საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 29-კოლ 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა ადვოკატების: რ. რ-ს, ქ. ღ-ს, ხ. ს-ს და ქ. ბ-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 იანვრის განაჩენზე, რომლითაც დამნაშავედ იქნენ ცნობილნი:
1. ნ. ჩ., _ დაბადებული …. წელს, ქართველი, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” პუნქტებით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” პუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით და 184-ე მუხლის მესამე ნაწილით;
2. ბ. ჯ. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “გ” პუნქტებით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. გ. წ. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯათ:
ნ. ჩ-ს _ თოთხმეტი წლით, ხოლო ბ. ჯ-სა და გ. წ-ს _ ცამეტ-ცამეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
გ. წ. სასჯელს იხდის 2001წ. 12 მარტიდან, ბ. ჯ. _ 2001წ. 13 მარტიდან, ხოლო ნ. ჩ. _ იმავე წლის პირველი მაისიდან.
ამავე განაჩენით ნ. ჩ. გამართლებულ იქნა სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტით, ბ. ჯ. _ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტით, ხოლო გ. წ. _ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” პუნქტით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო კოლეგიის იმავე თარიღის განჩინებით საქმე ბ. ჯ-ს მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” პუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, გ. წ-ს მიმართ სსკ-ის 24,109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” პუნქტებით და ნ. ჩ-ს მიმართ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ” პუნქტებით და მესამე ნაწილის “გ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდებების ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ეს განჩინება გასაჩივრებული არ არის.
ადვოკატ რ. რ-ს საკასაციო საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ გ. წ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
დვოკატების: ქ. ღ-ს, ხ. ს-სა და ქ. ბ-ს საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას. ამასთან ერთად, მათი საჩივარი ითხოვს სასამართლო კოლეგიის იმ განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც ეს ადვოკატები ჩამოცილებულ იქნენ ბ. ჯ-ს დაცვის მოვალეობის შესრულებას.
ნ. ჩ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი გასაჩივრებული არ არის.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით ნ. ჩ-ს, ბ. ჯ-ს და გ. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებანი გამოიხატა შემდეგში:
1994წ. 31 დეკემბერს ნ. ჩ-მა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან და კ. უ-თან ერთად განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა ქ. თბილისში მცხოვრებ ი. შ-ს ოჯახზე. ისინი, ნიღაბაფარებულნი და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, შეიჭრნენ ბინაში, საიდანაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს 14 დასახელების 5080000 რუბლად ღირებული ფასეულობა. მათვე აიძულეს ი. შ. მიეყვანა ისინი მეზობელ კორპუსში მცხოვრებ ნ. ჯ-თან, რომელთანაც მიბარებული ჰქონდა სხვა ნივთები. თავდამსხმელები ი. შ-ს საშუალებით მოტყუებით შეიჭრნენ ჯ-ების ბინაში, საიდანაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ი. შ-ს კუთვნილი ვიდეომაგნიტოფონი და კასეტები, ასევე ჯ-ს კუთვნილი 900000 რუბლის ნივთები, 200 ამერიკული დოლარი და 6000000 ქართული კუპონი.
1995წ. თებერვალში ნ. ჩ-მა და ვ. კ-მა ისარგებლეს ლ. მ-ს სახლში არყოფნით, შეაღწიეს მის ბინაში და ფარულად გაიტაცეს 400000 რუბლად ღირებული 5 დასახელების ნივთი.
1995წ. 23 თებერვალს ნ. ჩ-მა, ვ. კ-მა და კ. უ-მა ვინმე “ზაზასთან” და “ბესოსთან” ერთად განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა ქ. თბილისში მცხოვრებ ე. გ-სა და მასთან ლილოს ბაზრობაზე წასაყვანად მისულ რ. ბ-ზე. ისინი, ცეცხლსასროლი იარაღებით და ნიღბებით აღჭურვილები, შეიჭრნენ ბინაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ე. გ-საგან გაიტაცეს 2890000 რუბლის და 4905 ამერიკული დოლარის ღირებულების ნივთები. ამის შემდეგ მივიდნენ საცხოვრებელ კორპუსთან ავტომანქანაში მყოფ რ. ბ-თან, მოკვლის მუქარით წაართვეს ავტომანქანის გასაღები, შეიყვანეს გ-ს ბინაში და დააბეს, რის შემდეგაც გაიტაცეს 500 დოლარად ღირებული ,,ჟიგულის” მარკის მისი ავტომანქანა. ამ მანქანით გადაზიდეს ე. გ-საგან გატაცებული ნივთები, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს, ხოლო ავტომანქანა მიატოვეს ქ. თბილისში, მესამე მასივის ტერიტორიაზე.
