კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 191 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ფ. ც.-ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: თ. ტ-სა და გ. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი ფ. ც.-ბ-ს მიმართ და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ფ. ც.-ბ-ს ბრალი დაედო მასში, რომ განმეორებით ჩაიდინა თაღლითობა, მოქალაქეთა პირადი ქონებისა და ქონებრივი გამორჩენის მიღება მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულებს. მანვე ჩაიდინა ყალბი დოკუმენტის გაკეთება ხელობის სახით, მისი გამოყენების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 1997წ. 17 აგვისტოს სააქციო საზოგადოება “სენაკი 93-ის” მიერ ამავე საზოგადოების კუთვნილი ¹37 მაღაზიის ბაზაზე საზოგადოების დირექციის 1997წ. ბრძანების საფუძველზე დაარსდა ლომბარდი ¹1 მდებარე ქ. სენაკში.
იმავე თარიღით მის გამგედ დაინიშნა ფ. ც.-ბ., რომელმაც უკანონოდ, თაღლითური გზით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტების _ მეპაიის უფლება-მოვალეობების ბლანკის დამზადებითა და გამოყენებით, სადაც მეხუთე პუნქტში მიუთითა, რომ სენაკის სააქციო საზოგადოება “სენაკი-93-ის პასუხისმგებელია შეტანილ თანხაზე და აქვე უჩვენა სააქციო საზოგადოების წესდება, საწესდებო კაპიტალი რომლისშეადგენდა 107107 დოლარს, რითაც მოქალაქეების ნდობა მოიპოვა, თუმცა არ ჰქონდა უფლება, მოეზიდა ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები და მოზიდული სახსრების გამოყენებით თავის ხარჯზე გაეცა კრედიტები ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე. ასევე მან სალომბარდო საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის მოქმედების გასვლის შემდეგ, კერძოდ: 1999წ. 3 თებერვლიდან 1999წ. 26 ივლისამდე ეწეოდა უკანონო სალომბარდო საქმიანობას, მაშინ, როდესაც მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის ინსპექციის უფროსმა 1999წ. 25 იანვარს ფოსტით გაუგზავნა ცირკულარული წერილი ¹01-09წ03 სალომბარდო საქმიანობის 1999წ. 3 თებერვლიდან შეწყვეტის შესახებ. ასევე 1998წ. 17 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის ¹1569-1-ის კანონი ლიცენზიების გაუქმების შესახებ გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მან გამოიყენა “სენაკი 93-ის” დირექტორის ნდობა, რათა სისტემატურად გაეკონტროლებინა ლომბარდის საქმიანობა, რაც არ გაკეთდა, რის გამოც 1998წ. 23 სექტემბრიდან 1999წ. 25 ივლისამდე უკანონოდ გააფორმა 12 მეპაიის ყალბი დოკუმენტები _ მეპაიის უფლება-მოვალეობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მთლიანად დაზარალებულებისაგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ შეადგინა 25630 აშშ დოლარი, მათზე დივიდენდის სახით გასაცემმა თანხამ _ 41360,7 აშშ დოლარი, რაც მთლიანად შეადგენს 66,990,7 აშშ დოლარს, ხოლო ბიუჯეტზე გადასახდელი თანხა შეადგენს 1361 ლარს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის განაჩენით ფ. ც.-ბ. წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით და 213-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი იქნა გამართლებული. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ს. ჭ-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინებით პროკურორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და საქმე სამართალში მიცემის სტადიიდან გადაეცა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
დარღვეულ იქნა სსსკ-ის 417-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. კერძოდ, ბრალდებული ც.-ბ. არ იყო სამართალში მიცემული და ისე მიმდინარეობდა არსებითად საქმის განხილვა და იგი სამართალში მიცემულ იქნა მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე იშუამდგომლა დაცვის მხარემ, ხოლო მანამდე ჩატარებული სასამართლო გამოძიება ცნო “დე-იურედ”. გარდა ამისა, მოსამართლე კვარაცხელია სენაკის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იყო 2002წ. 30 იანვრიდან იმავე წლის 15 აპრილამდე. რის გამოც, მას 2002წ. 3 სექტემბერს არ ჰქონდა უფლება, ბრალდებული ფ. ც.-ბ. მიეცა სამართალში და განეხილა საქმე. პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის გამოძიების პროცესში მიღებული აქვს დადგენილებები საქმეზე დართულ მტკიცებულებათა გამამართლებელ და გამამტყუნებელ მტკიცებულებებად მიღების თაობაზე, რითაც სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 127-ე და 132-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ განაჩენში არ მიუთითა, თუ რა საფუძვლით იქნა ფ. ც.-ბ. გამართლებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით გამართლებულ ფ. ც.-ბ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები თ. ტ. და გ. დ. ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას. მიუთითებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები და მიიღო სავსებით კანონიერი გადაწყვეტილება.
წარმოდგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის ნ. ჩ-ს შესაგებელი, რომლითაც მას კანონიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატებმა თ. ტ-მ და გ. დ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ აღნიშნეს, რომ საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას უტყუარად დადგინდა, რომ ფ. ც.-ბ-ს არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული და ის სავსებით სამართლიანად იქნა გამართლებული. სააპელაციო სასამართლომ კი უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი და უკანონოდ გააუქმა სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი. ადვოკატებმა იშუამდგომლეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, ფ. ც.-ბ-ს მარეაბილიტირებელი საფუძვლით.
გამართლებული ფ. ც.-ბ. დაეთანხმა ადვოკატების მოთხოვნას, იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
დაზარალებულმა ბ. ლ-მ კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ფ. ც.-ბ. უნდა იქნეს მიცემული სამართალში და ეს გარემოება გახდა განაჩენის გაუქმებისა და საქმის სამართალში მიცემის სტადიიდან სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ ფ. ც.-ბ. სასამართლომ 2002წ. 3 სექტემბერს მისცა სამართალში საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 213-ე მუხლის მესამე ნაწილით. სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებას ესწრებოდნენ ბრალდების (პროკურორი) და დაცვის მხარეები, ასევე განსასჯელი ფ. ც.-ბ.. თვით პროკურორის შუამდგომლობითა და პროცესის მონაწილე ყველა პირი თანხმობით, სასამართლომ გადაწყვიტა ფ. ც.-ბ-ს სამართალში მიცემის საკითხი. შემდეგ იმავე პროკურორმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ, მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი საფუძველი მას აღარ გააჩნდა.
პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ სასამართლომ ფ. ც.-ბ. მისცა სამართალში და ამ მოტივით გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უკანონოა, მით უმეტეს, მოქმედი საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს პირის ხელმეორედ სამართალში მიცემის შესაძლებლობას.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინების მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მოსამართლე კვარაცხელიას არ ჰქონდა მოცემული საქმის განხილვის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლე კვარაცხელია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მივლინებული იყო სენაკის რაიონულ სასამართლოში, მან მივლინების დროს წარმოებაში მიიღო ც.-ბ-ს სისხლის სამართლის საქმე და შეუდგა მის განხილვას. ასეთ ვითარებაში მოსამართლე კვარაცხელიას ჰქონდა უფლება, განეხილა საქმე და მიეღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ამ მოტივით განაჩენის გაუქმება უკანონოა.
პალატა აღნიშნავს, რომ განჩინებაში მითითებული სხვა საკითხები შეიძლება შემოწმებულ იქნეს საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს და მიეცეს შეფასება.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და უცვლელად დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რადგან ასეთს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს წამოჭრილი ყველა ვერსია და მიიღოს არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 თებერვლის განჩინება ფ. ც.-ბ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი სააპელაციო წესით განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
გაუქმდეს ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე გამოტანილი კერძო განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.