დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.06.2003
საქმის ნომერი
2კ-140აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 140-აპ 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 მაისის განაჩენზე, რომლითაც გ. ჯ., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წ. სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 155-ე მუხლით, მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი წლით და საბოლოოდ მოსახდელად დაუდგინდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 137352 ლარის გადახდა.

გ. ჯ. სასჯელს იხდის 2000 წ. 22 ოქტომბრიდან.

საკასაციო საჩივარი ითხოვს მსჯავრდებულის სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას. სამოქალაქო სარჩელის ნაწილში კი განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენის მიხედვით გ. ჯ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 1992 წ. თებერვლიდან 1995 წ. 18 სექტემბრამდე მუშაობდა რა “საქართველოს ბინსოცბანკის” (იგივე “საქართველოს ბანკი”) მთაწმინდის განყოფილებაში მთავარ ბუღალტრად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ასევე თაღლითური გზით არაერთგზის, პირთა ჯგუფთან შეთანხმებით, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სხვისი მოძრავი ქონება, სახელდობრ: 1994 წ. 30 ივნისს მან გაზეთ “სამამულეს” რედაქტორ რ. ბ-ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის ბოროტად გამოყენებით გამოართვა 1260 ამერიკული დოლარი და შეჰპირდა, რომ გაზეთის ანგარიშსწორების ანგარიშზე მოახდენდა ამ თანხის კონვერტაციას და შემდეგ კი ღვინის შესაძენად გადაურიცხავდა შესაბამის თანხას კუპონებში. აღნიშნული თანხა გ. ჯ-მა არ შეიტანა ბანკის სალაროში და მიისაკუთრა. ამასთან, ისარგებლა იმით, რომ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით შეეძლო ბანკში შეუფერხებლად ეწარმოებინა რიგი ოპერაციები, 1994 წ. 30 ივნისს ბანკის გარე საკორესპონდენტო ანგარიშიდან გაზეთ “სამამულეს” სახელით “აგრომრეწვბანკის” თელავის განყოფილებაში აკურის ღვინის ქარხნის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხა 1025824800 კუპონი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბანკს.

გ. ჯ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარს _ შპს “მათას” პრეზიდენტ გ. ჯ-ს, ისარგებლა იმით, რომ შეეძლო ბანკში შეუფერხებლად ეწარმოებინა საბანკო ოპერაციები და 1993-95 წლებში სხვადასხვა ხერხით, შპს “მათას” სახელით, რომლის ბეჭედი და შტამპი მასთან ინახებოდა, მოახერხა დიდი ოდენობით ბანკის კუთვნილი თანხების მითვისება. გ. ჯ-მა როგორც პირადად, ასევე გ. ჯ-ს მეშვეობით შპს “მათას” სახელით ბანკის სალაროდან საფულე ჩეკებით ხელფასის გაცემისა და საწვავის შეძენის მოტივით 32 შემთხვევაში გამოიტანა და მიითვისა 101937750000 კუპონი, ანუ 101987 ლარი, რომელიც უკანონოდ ჰქონდა გადატანილი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან შპს “მათას” ანგარიშსწორების ანგარიშზე. 18 შემთხვევაში კი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობაზე ანგარიშსწორების, ადრე აღებული სესხების დაფარვისა და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის მოტივით შპს “მათას” სახელით ყალბად შედგენილი საგადასახადო დავალებებითა და მემორიალური ორდერებით ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან უკანონოდ გადარიცხა ბანკის კუთვნილი 26722283557 კუპონი, ანუ 26722 ლარი და ამ გზით მიითვისა ეს თანხა.

