საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 177-აპ 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის განაჩენით ლ. ხ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ქურდობისათვის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვისათვის.
განაჩენის მიხედვით ლ. ხ-ს აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მან 2002წ. 5 აპრილს, საღამოს საათებში, სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, რომელიც ასევე მსჯავრდებულია ამ დანაშაულისათვის, საცხოვრებელი სახლის სარკმლიდან უკანონოდ შეაღწია ქ. ფოთში, ... მდებარე მოქალაქე ვ. ნ-ს ბინაში, სადაც იგი ფარულად დაეუფლა მოძრავ ნივთებს მათი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. თავის თანამზრახველთან ერთად სულ გაიტაცა 765 ლარად ღირებული მატერიალური ფასეულობა, რომელიც იმავე ღამეს სატვირთო ავტომანქანით გადაზიდა თავისი საცხოვრებლი ბინის სარდაფში.
მანვე 2002წ. 5 ოქტომბერს ქ. ფოთში, 9 აპრილის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოვა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელიც მან ნებაყობლობით არ ჩააბარა სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაიდო ჯიბეში და უკანონოდ შეინახა.
2002წ. 6 ოქტომბერს იგი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა ქ. ფოთში, 9 აპრილის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პირადი ჩხრეკით მისგან ამოღებულ იქნა 5,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა.
აღნიშნული დანაშაულისათვის ფოთის საქალაქო სასამართლომ ლ. ხ-ს სასჯელის ზომად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომელიც ჩაუთვალა პირობით, თანახმად საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლებისა, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 4 წელი.
ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის პროკურორის თანაშემწე კ. ს-მ, რომელმაც მსუბუქად მიიჩნია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული ღონისძიება და საჩივრით მოითხოვა მის მიმართ რეალური სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიერ დანიშნული ვადით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა და 2003წ. 15 აპრილის განაჩენით დააკმაყოფილა იგი, კერძოდ: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 ნოემბრის განაჩენში შეიტანა მსჯავრებულ ლ. ხ-სათვის საუარესო ცვლილება _ პირობითი მსჯავრი შეუცვალა თავისუფლების აღკვეთით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით, დანიშნული სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულმა ლ. ხ-მ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მისთვის სასიკეთო ცვლილების შეტანას, კერძოდ: მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, არის ზედმეტად მკაცრი, ამიტომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი, როგორც ეს დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულ ხ-ს დამცველმა მ. ბ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას. პროცესში მონაწილე პროკურორმა ბ. გ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ. ხ-ს მდგომარეობის დასამძიმებლად გამოყენებულ არგუმენტს, რომლის მიხედვით ლ. ხ. წინათ არის რა ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რამაც ასახვა არ ჰპოვა გასაჩივრებულ განაჩენში, ხოლო წინასწარი გამოძიების მიერ მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ქმედებას მიცემული აქვს არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია და ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტში მითითებული მაკვალიფიცირებელი გარემოების (იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) გაუთვალისწინებლად, მისი ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულ ლ. ხ-ს წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რითვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც, მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენამდე, გასულია ერთ თანახმად საქართველოს სსკ-ს 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით წელზე მეტი ვადა, ე.ი. ნასამართლობა უკვე გაქარწყლებული იყო, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარი გამოძიების მიერ სწორად იყო დაკვალიფიცირებული ლ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე საფუძვლიანად არ მიიღო მხედველობაში სასჯელის განაზღვრისას ლ.ხ-ს მიერ წინათ ჩადენილი დანაშაული, რადგან ნასამართლობა ამ დანაშაულისათვის უკვე გაქარწყლებული იყო ახალი დანაშაულის ჩადენისას და ამიტომ ეს უკანასკნელი რეციდივად ვერ ჩაითვლებოდა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გამოიტანა კერძო განჩინება წინასწარი გამოძიების მიმართ ამ უკანასკნელის მიერ ლ. ხ-ს ქმედების კვალიფიკაციისას დაშვებული დარღვევის მოტივით, რადგან ასეთი დარღვევა სინამდვილეში არ არსებობს.
პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულ ლ. ხ-ს მიმართ საუარესო ცვლილების შეტანას იმ მოტივით, რომ განაჩენის დადგენისას და პირობითი მსჯავრის გამოყენებისას სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულთა სიმძიმე ფორმალურად განსაზღვრა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციამ და სასჯელის ზომამ, რასაც კანონი ამ ქმედებისათვის ითვალისწინებს, სხვა მხრივ კი ლ. ხ-ს ქმედებას არ მოჰყოლია მძიმე შედეგები, ამასთან, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 5,6 გრამი “მარიხუანა”, მისი ოდენობის გათვალისწინებით, სოციალურად არ წარმოადგენს მომეტებულ საფრთხეს, მით უმეტეს, რომ ეს არის ნაპოვნი და არ ყოფილა განკუთვნილი გასაღებისათვის, რის გამოც სასამართლოს უფლება ჰქონდა ჩაეთვალა, რომ მსჯავრდებულს არ გააჩნდა დამამძიმებელი გარემოებები.
გარდა აღნიშნული გარემოებებისა, პალატას მიაჩნია: იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ხ. საქმის წარმოების ყველა ეტაპზე აღიარებდა და გულწრფელად ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო დანაშაულის გამოძიებას და რომ ის არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი ვერ ჩაითვლება უსამართლო და გაუმართლებლად მსუბუქ ღონისძიებად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 15 აპრილის განაჩენში უნდა
შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ლ. ხ-ს სასარგებლოდ, ხოლო ამავე სასამართლოს მიერ წინასწარი გამოძიების ორგანოების მიმართ, რომლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ბრალდების საქმეზე, გამოტანილი კერძო განჩინება უნდა გაუქმდეს, როგორც უსაფუძვლო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით _ ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი.
მსჯავრდებულ ლ. ხ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ შინაპატიმობა _ გაუქმდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 15 აპრილს საგამოძიებო ორგანოების მიმართ გამოტანილი კერძო განჩინება გაუქმდეს უსაფუძვლობის გამო.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
პირობით მსჯავრდებულ ლ. ხ-ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.