საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 02.10.2003
საქმის ნომერი
2კ-93კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 93-კოლ 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ადვოკატ ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 ივლისის განაჩენით გ. ტ-ს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, სსკ-ს 109-ე მუხლის “დ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით _ 18 წლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით. სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ მოსახდელად შეეფარდა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენით გ. ტ-ს მსჯავრი დაედო შემდეგში:

2002წ. 15 დეკემბერს, მთვრალმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქ. რუსთავში, ... ბინაში ნაჯახის სამჯერ დარტყმით ჩაიდინა ა. მ-ს განზრახ მკვლელობა, რის შემდეგ ჩადენილი მკვლელობის დაფარვის მიზნით, არაერთგზის, ნაჯახის დარტყმით ჩაიდინა ამ ბინაში მყოფი მძიმე ავადმყოფის _ უმწეო მდგომარეობაში მყოფის _ ა. მ-ს დის _ ვ. ზ-ს მკვლელობა. მკვლელობის შემდეგ გ. ტ-მა ბინიდან გაიტაცა 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. რ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და გ. ტ--ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულს მკვლელობები არ ჩაუდენია, მან თავის თავზე აიღო მამის _ ც. ტ-ს მიერ ჩადენილი მკვლელობები. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები გ. ტ-ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ზ. რ-მა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ა-მა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

დაზარალებული ა. მ. ეთანხმება ადვოკატ მ. ა-ს მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა. ს-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი გ. ტ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს გ. ტ-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უკანონოდ არის მსჯავრდებული. ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის.

წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში მსჯავრდებულმა გ. ტ-მა აღიარა ა. მ-სა და ვ. ზ-ს მკვლელობები.

მანვე მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო დანაშაულის იარაღი, ნაჯახი, რომელიც ამოღებულ და ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად.

მოწმეების კ. მ-ს, თ. ყ-ს ჩვენებებით უდავოდაა დადგენილი შემთხვევის დღეს გ. ტ-ს ა. მ-თან ყოფნის ფაქტი.

სასამართლო _ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჯახსა და მსჯავრდებულის პერანგზე აღმოჩენილი სისხლი, შემადგენლობით და კატეგორიით დაემთხვა გარდაცვლილების ა. მ-სა და ვ. ზ-ს სისხლს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით ვ. ზ-ს და ა. მ-ს სიკვდილის მიზეზია თავის ტვინში სისხლჩაქცევები, კეფის ძვლის მოტეხილობები, რაც გამოწვეული იყო მკვრივი, ბლაგი, მჩეხავი საგნის მოქმედებით.

საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ ვ. ზ. დაავადებული იყო ავთვისებიანი სიმსივნით, შემთხვევის მომენტში იყო ლოგინად ჩავარდნილი და, ამდენად, იყო უმწეო მდგომარეობაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გ. ტ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

საქმის მასალებით დადგენილია ასევე მსჯავრდებულის მიერ ა. მ-ს ოჯახიდან 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონის ფარულად გატაცებაც და ამ ნაწილშიც მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მსჯავრდებულის ჩვენება, რომ თითქოს მკვლელობები ჩაიდინა არა მან, არამედ მისმა მამამ _ ც. ტ-მა, სასამართლომ სავსებით სწორად არ გაიზიარა უსაფუძვლობის და იმის გამოც, რომ სასამართლო გამოძიებისას მსჯავრდებული მოგონილი ვერსიით შეეცადა პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი გ. ტ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში. ვინაიდან, გ. ტ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა არაერთგზის, უმწეო მდგომარებაში მყოფის მიმართ და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის ,,დ”, “ლ”, “ო” ქვეპუნქტებით. რაც შეეხება სსკ-ს 108-ე მუხლს და ამ მუხლით მისთვის შეფარდებულ სასჯელს, იგი განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან სსკ-ს 109-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტი _ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის, მოიცავს სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ს 109-ე მუხლის ,,დ”, “ლ,” ,,ო” ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთამ _ უნდა შთანთქას სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 წელი _ და გ. ტ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 8 ივლისის განაჩენი გ. ტ-ს მიმართ შეიცვალოს:

განაჩენიდან ამოირიცხოს სსკ-ს 108-ე მუხლი და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გ. ტ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს სსკ-ს 109-ე მუხლის ,,დ”, “ლ” და “ო” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.