საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.04.2003
საქმის ნომერი
2კ-83დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 83-დად 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ე. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 5 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 619-620-ე მუხლების შესაბამისად გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა მასალები მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიმართ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ე. ტ., რუსეთის ფედერაციის მესჩანსკის რაიონის მუნიციპალურთშორისო სახალხო სასამართლოს 1999წ. 19 მაისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ რფ-ის სსკ-ის 17-196-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 222-ე მუხლის პირველი ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ვ”, “გ” პუნქტებით და მიესაჯა: რფ-ის სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ვ”, “გ” პუნქტებით _ 12 წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. რფ-ის სსკ-ის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით ქონების კონფისკაციით. სასჯელის მოხდის ვადა განესაზღვრა 1996წ. 17 მარტიდან. სასჯელის მოხდა დაენიშნა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

რფ-ის სსკ-ის 17-196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2წ. ვადით, რფ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაოს ჩატარების მიზნით, განესაზღვრა 2წ. განმავლობაში სამუშაო ადგილზე ხელფასის 10%-ის დაკავება სახელმწიფოს სასარგებლოდ.

რფ-ის სსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ე. ტ. განთავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან რფ-ის სსკ-ის 17-196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და რფ-ის სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ხანდაზმულობის გამო. ე. ტ-ს დაეკისრა 7134 რუსული რუბლის გადახდა დაზარალებულ ა. ო-ს სასარგებლოდ და 1000 რუსული რუბლის გადახდა დაზარალებულ ი. ო-ს სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა სკილიფასოვსკის სახ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასარგებლოდ ა. ო-ს და ი. ო-ს მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების _ 3108 რუსული რუბლის ანაზღაურება.

მოსკოვის სახალხო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 5 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრისა და საკასაციო პროტესტის საფუძველზე განაჩენში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: ე. ტ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი და სასჯელის მოხდა განესაზღვრა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ე. ტ. სასჯელის მოსახდელად გადმოყვანილ იქნა საქართველოში და, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მასალები მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიმართ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების თაობაზე.

სსსკ-ის 620-ე მუხლის თანახმად უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოში აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის დადგენილებაში მოცემული განმარტების მიხედვით ე. ტ. მსჯავრდებულია რფ-ის სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ბ”, “ვ”, “გ” პუნქტებით, რაც გადაკვალიფიცირებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებზე, კერძოდ, რფ-ის სსკ-ის 222-ე მუხლის პირველი ნაწილი უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “ვ”, “გ” პუნქტები _ შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებზე. მსჯავრდებულ ე. ტ-ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს რფ-ის სსკ-ის 162-ე მუხლის “გ” პუნქტი, რაც ითვალისწინებს ყაჩაღობის ჩადენას იარაღის ან ისეთი საგნის გამოყენებით, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იარაღად. საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს ყაჩაღობის მაკვალიფიცირებლად ზემოაღნიშნულ გარემოებას, ამდენად, მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ე. ტ-ს შესაბამისად უნდა განესაზღვროს სასჯელის ვადა და სახე, აგრეთვე სასჯელის მოხდის რეჟიმი, რაც მან საქართველოში უნდა მოიხადოს.

გარდა ამისა, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა შემდეგზეც: რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ე. ტ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ქონების კონფისკაცია. საქართველოს ძირითადი კანონით _ ქვეყნის კონსტიტუციით უზრუნველყოფილია პიროვნების საკუთრების უფლება და ხელშეუხლებლობა, რაც გამორიცხავს დამატებითი სასჯელის სახით ქონების კონფისკაციის არსებობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის განაჩენი, საქართველოში მის აღსრულებასთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ქონების კონფისკაციაზე.

“პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად პირს, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასჯელის მოხდა ენიშნება მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვინაიდან მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიერ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ყაჩაღობა ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ამიტომ, სასამართლოს დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მსჯავრდებულმა ე. ტ-მა სასჯელი უნდა მოიხადოს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

საბოლოოდ, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 4 მარტის დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის მესჩანსკის რაიონის მუნიციპალურთშორისო სახალხო სასამართლოს 1999წ. 19 მაისის განაჩენის საფუძველზე, ე. ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ იმავე დადგენილებით, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, მსჯავრდებულ ე. ტ-ს დააკისრა: დაზარალებულ ა. ო-ს სასარგებლოდ 7134 რუსული რუბლის გადახდა, დაზარალებულ ი. ო-ს სასარგებლოდ 1000 რუსული რუბლის, ხოლო სკლიფასოვსკის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სასარგებლოდ 3108 რუსული რუბლის გადახდა.

აღნიშნული დადგენილების თაობაზე მსაჯავრდებულმა ე. ტ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებასა და მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო განხილვაში მონაწილე პროკურორი ო. რ. მხარს არ უჭერს საჩივარს და ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა პროკურორს, გაეცნო საჩივრის საფუძვლებსა და შეისწავლა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოდან შემოსული მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებთა გამო:

რუსეთის ფედერაციის მესჩანსკის რაიონის მუნიციპალურთშორისო სახალხო სასამართლოს 1999წ. 19 მაისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი ე. ტ-ს მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რომლებიც ბრალად შეერაცხა, რის საფუძვლზეც იქნა გამოტანილი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის დადგენილება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტების მიხედვით ე. ტ-ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის ზომაც _ თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით _ დასაბუთებულია და სავსებით შეესაბამება როგორც მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ისე თვით მისი პიროვნების საშიშროებას.

რაც შეეხება კერძო საკასაციო საჩივარში ე. ტ-ს მითითებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულებს: ა. ო-სა და ი. ო-ს მან უკვე აუნაზღაურა სასამართლოს მიერ მათ სასარგებლოდ დაკისრებული თანხები, რის გამოც უსაფუძვლოდ მიაჩნია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხების გადახდის დაკისრება, უნდა აღინიშნოს, რომ ამის თაობაზე მას შეუძლია შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ორგანოს, რომელმაც უნდა აღასრულოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და იგი გათავისუფლდება ხსენებული თანხების გადახდისაგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ე. ტ-ს კერძო საკასაცაიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.