საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
# 89-დად 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა ლ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ.კ-ს 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება კ. და ა. ბ-ებისა და აწ გარდაცვლილ გ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 აპრილს მოქალაქე ლ. გა-მ განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პროკურორს დოკუმენტებში არსებული მონაცემების ნამდვილობის, კანონიერებისა და სიყალბის დადგენის მოთხოვნით. მანვე ხსენებულ განცხადებას თან დაურთო სადავო დოკუმენტები: 1. ბინების გაცვლის ბიუროს გამგის _ გ.ნ-ს #...... მიწერილობის ასლი კალინინის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების საპასპორტო ქვეგანყოფილებისა და ამავე რაიონის #60 საბინაო-საექსპლუატაციო უბნისადმი და 2. მთაწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის _ ზ.ბ-ის #....... განკარგულების ასლი.
ლ.გ-ს განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შემოწმების მიზნით მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურიდან გადაეგზავნა იმავე რაიონის საგამოძიებო სამსახურს. მასალების მოკვლევა დაევალა გამომძიებელ თ.კ-ს. ამ უკანასკნელმა 2002წ. 14 ივნისს საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტის საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ.
აღნიშნული დადგენილება ლ.გ-მ გაასაჩივრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2002წ. 24 ოქტომბრის დადგნილებით გააუქმა მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის 2002წ. 14 ივნისის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ და მასალები კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნა საგამოძიებო სამსახურს.
2002წ. 26 ნოემბერს გამომძიებელმა თ.კ-მ ისევ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
2003წ. 21 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის მოადგილე ვ.გ-მა გააუქმა ზემოხსენებული დადგენილება და განაახლა წინასაგამოძიებო შემოწმება.
2003წ. 13 თებერვალს მთაწინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თ.კ-მ კვლავ გამოიტანა დადგენილება კ. და ა. ბ-ებისა და აწ გარდაცვლილ გ. ნ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მათ ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის არარსებობის გამო.
აღნიშნული დადგენილება მოქალაქე ლ.გ-მ გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დადგენილებით ლ.გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მთაწინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ.კ-ს 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება კ. და ა. ბ-ებისა და აწ გარდაცვლილ გ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, დარჩა უცვლელად.
კასატორი ლ.გ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას ხელახალი მოკვლევისათვის იმ მოტივით, რომ მოკვლევა ჩატარებულია ცალმხრივად და გამომძიებელ თ.კ-ს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს.
კ. და ა. ბ-ები არ ეთანხმებიან კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ლ.ლებანიძე მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასლები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1989წ. 24 მაისს ძმებს _ კ. და ა. ბ-ებს შორის მოხდა ბინების ნაწილობრივი, ორმხრივი, ე.წ. ნათესაური გაცვლა ბინების ძირითად დამქირავებელთა თანხმობით. კერძოდ, ა. დ-ს სახელზე რიცხულ, ... ქ.#3-ში მდებარე ბინაში, ამ უკანასკნელის თანხმობით, ჩაეწერა მისი მულის შვილიშვილი _ კ. ბ., ხოლო ი. ე-ს სახელზე რიცხულ, ... #27-ში მდებარე 52-ე ბინაში, ამ უკანასკნელის თანხმობით, გადაეწერა მისი შვილი _ ა. .