განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 08.04.2003
საქმის ნომერი
2კ-38დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 38-დად 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია

განიხილა დაინტერესებული პირის ა. შანიძის კერძო საკასაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 4 თებერვალს ქ. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურს განცხადებით მიმართა შპს “შანი ჩელიკ მოტორსის” გენერალური დირექტორის ყოფილმა მოადგილემ და იმავდროულად შპს “მოურავის” დირექტორმა ა. შ-მ, რომელიც განცხადებაში მიუთითებდა შპს “შანი ჩელიკ მოტორსის” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში არსებულ დარღვევებზე, რის დასტურადაც მან განცხადებასთან ერთად წარადგინა საქმიანი დოკუმენტაციის პაკეტი. ა. შ-ს განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე 1999წ. 19 თებერვალს ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹1099068 შპს “შენი ჩელიკ მოტორსის” თანამშრომელთა მიმართ საბაჟო გადასახადებისაგან განმეორებით თავის არიდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1602 მუხლის მე-2 ნაწილით და წარიმართა გამოძიება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 2001წ. 24 სექტემბერს საქმე წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად დაექვემდებარა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და 2001წ. 13 ოქტომბრის დადგენილებით მიღებულ იქნა წარმოებაში ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ა. მ-ს მიერ, ხოლო ქ. თბილისის პროკურატურის 2002წ. 16 ივლისის დადგენილებით ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების წარმოება დაევალა საგამოძიებო ჯგუფს. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა ა. მ-მ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიტანა დადგენილება ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

2002წ. 12 აგვისტოს მოქალაქეებმა: ს. ტ-მ, ა. თ-მ, ნ. ქ-მ და მ. რ-მა საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002წ. 5 თებერვალს გამოტანილი დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი უკანონოა და მიღებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ საჩივარი არსებითად არ განიხილა და თავის 2002წ. 27 სექტემბრის დადგენილებაში მიუთითა, რომ მოქალაქეების: ს. ტ-ს, ა. თ-ს, ნ. ქ-ს და მ. რ-ს საჩივარი არსებითად არ იქნეს განხილული, ვინაიდან შემოტანილია არაუფლებამოსილი პირების მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2002წ. 5 დეკემბრის განჩინებით კერძო საკასაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის დადგენილება იმ მოტივით, რომ კასატორები: ს. ტ., ნ. ქ., ა. თ., მ. რ., რომლებიც არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, საპროცესო კანონით უფლებამოსილნი იყვნენ, რაიონულ სასამართლოში გაესაჩივრებინათ საგამოძიებო ორგანოს მიერ ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი დადგენილება. საკასაციო სასამართლომ საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

აღნიშნულმა სასამართლომ 2003წ. 24 იანვრის დადგენილებით დააკმაყოფილა დაინტერესებული პირების: ს. ტ-ს, ნ. ქ-ს, ა. თ-ს, მ. რ-ს საჩივარი და გააუქმა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ა. მაღრაძის 2002წ. 5 თებერვლის დადგენილება ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საქმის მასალები დაუბრუნა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლომ მიუთითა, რომ გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება გამოტანილი იყო საქმისათვის მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გაუთვალისწინებლად, რომლებიც მასალებში იყო წარმოდგენილი.

დაინტერესებულმა პირმა ა. შ-მ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის დადგენილების თაობაზე კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს აღნიშნული დადგენილების გაუქმებასა და ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის 2002წ. 5 თებერვლის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო განხილვისას კასატორმა ა. შ-მ, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ და პროკურორმა მ. მ-მა მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაინტერესებული პირები: ს. ტ., ა. თ., ბ. ქ. და მ. რ. მხარს არ უჭერენ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვენ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საჩივრის საფუძვლები და შესაბამისი მასალები, მიიჩნია, რომ ა. შ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოდავე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ კასატორი ა. შ. და დაინტერესებული პირები: ს. ტ., ა. თ., ბ. ქ., მ. რ. რამდენიმე წლის მანძილზე ერთობლივად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. ისინი ქმნიდნენ სხვადასხვა ფირმას, ახდენდნენ ამ ფირმების რეორგანიზაციასა თუ გაერთიანება-შერწყმას და ა.შ. ხსენებული დაინტერესებული პირები გამოთქვამენ პრეტენზიებს ა. შ-ს მიმართ იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი მათთან, როგორც ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის პარტნიორებთან, შეთანხმების გარეშე ისე აწარმოებდა აღნიშნულ საქმიანობას, რომ არ ითვალისწინებდა მათ კანონიერ ფინანსურ ინტერესებს. უფრო მეტიც, სარგებლობდა რა მათი ნდობით, მოქმედებდა მათ საზიანოდ, რითაც აკმაყოფილებდა საკუთარ კომერციულ ინტერესებს, სისტემატურად ზრდიდა თავის შემოსავლებს მათი კუთვნილი ფინანსური წილებისა და დივიდენდების ხარჯზე, რომლებიც მათ უნდა მიეღოთ და არ მიუღიათ.

