დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.09.2021
საქმის ნომერი
ბს-285(2კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-285(2კ-21) 30 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. გ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ნ. გ-ამ 2019 წლის 23 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და ამავე ინსპექციის 2018 წლის 7 ნოემბრის №000042 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 მარტის №273 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 მარტის №273 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 7 ნოემბრის №000042 ბრძანება და მოპასუხეს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მე-20, 61-ე, 74-ე მუხლებსა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის დანაწესებზე მითითებით განმარტავს, რომ კანონი სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მიიჩნევს სამშენებლო სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახედ და უკავშირებს მას შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლის ფარგლებში კი უნდა გამოირკვეს, რამდენად არსებობს ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა. შესაბამისად, ამ მიზნით უნდა შემოწმდეს საპროექტო ობიექტზე დადგენილების გამოცემის დროისთვის განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობა სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ სანებართვო პირობებთან.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N...-ს მიმდებარედ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის N3363605 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. კასატორის განმარტებით, ხსენებული №57 დადგენილების 62-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის პროცესში დაშვებულ ისეთი სახის ცდომილებებს, რომელთა არსებობა არ საჭიროებს მშენებლობის ახალი ნებართვის მოპოვებას. მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით კი, სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც არსებობდა ნ. გ-ასთვის, როგორც დამკვეთისათვის, 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული დანაწესი - სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ან/და შეუსრულებლობისათვის III კლასის შენობა-ნაგებობსათვის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, კასატორი აღნიშნავს, რომ ნორმა ამ სახით ამოქმედდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2018 წლის 7 მარტის კანონის საფუძველზე. აღნიშნულ ცვლილებამდე იგივე სამართალდარღვევა ექვემდებარებოდა 3000 ლარით დაჯარიმებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში 2018 წლის 7 მარტს შეტანილი №2051-IIს ცვლილების (სარეგისტრაციო კოდი №...; გამოქვეყნების თარიღი 21.03.2018წ.) თანახმად, ამავე კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“–„ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ა.ბ) მესამე კლასის შენობა ნაგებობისათვის - 10 000 ლარით; ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 15 000 ლარით; ა.დ) მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 20 000 ლარით“. მოცემულ შემთხვევაში საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდა საჩივრის ავტორის მიერ მუნიციპალურ ინსპექციაში 2018 წლის 2 ივლისს წარდგენილი №19/0118183125-17 განცხადება შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოების თაობაზე, რომლითაც ნ. გ-ა ითხოვდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებას. ამდენად, სამართალდამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობა დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დროს მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და მოწინააღმდეგე მხარე დაჯარიმდა 10 000 ლარით.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლზე და აღინიშნავს, რომ სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას არ ყოფილა გაანალიზებული აღნიშნული ნორმის რეალური შინაარსი. სამართალდამრღვევის მხრიდან ფაქტის აღიარების მიუხედავად, სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. 2018 წლის 7 ნოემბრის №200042 დადგენილების მიღების საკითხის გადაწყვეტისთვის. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ საკითხს.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული სანქციის (10 000 ლარის) ოდენობის კანონიერების შეფასება, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად, განსხვავებულად იყო მოწესრიგებული სანქციის ოდენობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, სადავო პერიოდში (2018 წლის 7 ნოემბერი) მოქმედი რედაქციის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 10 000 ლარით (ამოღებულია 20.07.2018 №3220; ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისიდან). მითითებული კანონით ცვლილებამდე კი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუქნტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით იმავე სამართალდარვევისთვის ჯარიმის ოდენობად განსაზღვრული იყო 3 000 ლარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ 2020 წლის 22 მაისს განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, გაუქმდა სადავო პერიოდში მოქმედი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი და 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მითითებული მუხლის ახალი რედაქცია, რომელიც არ ითვალისწინებს მესამე კლასის შენობა-ნაგებობისთვის მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობისთვის დაჯარიმებას, თუმცა მესამე კლასის შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხიმგებლობა მოწესრიგდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტით და ჯარიმის ოდენობა კვლავ 10 000 ლარით განისაზღვრა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 33-ე მუხლით, პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. მართალია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, კერძოდ, ისინი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3353605 ბრძანების თანახმად, ქალაქ თბილისში, ...-ს მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), შეთანხმდა საავადმყოფოს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. 2018 წლის 2 ივლისს ნ. გ-ამ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს და მიუთითა, რომ დაარღვია სამშენებლო პირობები და მოითხოვა დაჯარიმება კანონის ფარგლებში. მოცემულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 7 ნოემბრის №000042 დადგენილების თანახმად, ნ. გ-ა დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის (საავადმყოფო) მშენებლობისთვის. ნ. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 7 ნოემბრის №000042 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარამდე შემცირება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მშენებლობა 2018 წლის მარტამდე აწარმოა, ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობა კი არ ითვალისწინებდა სადავო დადგენილებით გამოყენებულ ჯარიმას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის №273 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ას ადმინისტრაციული საჩივარი.

საქმის მასალების მიხედვით, მხარეები სადავოდ არ ხდიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს, რამდენადაც მოსარჩელემ თავად აცნობა სამართალდარღვევის თაობაზე შესაბამის ორგანოს. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის მართლზომიერება, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პირი პასუხს აგებს რა სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონის მიხედვით, სადავო დადგენილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული სანქცია კი შეიცვალა მოსარჩელის მიერ მშენებლობის წარმოების საფუძვლის - არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3363605 ბრძანების მოქმედების პერიოდში და მას შემდეგაც. მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაედგინა ნ. გ-ას მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო და პასუხისმგებლობის სახე განესაზღვრა შესაბამისი კანონის მიხედვით, რასაც ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოიკვლია გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენის დროის დასადგენად საჭირო გარემოებები, არ ირკვევა, რომ საამისოდ მიიღო ახსნა- განმარტება პასუხისგებაში მიცემული პირისაგან და გამოითხოვა სხვა მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 7 ნოემბრის №000042 დადგენილება გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც მოსარჩელისთვის ქონებივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს. საკასაციო პალატის მითითებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ნორმა, რომელიც დადგენილი სამართლადარღვევისთვის 10 000 ლარით დაჯარიმებას ითვალსიწინებდა, მოქმედებდა 2018 წლის 7 მარტამდე. მანამდე მოქმედი ნორმის თანახმად კი, იმავე სამართალდარღვევისთვის ჯარიმის ოდენობად გათვალისწინებული იყო მხოლოდ 3000 ლარი. წარდგენილი განცხადებით მოსარჩელემ სწორედ აღნიშნულზე მითითებით მოითხოვა სადავო დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის ოდენობის შემცირება.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი, საკანონმდებლო ნორმაში მრავალჯერ განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავს.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს, მისი ჩადენისათვის სახდელის დადების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, სახდელის დადების ვადა უნდა აითვალოს დარღვევის გამოვლენის დღიდან, შესაბამისად, განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა იმ გარემოებების შეფასება, რომლებიც მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას გამოვლინდა და შესაძლებელს ხდიდა აღნიშნული წარმოების დასრულებას სადავო აქტებში მითითებული შედეგისაგან განსხვავებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე