კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 207-დად 4 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გვენეტაძე
განიხილა ადვოკატ ნ. ნ-ს საკასაციო საჩივარი გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წარდგინება მსჯავრდებულ ბ. ე-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
კიევის რადიანსკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 18 მარტის განაჩენით ბ. ე-ს უკრაინის სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 94-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2002წ. 22 ოქტომბერს იგი სასჯელის მოსახდელად გადმოიყვანეს საქართველოში და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის დადგენილებით კიევის რადიანსკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 18 მარტის განაჩენი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი სსკ-ის 108-ე და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტთან და ბ. ე-ს სასჯელად კვლავ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 23 მაისის განკარგულებით ბ. ე-ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 10 თვე და 4 დღე _ გაუნახევრდა. მას მოსახდელად დარჩა 2 წელი, 11 თვე და 2 დღე.
2003წ. 28 ივლისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებამ წარდგინებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასჯელის მოხდისაგან ბ. ე-ს პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ. სასამართლომ 2003წ. 5 აგვისტოს წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით; რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული _ განზრახ მკვლელობა.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ნ. ითხოვს ბ. ე-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ სასამართლოს დადგენილება არის დაუსაბუთებელი. ის გარემოება, რომ ბ. ე. მსჯავრდებულია განზრახ მკვლელობისათვის, არ იყო მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი. ბ. ე-ს სასჯელაღსრულების დაწესებულება ახასიათებს დადებითად. მას რეჟიმის დარღვევა არა აქვს, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ნ-მ მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-მ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს დადგენილება ბ. ე-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და სასამართლო დადგენილების კანონიერება, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს დადგენილება ბ. ე-ს მიმართ უნდა შეიცვალოს შემდეგი გარემოებების გამო:
ბ. ე. სასჯელს იხდის 1995წ. 27 მარტიდან. მან სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2003წ. 18 ივლისს და ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს 2 წელსა და 6 თვეზე ნაკლები.
სასჯელაღსრულების დაწესებულება ბ. -ს ახასიათებს დადებითად. სასჯელის მოხდის პერიოდში მას რეჟიმის დარღვევები არა ჰქონია. 2003წ. 4 აპრილს სანიმუშო ყოფაქცევისათვის ადმინისტრაციამ გამოუცხადა მადლობა. ბ. ე-ს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს დადგენილება უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ბ. ე. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კეძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ბ. ე. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.