საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 217-აპ 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,გ. ბორჩხაძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განაჩენით გ. ხ-ს, სსკ-ს 24-ე, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 1 წლით, ხოლო სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 59-ე მუხლის თანახმად მას საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ხ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ. ხ-ს მსჯავრი დაედო მოხელისათვის ქრთამის მიცემის წაქეზებისა და თაღლითობისათვის, ე.ი. არაერთგზის სხვისი ნივთის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის.
განაჩენის მიხედვით დანაშაულები ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:
შ. ც-მა და ე. დ-მა, იყვნენ რა უმუშევრები, მათივე მეგობარ ა. მ-ს მეშვეობით გაიცნეს შრომითი მოწყობისა და დასაქმების ბიუროს უფროსი _ გ. ხ., რომელიც დაჰპირდა მათ, რომ დაეხმარებოდა ვეტერინარულ დეპარტამენტში ვეტექიმის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებაში, მაგრამ აღნიშნულ თანამდებობაზე მათ დასანიშნად ვეტდეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის ქრთამის სახით უნდა გადაეცა გარკვეული თანხა, რაზედაც შ. ცაკაშვილი და ე. დაუშვილი დათანხმდნენ.
შ. ცაკაშვილისა და ე. დაუშვილის დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად უგვარებდა ქრთამის მიცემით მათი სამსახურის დაწყების საკითხს, რამდენჯერმე მიიყვანა ისინი ვეტდეპარტამენტის შენობაში, სადაც თვითონ დამოუკიდებლად შედიოდა აღნიშნული დეპარტამენტის სხვადასხვა თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში, საიდანაც გამოსული აიმედებდა, რომ მათი სამუშაოზე მოწყობის საკითხი დადებითად წყდებოდა. ამ ხერხით გ. ხ-მა დაიყოლია შ. ც. და ე. დ. ვეტდეპარტამენტის თავმჯდომარის ლ. რ-სა და სამსახურის უფროსის კ. ო-სათვის ქრთამის მიცემაში. აღნიშნულის გამო გ. ხ-მა შ. ც-ს 2002წ. 21 ივლისიდან 28 ივლისამდე პერიოდში ზემოაღნიშნულ პირებზე ქრთამის სახით მისაცემად გამოართვა 1000 აშშ დოლარი, ხოლო ე. დ-ს 2002წ. 7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით _ 1200 აშშ დოლარი. რაც ვეტერინარული დეპარტამენტის თანამდებობის პირებისათვის არ გადაუცია. აღნიშნულ თანხას იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რითაც შ. ც-სა და ე. დ-ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საჩივარში იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, აღნიშნავს, რომ კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობლები.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ხ-მა მოინანია დანაშაული, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
დაზარალებულმა შ. ც-მა და ე. დ-მა მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი გ. ხ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენი გ. ხორგუაშვილის მიმართ უნდა შეიცვალოს. განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ს 24-ე, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ხ-ს მიმართ უნდა შეწყდეს. დანარჩენ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ გ. ხ-მა შ. ც-ს და ე. დ-ს ნამდვილად მოსთხოვა 1000 და 1200 დოლარი ვეტდეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებზე გადასაცემად და ამ სამსახურში მათი ვეტექიმის თანამდებობაზე დასანიშნად. დადგენილია ისიც, რომ გ. ხ-ს ე. დ-სა და შ. ც-საგან მიღებული თანხები ვეტდეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის არ გადაუცია და იგი თვითონ მიითვისა.
გ. ხ. არ უარყოფს, რომ თანხის გადაცემას არავისზე არ აპირებდა, მას ასეთი მიზანი არ ჰქონია და სურდა, მოტყუებით დაზარალებულებისაგან მიეღო გამორჩენა, რაც მის მიერ განხორციელებულ იქნა. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ გ. ხ-ს დაზარალებულთა ფულის დაუფლებისას არ ჰქონია თანამდებობის პირებზე ქრთამის მიცემის განზრახვა. მან, მართალია, დაარწმუნა დაზარალებულები, რომ თანხა საჭირო იყო ქრთამის მისაცემად, რის გარეშეც შეუძლებელი იყო მათი სამსახურში მოწყობა, მაგრამ აღნიშნული მან გამოიყენა მხოლოდ ფულის მისაკუთრების ხერხად. აქედან გამომდინარე, მის ქმედებაში არ არის სსკ-ს 24-ე, 339-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა _ ქრთამის წაქეზება.
პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ს 24-ე, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ხ-ს მიმართ უნდა შეწყდეს. მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და სასჯელიც _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეტისმეტად მკაცრად და აშკარად უსამართლოდ. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, Aაგრეთვე ისიც, რომ მას დაზარალებულისათვის ზიანი არა აქვს ანაზღაურებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენი გ. ხ-ს მიმართ შეიცვალოს. განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ს 24-ე, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ხ-ს მიმართ შეწყდეს.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.