საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 215-აპ 30 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა თ. გ-ს საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 4 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის განაჩენით თ. გ., მცხოვრები ქ. სოხუმში, ..., აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, დროებით მცხოვრები ქ. აბაშაში, ..., ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით თ. გ. მსჯავრდებულ იქნა შემდეგი ქმედების ჩადენისათვის: თ. გ. 2002წ. 25 აგვისტოს, 18 საათზე, იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშიის გადასასვლელ ხიდთან. მან იქვე შენიშნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფი” და მისი ფოთლებისაგან პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ დაამზადა დაუდგენელი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, შეახვია ქაღალდში და შეინახა შარვლის მარცხენა გარეთა ჯიბეში. იმავე დღეს იგი ქ. ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან ¹601 ზუგდიდი-თბილისი მატარებლის ¹14 ვაგონით გაემგზავრა ქ. სენაკში. მგზავრობის დროს ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” ნაწილი მოიხმარა პირადად, ხოლო ნაწილი _ 5,35 გრამი, შემდგომში პირადი მოხმარების მიზნით, კვლავ შეინახა იმავე ჯიბეში. 2002წ. 26 აგვისტოს, 00.15 საათზე, იგი ხობი-სენაკის რკინიგზის გადასარბენზე სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას ამოუღეს 5,35 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო, რომ თ. გ. პირობით ვადამდე იყო განთავისუფლებული სასჯელის მოხდისაგან, რის გამოც სასამართლოს მიერ 2002წ. 27 აგვისტოს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ იქნა პოლიციის ზედამხედველობა.
ამის შემდეგ თ. გ-მა 2002წ. 31 აგვისტოს, დაახლოებით 04 საათზე, ძალაყინის გამოყენებით შეამტვრია და დააზიანა შპს “ნუკოგოვა ეკრანიას” შენობის ხუთი ალუმინის კარის საკეტები, შეაღწია Eშენობაში, სადაც ჩამოხსნა და ფარულად წასაღებად გაამზადა 30 ლარად ღირებული ორი ცალი ფარდა და 85 ლარად ღირებული ელექტრო და ტელეფონის კაბელები, მაგრამ ვერ შეძლო მათი წაღება, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. თ. გ-მა შპს “ნუკოგოვა ეკრანიას” მიაყენა 400 ლარის ზიანი.
მსჯავრდებული თ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
პროკურორი ა. ს. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა მას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ა. ს-ს, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ თ. გ. დამნაშავედ ცნო სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. სასჯელის დანიშვნისას სააპელაციო პალატამ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით ცალ-ცალკე დაუნიშნა სასჯელები. კერძოდ: 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით შეუფარდა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით შეუფარდა 6 წლით, შვიდი თვითა და თხუთმეტი დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სააპელაციო პალატამ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეკრიბა და განუსაზღვრა 6 წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაუნიშნა სასჯელი თ. გ-ს ერთი და იგივე ქმედებისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის ერთი და იმავე მუხლის სხვადასხვა ნაწილებით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს გამოიყენება მხოლოდ დანაშაულთა რეალური ერთობლიობისას, ხოლო დანაშაულთა იდეალური ერთობლიობის დროს, როდესაც ერთი ქმედებით განხორციელდა სსკ-ით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულთა შემადგენლობა, ამ ერთი ქმედების კვალიფიკაცია ხდება სსკ-ით გათვალისწინებული ყოველი შესაბამისი ნორმით, ხოლო სასჯელი განსასჯელს დაენიშნება არა თითოეული ნორმის შესაბამისად, არამედ მხოლოდ ერთი ნორმით, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. გ-ს ქმედება სწორად იქნა კვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, მაგრამ მას უნდა დანიშვოდა ერთი სასჯელი. სააპელაციო პალატას ასეთ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელთა დანიშვნის წესი. ამდენად,Pპალატა თვლის, რომ თ. გ-ს სასჯელი უნდა განესაზღვროს მხოლოდ 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით. Pპალტა მხედველობაში იღებს თ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს, ასევე იმ გარემოებას, რომ მას ჩადენილი აქვს ქურდობის მცდელობა, ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ნივთები, რომლის მოპარვასაც ის აპირებდა, კერძოდ, ფარდები და რამდენიმე მეტრი დახვეული კაბელი, დაუბრუნდა მფლობელს და მიაჩნია, რომ ამ ქმედებისათვის შეფარდებული სასჯელი _ 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა _ მკაცრია და იგი უნდა შემცირდეს 4 წლამდე. Pპალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ თ. გ-სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად და 72-ე მუხლის გათვალისწინებით, თ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის ,,დ,, ქვეპუნქტით, 562-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივლისის განაჩენი თ. გ-ს მიმართ შეიცვალოს მის სასიკეთოდ. თ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელი 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შემცირდეს ორი წლით და თ. გ-ს, საბოლოოდ, შეეფარდოს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.