1995წ. 4 მარტს ნ. ჩ., ვ. კ., კ. .უ ბ. ჯ. და გ. წ. შეთანხმდნენ, ყაჩაღური თავდასხმა განეხორციელებიათ ქ. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მცხოვრებ გ. ღ-ზე, რომელიც გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას და მოელოდნენ, რომ ფული ექნებოდა. შეთანხმების შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე, კ. უ. დარჩა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომანქანაში. შეიარაღებული ვ. კ. და ნ. ჩ. გაჩერდნენ სადარბაზოსთან, ხოლო შეიარაღებული ბ. ჯ. და გ. წ. მოტყუებით შეიჭრნენ ბინაში და როცა გ. ღ-მა აქტიური წინააღმდეგობა გაუწია მათ, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მოვლენათა ამგვარი განვითარების და იმის გამოც, რომ ბინაში აღმოჩნდა ღირსიაშვილის ნათესავიც, თავდამსხმელებმა მიატოვეს ბინა და მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად გ. ღ. ადგილზევე გარდაიცვალა /გ. ღ-ს მკვლელობის ნაწილში სასამართლო კოლეგიამ საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რაც გასაჩივრებული არ არის/.
1996წ. 6 სექტემბერს, 8 საათსა და 30 წუთზე, ნ. ჩ. და კ. უ., ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები, ქ. თბილისში, ქუჩაში, თავს დაესხნენ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე ნ. ს-ს და გასტაცეს ხელჩანთა, რომელშიც იდო 1200 ამერიკული დოლარი.
2000წ. 11 სექტემბერს ნ. ჩ. და ვ. .კ შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღებით, სხვა პირთან ერთად თავს დაესხნენ ქ. თბილისში მცხოვრებ ა-ების ოჯახს, საიდანაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცეს 2015 ლარად შეფასებული ქონება, 100 ამერიკული დოლარი და 50 ლარი.
2000წ. 26 დეკემბერს ნ. ჩახუნაშვილმა და ვ. კ-მა სხვა პირებთან ერთად განახორციელეს შეიარაღებული თავდასხმა ქ. თბილისში, ... მდებარე ნაქირავებ ბინაში მცხოვრებ შვეიცარიელ მოქალაქე ქ. ზ-ზე. სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ამ უკანასკნელს გასტაცეს 24 დასახელების, 19870 ამერიკული დოლარის ღირებულების ფასეულობა და 100 ამერიკული დოლარი.
2001წ. 3 აპრილს ქ. თბილისში, ... მ. ყ-ს ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნ. ჩ-ს მიერ მიტანილი და დამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “აკსუ” სამი მჭიდით და 80 საბრძოლო ვაზნით, ოთხი ცალი “რგ-42” და “გ-5” ტიპის ხელყუმბარა და მცირე კალიბრიანი შაშხანის ერთი ვაზნა.
2001წ. 1 მაისს ქ. თბილისში, დიღმის ტურბაზის კოტეჯიდან, სადაც დროებით ცხოვრობდა ნ. ჩ., მისივე მითითებით, ამოღებულ იქნა “მაკაროვის” სისტემის უნომრო პისტოლეტი, ორი მჭიდი და 15 ვაზნა.
2001წ. 12 მარტს ბ. ჯ-ს აღმოაჩნდა წინდაში გადამალული 0,15 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”. იმავე დღეს გ. წ-ს ბინაში აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 6,35 მმ კალიბრის პისტოლეტი 6 ვაზნით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ ნ. ჩ-ს, ბ. ჯ-ს და გ. წ-ს ბრალდების საქმის განხილვის დროს კოლეგიის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით სასამართლო შემადგენლობის და სხდომის თავმჯდომარის მიმართ მუქარის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების, სხდომის განაწესის შეუსრულებლობისა და თავმჯდომარის განკარგულებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო ბ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ქ. ღ. გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. საქმის განხილვა გაგრძელდა ბ. ჯ-ს სხვა ადვოკატების მონაწილეობით. 10 დღის შემდეგ, 26 სექტემბერს, ბ. ჯ-ს ადვოკატებმა _ ხ. ს-მ და ლ. პ-მა დატოვეს სხდომის დარბაზი იმ მოტივით, რომ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა სასამართლო კოლეგიის მთლიანი შემადგენლობის აცილების თაობაზე. სასამართლომ განსასჯელს სახაზინო წესით დაუნიშნა ახალი ადვოკატი _ ვ. ქ. და სხდომა გააგრძელა მის მიერ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, თუმცა შემდგომ ეს უკანასკნელიც ჩამოშორდა საქმეს. ბ. ჯ-ს დაცვა განაგრძეს ადვოკატებმა _ ხ. ს-მ და ქ. ბ-მა.