ბ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბინების გაცვლის კომისიის 1989წ. 24 მაისის #. ოქმით ირკვევა, რომ კ. და ა. ბ-ებს შორის ბინების გაცვლა მოხდა იმდროინდელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, საკითხი განხილულია აღმასკომის შესაბამისი კომისიის სხდომაზე, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კ. და ა. ბ-ებს შორის ბინების გაცვლაზე ნებართვის შესახებ. დადგენილია ისიც, რომ ძმებს შორის ბინების გაცვლა მოხდა ... ქ.#3-ში მდებარე ბინის ძირითადი დამქირავებლის _ ა.დ-ს სიცოცხლეში და მისივე თანხმობით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კ. და ა. ბ-ებს შორის ბინების გაცვლა მოხდა კანონის დარღვევით, რადგან მხარეებს არ გააჩნდათ მათზე რიცხული საცხოვრებელი ფართი და საქმეში არ მოიპოვება ა.ბ-ს ჩაწერასთან დაკავშირებით _ ან. და ა. დ-ების, ხოლო კ.ბ-ს ჩაწერასთან დაკავშირებით _ ან. დ-ს თანხმობის დამადასტურებელი საბუთები, რადგანაც საქმეში არსებობს საბინაო ჩანაწერების ასლები, რომლებითაც დასტურდება ა. და კ. ბ-ის ... ქ.#3-ში მდებარე ბინაში ჩაწერის ფაქტები და, ასევე, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია კ. და ა. ბ-ების სადავო ბინაში ჩაწერის კანონიერება, რაც იმდროინდელი კანონმდებლობის თანახმად, ბინის ძირითად დამქირავებელთა თანხმობის გარეშე ვერ დადგინდებოდა. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ა.ბ-ის ... ქ.#3-ში ჩაწერის, ხოლო ძმებს შორის ბინების გაცვლის შემდეგ, კ.ბ-ს იმავე მისამართზე ჩაწერის საკითხი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 21 იანვრის განჩინების თანახმად, `დადგენილია, რომ ა. ბ. სადავო ბინაში ჩაეწერა კანონიერად, ბინის ძირითადი დამქირავებლის თანხმობით. საქმეს ერთვის თბილისის ცენტრალური არქივის ცნობა იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბინების გაცვლის კომისიის 1989წ. 24 მაისის #...... საოქმო დადგენილებით კ.ბ-სა და ა.ბ-ს ნება დაერთოთ ბინების გაცვლაზე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბინების გაცვლის ბიუროს მიერ 1989წ. მაისში გაცემული გაცვლის ორდერები არ არის არქივში, დადგენილია, რომ ეს ორდერები არქივში შესანახად არ შესულა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბინაო კოდექსის 63-ე და 77-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი სადავო ბინიდან კ.ბ-ს ოჯახის გამოსახლების შესახებ, ვინაიდან ამ ბინაში ჩასახლებულნი არიან კანონიერად~.
საქმეზე ჩატარებული შემოწმებით არ დასტურდება ბინების გაცვლის ბიუროს გამგის _ გ.ნ-ს მიწერილობის სიყალბე. ეს მიწერილობა ეფუძნება თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბინების გაცვლის კომისიის 1989წ. 24 მაისის #..... ოქმს და მასში შეტანილი მონაცემები გამომდინარეობს სწორედ აღნიშნული ოქმიდან, რის გამოც არ შეიძლება, რომ გ.ნ-ს მიწერილობა იყოს ყალბი.
ასევე არ არსებობს ... ქ.#3-ში მდებარე ბინის კ.ბ-ზე გადაფორმებისა და მისი ბინის ძირითად დამქირავებლად ცნობის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის _ ზ.ბ-ს 1992წ. 31 მარტის განკარგულების ყალბად მიჩნევის საფუძველი, რადგანაც აღნიშნული ეფუძნება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს (საბინაო ჩანაწერების ასლებსა და აღმასკომის ბინების გაცვლის კომისიის ოქმს); ამასთან, იგი მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენელს ნ.უ-სა და ლ.-ს სარჩელის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია, ხოლო ლ.გ-ემ ვერ შეძლო მისი სიყალბის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული შემოწმებით მოპოვებული მასალების საფუძველზე ძმების _ კ. და ა. ბ-ების, ასევე აწ გარდაცვლილ გ. ნ-ს მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილება ამავე რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ.კ-ს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2003წ. 13 თებერვლის დადგენილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელ თ.კ-ს 2003წ. 13 თებერვლის დადგენილება კ. და ა. ბ-ებისა და აწ გარდაცვლილ გ. ნ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.