საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 148-დად 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა იმერეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის დ. ს-ს, კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც გაუქმდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის ბ. ტ-ს, 2003წ. 24 იანვრის დადგენილება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მერაბ მარგველაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 დეკემბერს იმერეთის სამხარეო შს მთავარ სამმართველოში შევიდა თ. და გ. მ-ების განცხადება, რომელშიაც მიუთითებდნენ, რომ მათმა შვილმა შპს “მარგვეთის” დირექტორმა, მ. მ-მა, 1998 წელს სამსახურიდან გაათავისუფლა მათი შვილი ე. მ. და უკანონოდ მიისაკუთრა ამ უკანასკნელის წილი.
მოკვლევამ დაადგინა შემდეგი:
მ. მ-მა შეძლო 1998წ. 28 მაისის დამფუძნებელთა კრების ოქმის გაყალბება და ეს ყალბი დოკუმენტი წარადგინა ქუთაისის საოლქო სასამართლოში არსებულ სამოქალაქო საქმეზე დასართვად. მან ამ გზით მოახერხა დამფუძნებელ ე. მ-ის პარტნიორთა რიგებიდან გარიცხვა და ამ უკანასკნელის კუთვნილი 30,45% წილის თვითნებურად მისაკუთრება.
მოკვლევამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ს ქმედება შეიცავს საქართველოს 1960წ. სსკ-ს 213-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ იმის გამო, რომ გასული იყო ხანდაზმულობის ვადა, 2003წ. 24 იანვარს გამოიტანა დადგენილება მ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
მ. მ-ს საჩივრის საფუძველზე ხსენებული დადგენილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 30 მაისს გააუქმა და მასალები დამატებითი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა იმერეთის საოლქო პროკურატურას.
კერძო საკასაციო საჩივრით იმერეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი დ. ს. ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებასა და მოკვლევის, 2003წ. 24 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
საჩივარში მითითებულია, რომ მოკვლევა თ. და გ. მ-ების განცხადების თაობაზე ჩატარდა სრულყოფილად, დადგენილება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, კანონიერია.
სასამართლოს მითითება, რომ დადგენილების გამოტანისას დაირღვა სსსკ-ს 28-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნა, თითქოს მ. მ. წინააღმდეგი იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით გამოტანილიყო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, არასწორია.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა მ. მ-მა კერძო საკასაციო საჩივრს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა მ. ო-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დადგენილებაში მითითებული გარემოებები დამატებით შემოწმებას და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. დამატებითი მოკვლევის დროს უნდა გაირკვეს, იყო თუ არა თანახმა მ. მ. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით გამოტანილიყო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სათანადოდ დაუსაბუთებელია მომკვლევის დადგენილებაც _ 1998წ. 28 მაისს შედგენილი შპს “მარგვეთის” დამფუძნებელთა კრების ოქმის ყალბად მიჩნევის შესახებ. ამ მიმართებით საჭიროა დაკითხულ იქნენ ოქმის შემდგენი პირები, მათ შორის კრების თავმჯდომარე ო. მ. და ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კრების მუშაობაში. მოკვლევის დროს შეფასება უნდა მიეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 8 ოქტომბრის დადგენილება ე. მ-ს შპს “მარგვეთის” დამფუძნებელ პარტნიორთა სიიდან გარიცხვის შესახებ.
პალატა თვლის, რომ მოკვლევა უნდა ჩატარდეს სრულად, ობიექტურად და ყოველმხრივ საქართველოს სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მოპოვებულ მასალებზე მიღებული უნდა იქნეს ობიექტური და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დადგენილება, რომლითაც გაუქმდა იმერეთის შს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის, ბ. ტ-ს, 2003წ. 24 იანვრის დადგენილება მ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, დარჩეს უცვლელად.