ს. ტ-, ა. თ-ს, ბ. ქ-სა და მ. რ-ს მიერ წარმოდგენილი პრეტენზიების თაობაზე კასატორი ა. შ. თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ მათ მოთხოვნებს არ გააჩნია რეალური საფუძველი, რადგან თანხობრივი სახით არასდროს შეუტანიათ თავიანთი წილი ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობაში. რაც შეეხება მათ მიერ გაწეულ შრომით საქმიანობას ერთობლივად დაფუძნებულ თუ რეორგანიზებულ ფირმებში, ამისათვის იგი ხელფასს უხდიდა ამ პირებს, ხოლო შემდეგ თავიანთი ნებით მათ უარი განაცხადეს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობაზე და გავიდნენ დასახელებული ორგანიზაციებიდან, რის შემდეგაც მან დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა.

საქმის მასალებიდან ირკვევა აგრეთვე ისიც, რომ მხარეებს შორის დავის საგნად ქცეული შენობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, თიანეთის გზატკეცილის ¹9-ში, რომლის შექმნაში ა. შ-სთან ერთად გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი მასთან მოდავე პირებსაც და მისი მშენებლობის დამთავრების დოკუმენტაცია ჯერ კიდევ არ არის შედგენილი, არ ირიცხება რომელიმე იურიდიული პირის ბალანსზე და არც ფიზიკური პირის სახელზეა გაფორმებული.

ამრიგად, ერთი მხრივ, ა. შ-სა და, მეორე მხრივ, ს. ტ-ს, ა. თ-ს, ბ. ქ-ს, მ. რ-ს შორის არსებული დავა თავისი არსით არ სცილდება სამოქალაქო დელიქტის ფარგლებს. ამიტომ იგი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თუკი მოდავე მხარეებს ამის სურვილი ექნებათ და მიმართავენ სასამართლოს.

მოდავე მხარე ა. შ-ს ბრალს სდებს აგრეთვე მასში, რომ ამ უკანასკნელმა შექმნა ყალბი დოკუმენტი ს. ტ-ს სახელით ფირმიდან გასვლისა და თავის წილზე უარის თქმის შესახებ შედგენილი თანხმობის სახით, რომელშიც გაყალბებულია მისი, ე.ი. ს. ტ-ს, ხელმოწერა, სინამდვილეში კი ასეთი დოკუმენტი მას არ შეუდგენია და არც ხელმოწერაა მისი.

ამ საკითხის გასარკვევად გამოძიებამ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნით დადასტურდა, რომ სადავო დოკუმენტზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ს. ტ-ს, მაგრამ იმავე დასკვნით ხელმოწერა ს. ტ-ს სახელით არც ა. შ-ს მიერ არის შესრულებული. გამოძიებით ვერ დადგინდა, ვისი შესრულებულია ყალბი დოკუმენტი. ცხადია, ასეთ პირობებში აღნიშნული სიყალბის გამო უშუალოდ ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძვრება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ა. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ არის საფუძვლიანი და კანონიერი, ხოლო ქ. თბილისის ვაკე-საბურათლოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის დადგენილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე და 453-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

კასატორ ა. შ-ს საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის დადგენილება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის ა. მ-ს მიერ ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002წ. 5 თებერვალს გამოტანილი დადგენილების გაუქმების თაობაზე.

უფროსი გამომძიებლის ა. მ-ს 2002წ. 5 თებერვლის დადგენილება ა. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.