სასამართლო კოლეგიის 2002წ. 16 დეკემბრის განჩინებით სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადვოკატები _ ხ. ს. და ქ. ბ. გაძევებულ იქნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან და საქმის განხილვა გაგრძელდა ბ. ჯ-ს დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს მონაწილეობით.
მსჯავრდებულ გ. წ-ს დამცველის, ადვოკატ რ. რ-ს საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
1. საქმეში არ არსებობს მ. წ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებანი;
2. წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად და ბოლომდე გამოკვლეული არ არის ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე;
3. გამოძიების დროს დაირღვა საპროცესო ნორმები და ბრალდებულთა მიმართ იყენებდნენ ფიზიკურ ზემოქმედებას;
4. კანონის დარღვევით მოხდა გ. წ-ის დროებით საცხოვრებელში ჩხრეკა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება;
5. სასამართლოში არასრულყოფილად დაიკითხა ზოგიერთი მოწმე;
6. გასარკვევია, ხომ არ დაირღვა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ს დაცვის უფლება წინასწარი გამოძიების დროს;
7. სრულყოფილად გამოკვლეული არ არის აწ გარდაცვლილ ღ-ზე ყაჩაღური თავდასხმის დეტალები.
ადვოკატების: ქ. ღ-ს, ხ. ს-ს და ქ. ბ-ს საკასაციო საჩივარი მსჯავრდებულ ბ. ჯ-ს მიმართ განაჩენისა და განჩინებათა გაუქმების და საქმის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
საქმის სასამართლო განხილვისას სხდომის თავმჯდომარემ ადვოკატები უკანონოდ ჩამოაშორა ბ. ჯ-ს დაცვას, რითაც უხეშად შელახა განსაჯელის დაცვის კონსტიტუციური უფლება.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება, საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი და განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ გ. წ-ს, ბ. ჯ-ს და ნ. ჩ-ს ბრალდების საქმეზე სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. ამდენად, პალატა არ იზიარებს არც ადვოკატ რ. რ-ს საჩივრის მოტივებს და არც ადვოკატების: ქ. ღ-ს, ხ. ს-ს და ქ. ბ-ს საჩივრის მოსაზრებებს საქმის სასამართლო განხილვის დროს საპროცესო ნორმების დარღვევისა და საქმის არასრულყოფილად განხილვის თაობაზე. სასამართლო სხდომის ოქმით, რომლის სრულყოფილება და ობიექტურობა სადავოდ არ გაუხდიათ, დადგენილია, რომ ადვოკატებმა _ ქ. ღ-მა, ხ. ს-მ და ქ. ბ-მა სავსებით დაიმსახურეს სასამართლოს დარბაზიდან გაძევება, რაც სასამართლო კოლეგიამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით. დადგენილია ისიც, რომ დასახელებულ ადვოკატთა გაძევებას არ გამოუწვევია ბ. ჯ-ს დაცვის უფლების შელახვა. მისი დაცვა გააგრძელა სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა.
პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს ადვოკატ რ. რ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ ყველა მოსაზრებას და თვლის, რომ გ. წ-ს მიმართ სასამართლო კოლეგიამ მაქსიმალურად ობიექტურად და სრულყოფილად განიხილა სისხლის სამართლის საქმე, წარდგენილ მტკიცებულებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ყველა საეჭვო და დაუსაბუთებელი ბრალდება გადაწყვიტა განსასჯელის სასარგებლოდ და საბოლოოდ დაადგინა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენი და განჩინება, რომელთა გაუქმებისათვის პალატას რაიმე საფუძველი არ გააჩნია.
პალატა თვლის, რომ ასევე დასაბუთებული და კანონიერია სასამართლო სხდომების მიმდინარეობის დროს სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ადვოკატების: რ. რ-ს, ქ. ღ-ს, ხ. ს-ს და ქ. ბ-ს საკასაციო საჩივრები უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 იანვრის განაჩენი ბ. ჯ-ს, გ. წ-სა და ნ. ჩ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად. უცვლელად დარჩეს აგრეთვე ამავე საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.