საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.04.2003
საქმის ნომერი
2კ-85დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 85-დად 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის რ. ციგროშვილის კერძო საკასაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 მარტის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. დეკემბერში მოქალაქე მ. ქ-მა განცხადებით მიმართა თელავის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსს ზ. ა-ს, რომლითაც იგი თ. ფ-ს, ამხელდა მის მიმართ ძარცვის ჩადენაში. განცხადებაში მითითებულ ფაქტზე მოკვლევის ჩატარების შემდეგ, 2001წ. 16 თებერვალს, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის რაიონული განყოფილების მიერ და საქმეზე წარიმართა წინასწარი გამოძიება. 2002წ. 18 ივლისს გამოტანილ იქნა დადგენილება თ. ფ-ს ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ხოლო ბრალდებად წარედგინა დაზარალებულ მ. ქ-ს მიმართ ძარცვის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით.

საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ გამოტანილ იქნა დადგენილება თ. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტისა და ცალკეულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დადგენილება 2002წ. 20 ნოემბერს გააუქმა თელავის რაიონულმა პროკურორმა ვ. მ-მ და განაახლა საქმეზე წინასწარი გამოძიება. რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, 2003წ. 26 იანვარს, კვლავ იქნა გამოტანილი დადგენილება საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე თ. ფ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, აგრეთვე მ. ქ-სა და სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც დაამტკიცა რაიონულმა პროკურორმა.

აღნიშნული დადგენილების თაობაზე საქმეში დაზარალებულად ცნობილმა მ. ქ-მა საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვდა მის გაუქმებასა და თ. ფ-ს მიმართ საქმის წარმოების განახლებას.

სასამართლომ განიხილა საჩივარი და 2003წ. 20 მარტს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც, დააკმაყოფილა რა მ. ქ-ს საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 26 იანვრის დადგენილება, ხოლო საქმე დააბრუნა წინასწარი გამოძიების განახლებისათვის. სასამართლომ მიუთითა მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიებისას დაშვებულ ცალკეულ ხარვეზზე, აგრეთვე იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც დამატებით უნდა ჩატარდეს ფაქტობრივ გარემოებათა გადასამოწმებლად.

თელავის რაიონული სასამართლოს ამ დადგენილების თაობაზე რაიონული პროკურორის მოადგილემ რ. ც-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებასა და თელავის საგამოძიებო განყოფილების მიერ გამოტანილი დადგენილების ძალაში დატოვებას.

კერძო საკასაციო საჩივარზე შესაგებელი შეიტანა დაზარალებულმა მ. ქ-მა, რომლითაც ითხოვს თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

საკასაციო განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

საქმეზე ბრალდებულად ცნობილი თ. ფ. მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი მ. ქ. და მისი ინტერესების დამცველი რ. ჩ. მხარს არ უჭერენ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვენ თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში წარმოდგენილ არგუმენტებსა და მითითებებს იმის თაობაზე, რომ საჭიროა ჩატარდეს მთელი რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მოწმეების, ასევე საქმეში მონაწილე მხარეების ჩვენებების გადამოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების უფრო სრულად, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევა-დადგენისათვის, უნდა გაირკვეს, რა მიზეზებით იყო გამოწვეული ბრალდებისა თუ დაცვის მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლა.

ამასთანავე, პალატა არ ეთანხმება სასამართლოს დადგენილებაში წარმოდგენილ ცალკეულ დებულებებს, რომლებშიც ფაქტობრივად მოცემულია დასკვნები იმის თაობაზე, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დანაშაულის ჩადენას, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალეულია თ. ფ., შეფასებებს ჩადენილი ქმედების შესაძლო კვალიფიკაციის თაობაზე და ა. შ., რადგან ასეთი პოზიცია რამდენადმე სცილდება მართლმსაჯულების განხორცილების ფარგლებს და არღვევს სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპს. თუმცა სასამართლო სწორად მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოტანილ დადგენილებაში არსებულ ცალკეულ ხარვეზსა და წინააღმდეგობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ობიექტურად ჩატარებული დამატებითი გამოძიების მეშვეობით.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება ყველა შესაძლებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედება, ამომწურავად იქნება დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც რეალურად ჰქონდა ადგილი, უნდა მოხდეს ობიექტური, დასაბუთებული სამართლებრივი შეფასებების გაკეთება და დასკვნების გამოტანა დანაშაულის არსებობისა თუ არარსებობის, ამა თუ იმ პირის ბრალეულობისა თუ არაბრალეულობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მომხდარი შემთხვევისა და ჩადენილი ქმედების იურიდიული კვალიფიკაციის განსაზღვრისას გამოძიება დამოუკიდებელია და ამ მიმართებით იგი შებოჭილი არ არის სასამართლოს მითითებებით.

ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 მარტის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თელავის რაიონული პროკურორის მოადგილეს რ. ც-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 მარტის დადგენილება მტკიცებულების დაუშვებლად მიჩნევის, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტისა და ცალკეული პირების სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 26 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.