საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.04.2003
საქმის ნომერი
2კ-32კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 32-კოლ 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა ადვოკატების: მ. ლ-სა და ზ. ნ-ს, აგრეთვე საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების პროკურორ გ. ს-ს საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედოთ:

გ. მ-ს, _ პატიმარს, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სამხედრო ნაწილისა და სამსახურის გავლის ადგილის თვითნებურად დატოვება ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არაუმეტეს ათი დღე-ღამისა; მანვე ჩაიდინა ქურდობა _ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში: ჯგუფურად, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის “თ”, “ი”, “ლ” ქვეპუნქტებით.

ს. ს-ს, _ პატიმარს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტითა და 109-ე მუხლის “თ”, “ი” და “ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

განაჩენის მიხედვით გ. მ-მა და ს. ს-მა ჩაიდინეს შემდეგი დანაშაული:

2000წ. 8 ივლისს გ. მ. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად ახალციხის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იგი ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს ქ. ახალციხეში დისლოცირებულ ¹10245 სამხედრო ნაწილში რიგით ჯარისკაცად და სამსახურს გადიოდა სამხედრო ნაწილის დამხმარე მეურნეობაში. მასთან ერთად ამავე მეურნეობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა რიგითი ჯარისკაცი თ. ი..

2001წ. 17 ნოემბერს გ. მ-მა თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და სამსახურის ადგილი და იმყოფებოდა სახლში _ ახალციხის რაიონის სოფ. ნაოხრებში. სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების პერიოდში იგი 2001წ. 24 ნოემბერს, დაახლოებით 15 საათზე, მივიდა ქ. ახალციხეში დისლოცირებულ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო რაზმ “ახალციხეში” თანასოფლელ, რიგით ჯარისკაც ს. ს-თან, რომელიც იმყოფებოდა განწესში და უთხრა, რომ 19 საათზე შეხვედროდა მას ქ. ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე. ს. ს., განწესის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობამ გაუშვა რა დათხოვნაში, დაახლოებით 19 საათზე გ. მ-ს შეხვდა დათქმულ ადგილას, რის შემდეგ ს. ს-ს თანამოსამსახურე რიგითმა ჯარისკაცმა ა. ა-მა ისინი სახლში სავახშმოდ წაიყვანა. ა. ა-საგან წამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 21 საათზე, გზაში გ. მ-მა ს. ს-ს შესთავაზა, რომ ¹10245 სამხედრო ნაწილის დამხმარე მეურნეობის ფერმიდან ქურდობის გზით გაეტაცათ ძროხები, გაეყიდათ ახალციხის საკვირაო ბაზრობაზე და თანხა ერთად დაეხარჯათ. ს. ს. დათანხმდა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. მ. და ს. ს. იმავე დღეს, 2001წ. 24 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, მივიდნენ ¹10245 სამხედრო ნაწილის დამხმარე მეურნეობაში, სადაც იმ ღამით რიგითი ჯარისკაცი თ. ი. მორიგეობდა. განზრახვის დასაფარად გ. მ-მა თ. ი-ს უთხრა, რომ სახლში მიმავალმა ავტობუსმა გაასწრო და ღამეს ისინი იქ გაათევდნენ. როდესაც თ. ი. ოთახიდან გავიდა, გ. მ. და ს. ს. შეთანხმდნენ, თ. ი-ს ხელი რომ არ შეეშალა პირუტყვის ქურდობაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და მისი დაფარვის მიზნით, მოეკლათ იგი. ოთახში შემოსულ თ. ი-ს, წინასწარი შეთანხმებით, გ. მ. თავს დაესხა, წააქცია საწოლზე, ხელებით შებოჭა და მოუსპო წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, ხოლო ს. ს-მა ხელები ყელში წაუჭირა და დაახრჩო. თ. ი-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის დაფარვის მიზნით, მათ განიზრახეს მოეხდინათ თვითმკვლელობის იმიტაცია, რის გამოც გ. მ-მა და ს. ს-მა პირუტყვის გატაცების მიზნით წინასწარ მომარჯვებულ თოკს მარყუჟი გაუკეთეს და საწოლზე მწოლიარე გარდაცვლილ თ. ი-ს ყელზე მოაბეს, თოკის მეორე ბოლო კი საწოლის თავზე დაამაგრეს. შემდეგ მათ ფერმიდან გაიტაცეს ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თითოეული _ ღირებული 325 ლარად. გატაცებული პირუტყვი იმავე ღამეს ქ. ახალციხის საკვირაო ბაზრობაზე მიიყვანეს და 400 ლარად მიჰყიდეს კასპის რაიონში მცხოვრებ ა. დ.-ო-ს. მიღებული თანხიდან გ. მ-მა და ს. ს-მა 60 ლარი იმავე დღეს დახარჯეს, 300 ლარი გ. მ-მა თავისი სახლის სხვენში შეინახა, ხოლო 40 ლარი კი თან ჰქონდა. ქ. ახალციხის შს განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად გატაცებული პირუტყვი და ფულადი თანხა ამოღებულ იქნა და მათ მფლობელებს დაუბრუნდა.

ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ გ. მ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, ხოლო ს. ს-ს _ თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ლ-მ და პროკურორმა გ. ს-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლებითაც ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად. პროკურორი განაჩენის გაუქმებას ითხოვს მისი ლმობიერების მოტივით, ხოლო დამცველი იმ მოტივით, რომ ს. ს-ს დანაშაული არ ჩაუდენია.

საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულები და მათი ინტერესების დამცველები მხარს უჭერენ ადვოკატ მ. ლ-ს საკასაციო საჩივარს და ითხოვენ მის დაკმაყოფლებას.

პროკურორი გ. ს. მხარს უჭერს თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ერთობლიობაში შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: თვით მსჯავრდებულების მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, აგრეთვე დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მსჯავრდებულთა აღიარებითი ჩვენებების სისწორეს, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მასალები, პალატა თვლის, რომ

მსჯავრდებულებს: გ. მ-სა და ს. ს-ს ნამდვილად აქვთ ჩადენილი მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო მათი ინტერესების დამცველების მიერ წარმოდგენილი ვერსიები მსჯავრდებულთა უდანაშაულობის შესახებ სრულიად მოკლებულია საფუძველს და არ შეესაბამება უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა არ იზიარებს ასევე პროკურორ გ. ს-ს მიერ საკასაციო საჩივარში განაჩენის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ იგი არის ლმობიერი, იმის გათვალისწინებით, რომ გ. მ. და ს. ს. პირველად არიან სამართალში, ხოლო მათი წარსული არ ხასიათდება უარყოფითად, სასამართლოს მიერ მათთვის განაზღვრული სასჯელის ზომები ვერ ჩაითვლება ლმობიერად და მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისადმი შეუსაბამოდ.

აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების: გ. მ-სა და ს. ს-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების: გ. მ-სა და ს. ს-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.