მანვე 1994 წ. 31 ოქტომბერს მოქალაქე შ. ტ-ს გამოართვა 2200 ამერიკული დოლარი და შეჰპირდა, რომ მოახდენდა მის კონვერტაციას და შესაბამის თანხას გადაურიცხავდა სააქციო საზოგადოება “ენისელში” კონიაკის შესაძენად. აღნიშნული თანხა გ. ჯ-მა არ შეიტანა ბანკის სალაროში და ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, შპს “მათას” სახელით, უკანონოდ, ფირმის არაკუთვნილი თანხა _ 7854002330 კუპონი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან გადარიცხა სს “ენისელის” ანგარიშზე. შ. ტ-ზე კი გ. ჯ-ს სახელით გასცა კონიაკის მისაღებად ყალბი მინდობილობა. ამ უკანონო ოპერაციით გ. ჯ-მა მიითვისა ბანკის კუთვნილი 7854002380 კუპონი, ანუ 7854 ლარი.

გ. ჯ. სხვისი ქონების მითვისების მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს “ნიკას” პრეზიდენტ გ. ჩ-ს, რომლის ფირმასაც ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი ჰქონდა “საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილებაში.

მათ განიზრახეს ყალბი საბუთებით “საქართველოს ბანკის” ნაძალადევის განყოფილებიდან კრედიტის მიღება და მითვისება. ამ მიზნით 1994 წ. 27 ივლისის თარიღით შეადგინეს ყალბი ხელშეკრულება შპს “კორდსა” და შპს “ნიკას” შორის, რომლის მიხედვით “ნიკა” თითქოს “კორდს” 3410000000 კუპონის ღირებულების 250 ტონა ღვინოს მიაწვდიდა. ამ ყალბ ხელშეკრულებას დაურთეს “კორდის” ყალბი ტექნიკურ-ეკონომიკური გაანგარიშება და ასევე ყალბი ხელშეკრულება შპს “კორდსა” და შპს “მე და შენს” შორის 176200000000 კუპონის ღირებულების ღვინის მიწოდებაზე. ისარგებლეს რა ბანკის ნაძალადევის განყოფილების იმდროინდელი მმართველის _ მ. მ-ს სამსახურებრივი გულგრილობით, შპს “კორდის” პრეზიდენტ ჯ. გ-ს სახელით 1994 წ. 25 აგვისტოს ბანკთან გააფორმეს გირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც ყალბად მიუთითეს, რომ “კორდი” ბანკში გირაოდ დებდა 161 მილიარდ 300 მილიონის ღირებულების ზეთის სახდელ მინიქარხანას, დიზელ-გენერატორს და სხვა ქონებას. 1994 წ. 15 სექტემბერს ბანკის ნაძალადევის განყოფილებასთან “კორდის” პრეზიდენტ ჯ. გ-ს სახელით გააფორმეს ¹4 საკრედიტო ხელშეკრულება და მიიღეს კრედიტი 34,1 მილიარდი კუპონის, ანუ 34100 ლარის ოდენობით. ეს თანხა გადმორიცხულ იქნა ბანკის მთაწმინდის განყოფილებაში შპს “ნიკას” ანგარიშზე. 1994 წ. 16-დან 19 სექტემბრამდე პერიოდში გ. ჯ-მა გ. ჩ-თან შეთანხმებით შპს “ნიკას” სახელით მოახდინა ზემოაღნიშნული თანხის ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით მითვისება. შემდგომში, აღნიშნული სესხის დასაფარავად, გ. ჯ-მა “საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილების საკორესპონდენტო ანგარიშიდან ნაძალადევის განყოფილებაში უკანონოდ გადარიცხა 34,1 მილიარდი კუპონი.

მანვე 1995 წ. 12 სექტემბერს ბანკის მომსახურებაში მყოფ შპს “ბაჯის” დრექტორ თ. ქ-ს მოტყუებით, თითქოსდა სესხის სახით გამოართვა ნაღდი ფული _ 12 მილიარდი კუპონი და შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა 16 მილიარდ კუპონს უნაღდო ანგარიშსწორების წესით. იმავე დღეს შპს “მათას” პრეზიდენტ გ. ჯ-ს სახელით შეადგინა ყალბი ხელშეკრულება შპს “ბაჯისთან”, რაც გამოიყენა იმისათვის, რომ ბანკის შიდა საკორესპონდენტო ანგარიშიდან “ბაჯისათვის” გადაერიცხა ბანკის კუთვნილი 16 მილიარდი კუპონი. ამ უკანონო ოპერაციით მან ბანკს მიაყენა 16 ათასი ლარის ზიანი.

