საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 87-კოლ 4 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 მაისის განაჩენზე, რომლითაც: ლ. ს. გამართლდა საქართველოს სსკ-ს 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ხოლო 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან ამ მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ამავე საქმეზე მსჯავრდებულნი არიან: ე. ბ., ე. ზ., ა. კ.. ისინი განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებენ.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილია შემდეგი: მსჯავრდებული ლ. ს. 1991 წლიდან მუშაობდა შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საპენსიო განყოფილების უფროსად და იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.
ლ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ლ. ს. ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. იგი მიუთითებს, რომ მას გულგრილობა არ ჩაუდენია. ამის შესახებ არც განაჩენშია მითითებული, რომელიც მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ ლ. ს-მა ჩაიდინა გულგრილობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. განაჩენში არ არის მითითებული, თუU რაში გამოიხატა მისი გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, ასევე არ არის მითითებული, თუU რაში გამოიხატა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, მით უმეტეს, განაჩენში არაფერია ნათქვამი, თუU რა უნდა გაეკეთებინა ლ. ს-ს და რა არ გააკეთა, ან რომელი ინსტრუქციის ან დებულების მოთხოვნები დაარღვია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ლ. ს-ს ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო კოლეგიას აუცილებლად უნდა შეეწყვიტა საქმე, თუნდაც მიეჩნია, რომ მას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რადგან საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმე წყდება, როდესაც გამოვლინდება, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა. ადვოკატმა გ. გ-მ იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, განაჩენის გაუქმებისა და ლ. სუხიაშვილის მიმართ საქმის შეწყვეტის შესახებ, სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მსჯავრდებულმა ლ. ს-მა მხარი დაუჭირა ადვოკატ გ. გ-ს მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-მ მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია სასამართლო კოლეგიის მიერ ლ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ლ. ს-ს მიმართ დადგენილი განაჩენი გაუქმდეს და საქმე მის მიმართ წარმოებით შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე კოდექსის 498-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი განაჩენის დადგენისას სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა განსასჯელმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება და მის მიერ ჩადენილი ქმედება არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო. ამავე კოდექსის 508-ე მუხლის პირველი ნაწილის შეასაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილდ ცნო. ამასთან, მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ლ. ს-ს მიმართ განაჩენის დადგენისას სასამართლო კოლეგიამ არ შეასრულა საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ: განაჩენში არ არის მითითებული, თუ რა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ლ. ს-მა და რა შედეგი მოჰყვა მის მიერ ჩადენილ ქმედებას.
პალატა აღნიშნავს: სასამართლო კოლეგიამ მხოლოდ ზოგადად აღნიშნა, რომ ლ. ს-მა ჩაიდინა გულგრილობა, მაგრამ კონკრეტულად,U რაში გამოიხატა მის მიერ გულგრილობის ჩადენა და რა შედეგი მოჰყვა, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადგენილი ლ. ს-ს მიერ გულგრილობის ჩადენის ფაქტი, მის დასადასტურებლად არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი საბუთი, რის გამოც მის მიმართ დადგენილი განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “ბ” პუნქტით, 568-ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 მაისის განაჩენი ლ. ს-ს მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ლ. ს-ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ს 219-228-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.