საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 84-კოლ 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ს დამცველების _ ზ. რ-სა და კ. ც-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენის მიხედვით ი. მ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, ხულიგნობის ჩადენისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, ე.ი. ქმედებისათვის, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას, რაც მან ჩაიდინა ძალადობითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: განსასჯელმა ი. მ-მა 2002წ. 28 მაისის ღამეს, დაახლოებით 00.30 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე, მისი კუთვნილი ,,მაკაროვის’’ სისტემის ,,ბაიკალ-442” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, რაც გამოიხატა მასში, რომ გამოეკიდა მისთვის უცნობ ქალს, გამოაღო აღნიშნულ ადგილზე მდგომი მიკროავტობუსის კარები, რომელშიც იმყოფებოდნენ შ.პ.ს. სტუდია ,,მაესტროს” თანამშრომლები და უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. ავტომანქანიდან ძალით გამოიყვანა ი. ბ., დაუმიზნა მას სახის არეში პისტოლეტი, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოახერხა გაქცევა. მიკროავტობუსიდან გადმოსულ ზ. ჩ-ს, რომელიც ი. ე-თან ერთად ცდილობდა მისი ხულიგნური ქმედების აღკვეთას, ასევე დაუმიზნა პისტოლეტი და ურთიერთ ჭიდილისას მოახდინა გასროლა, რის შედეგად ტყვიამ მარცხენა ყურთან გაუარა დაზარალებულს. შემდგომ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა ზ. ჩ-ს იმავე ყურისა და მხრის არეში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. შემდეგ იარაღით ხელში დასდევდა მიკროავტობუსის გარშემო ზ. ჩ-სა და ი. ე-ს, რომლებიც მას ემალებოდნენ ხიფათის თავიდან ასარიდებლად. აწარმოებდა პისტოლეტიდან გასროლებს, იგინებოდა, რითაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა მყუდროება, გამოხატა აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, ე.ი. ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ ი. მ-ს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 2 წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. მ-ს დამცველებმა ზ. რ-მა და კ. ც-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ი. მ-ის მიმართ სიხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ შემოსულა.
საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულმა ი. მ-მა და მისმა ადვოკატებმა ზ. რ-მა და კ. ც-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
პროკურორი ა. ს. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ი. მ-ს დამცველები საკასაციო საჩივარში თავის მოთხოვნას იმით ასაბუთებენ, რომ მსჯავრდებული კი არ დაესხა თავს დაზარალებულებს _ სტუდია ,,მაესტროს” თანამშრომლებს, არამედ პირიქით, ეს უკანასკნელები დაესხნენ მას თავს, სცემდნენ და ცდილობდნენ წაერთმიათ ცეცხლსასროლი იარაღი, რაც გააკეთეს კიდეც. აღნიშნულის გამო, ი. მ. იძულებული გახდა ამ იარაღიდან გაეკეთებინა გამაფრთხილებელი გასროლები მათ შესაშინებლად. მაშასადამე, მათი დასკვნით, ი. მ-ს არ ჰქონია ხულიგნობის ჩადენის განზრახვა, არამედ მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ე.ი. მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლისა, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო საქმე მის მიმართ უნდა შეწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის ასეთ პოზიციას, რადგან იგი არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, აგრეთვე, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უდავოდ არის დადგენილი ი. მ-ს მოქმედების ის მოტივები, რომლებმაც მას ხულიგნობის ჩადენისაკენ უბიძგეს, მის მიერ გამოყენებული იყო ძალადობა და ცეცხლსასროლი იარაღი სტუდია ,,მაესტროს” თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თავი დაეცვათ, კერძოდ, მათ ერთობლივი ძალისხმევით აღკვეთეს მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რა დროსაც მას ჩამოართვეს ცეცხლსასროლი იარაღი და გადასცეს პოლიციას.
საქმეში მსჯავრდებულ ი. მ-ს ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, პალატის აზრით, საკმარისზე მეტია მაშინ, როდესაც არც საქმეში მოიპოვება და ვერც დაცვა ასახელებს მიზეზებს, რომელთა გამო სტუდია ,,მაესტროს” თანამშრომლები შეიძლება თავს დასხმოდნენ ი. მ-ს. დაცვა ვერც იმას ასაბუთებს მომხდარი ფაქტის მოკვლევისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მასში, რომ უდანაშაულო პოლიციის თანაშრომელს უსაფუძვლოდ დადებოდა ბრალი, რაზედაც საჩივარში მიუთითებენ, მაშინ, როცა არავითარი წანამძღვარი არ არსებობდა ასეთი დაინტერესებისათვის. საქმეში ასევე არც სხვა რაიმე საფუძველი მოიპოვება საიმისოდ, რომ მსჯავრდებული ი. მ. მის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამართლდეს.
აღნიშნული გარემოებების გამო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. მჭედლიშვილის მიმართ არის საფუძვლიანი და დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. მ-ს დამცველების ზ. რ-სა და კ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ი. მ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.