გ. ჯ-მა 1995 წ. 18 სექტემბერს უკანონოდ ჩარიცხა ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან 77908000000 კუპონი მოქალაქე ი. მ-ს პირად ანგარიშზე. შემდეგ ისარგებლა რა სალაროს გამგის ლ. მ-ს ნდობით და დაუდევრობით, ეს თანხა მიითვისა.

მანვე 1994-95 წლებში ბანკის მომსახურებაში მყოფი სამხატვრო ფონდის სამშენებლო უბნის ანგარიშსწორების ანგარიშზე ბანკის გარესაკორესპონდენტო ანგარიშიდან უკანონოდ ჩარიცხა 24390067000 კუპონი ქვის კონსტრუქციების დასამზადებლად.

მანვე 1995 წ. 7 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, იმ დროს, როცა აღარ მუშაობდა ამ საბანკო განყოფილების მთავარ ბუღალტრად, მაგრამ ფაქტობრივად ჯერ კიდევ აგრძელებდა თავისი ფუნქციების შესრულებას ბანკში, ისარგებლა სალაროს გამგის _ ლ. მ-ს ნდობითა და დაუდევრობით და სთხოვა სავალუტო სალაროს მოლარე გ. წ-სათვის 15000 ლარის გადაცემა, რათა მას გადაეცვალა შესაბამის ამერიკულ დოლარზე. მან ლ. მ-ს აჩვენა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და დაარწმუნა, რომ ნამდვილად უნდოდა ფულის გადაცვლა. მას შემდეგ, რაც ლ. მ-მ გადათვალა 15000 ლარი გ. წ-სათვის გადასაცემად, გ. ჯ-მა მოტყუებით გამოართვა ეს თანხა, რომ თითქოს წ-ს იგი გადასცემდა, ფაქტობრივად კი ის მიითვისა და მიიმალა.

სულ გ. ჯ-მა უკანონო საბანკო ოპერაციებით “საქართველოს ბანკის” მთაწმინდის განყოფილებიდან მიითვისა 275721 ლარი, ხოლო თაღლითური გზით მიისაკუთრა ბანკის კუთვნილი 49100 ლარი.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ ითხოვა გ. ჯ-ს მიერ მოუხდელი სასჯელის პირობითი მსჯავრით შეცვლა, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა ა. ს-მა და იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ გ. ჯ-ს მიერ მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და ამას ვერც საკასაციო საჩივარი უარყოფს.

საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ გ. ჯ. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედებდა “უფრო მეტი სიკეთის გადასარჩენად, ვიდრე მისგან ხელყოფილი სიკეთეა”, არაფრით დასტურდება.

დადგენილია, რომ გ. ჯ-ს მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და თაღლითობით სხვისი ქონების ხელყოფა მრავალი ეპიზოდისაგან შედგება და ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდებოდა. დანაშაულებრივი ქმედებების ბოლო ეპიზოდის ჩადენის შემდეგ გ. ჯ. მიიმალა და თითქმის ხუთი წლის განმავლობაში იძებნებოდა.

პალატა არ იზიარებს და სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ გ. ჯ-ს დაპატიმრების დროს თითქოს დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა. ბრალდებულ გ. ჯ-ს დაპატიმრების შესახებ პროკურორის მიერ სანქცია გაიცა იმ დროს (1996წ.) მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მაქსიმალურად გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და გ. ჯ-ს დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე ნაკლები, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების არავითარი კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია. ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 8 მაისის განაჩენი გ. ჯ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.