძო ბრალდების საქმეთა კატეგორიას და, თანახმად სსსკ-ის 27-ე მუხლისა, უნდა გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე კ.ო-მა 2002 წლის 13 ოქტომბერს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რაც იმავე დღეს დაამტკიცა რუსთავის საქალაქო პროკურორმა.

აღნიშნული დადგენილება ე.ე-ს, ა.რ-ს, ს.კ-ს და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.ც-ს მიერ გასაჩივრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 იანვრის დადგენილებით საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ე.ე-ს, ა.რ-სა და ს.კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ც. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურის დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმეზე წინასწარი გამოძიების განახლებას იმ მოტივით, რომ მოცემულ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია “იეჰოვას მოწმეებზე” თავდასხმისა და მათ მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

ადვოკატი შ.კ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

პროკურორი კ.კ. არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე კ.ო-ს 2002 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით, რომელიც იმავე დღეს დაამტკიცა რუსთავის საქალაქო პროკურორმა, სისხლის სამართლის ¹7402864 საქმე ა. რ-ს, ი. ე-ს, ს. კ-ს და სხვათა მიმართ რელიგიური წესის აღსრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შეწყდა. დადგენილებით ნაწილში საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ რ. გ-სა და მასთან მყოფი პირების ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ხოლო დადგენილების აღწერილობით ნაწილში დადგენილების ავტორი ამტკიცებს, რომ ჩხუბი გრძელდებოდა დროის მოკლე მონაკვეთში, მას არ გამოუწვევია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და, ამდენად, არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ამასთან, დადგენილებაში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც შემდეგ ხელით არის გადასწორებული “ბ” ქვეპუნქტად. როგორც საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რუსთავის საქალაქო პროკურატურის 2002 წლის 13 ოქტომბრის დადგენილების ასლში, რომელიც მხარეებს ჩაბარდათ, სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტას საფუძვლად უდევს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საქმეში მოთავსებულია რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე კ.ო-ს 2002 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც რუსთავის საქალაქო პროკურორის მიერ დამტკიცებული არ არის. აღნიშნულ დადგენილებაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია სსსკ-ის 28-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი და დადგენილებით ნაწილში აღნიშნულია, რომ 2001 წლის 29 აპრილს ქ.რუსთავში, ... საცხოვრებელი სახლის ეზოში “იეჰოვას მოწმეთა” ორგანიზაციის წევრებსა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით, რა დროსაც “იეჰოვას მოწმეთა” რელიგიური ორგანიზაციის წევრებმა: ი.ე-მა, ს.კ-მ და იმავე ბინის მაცხოვრებელმა რ.გ-მ მიიღეს სხეულის მსუბუქი დაზიანებები, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრას, რადგან არც ერთი მოჩხუბარი მხარის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ამდენად, საქმის მასალების მიხედვით გაურკვეველია, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის რომელი ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 იანვრისა და რუსთავის საქალაქო პროკურატურის 2002 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 იანვრისა და რუსთავის საქალაქო პროკურატურის 2002 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და საქმე დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.