კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 02.10.2003
საქმის ნომერი
2კ-154დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 154-დად 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ა. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 თებერვლისა და ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ცხადაძის 2003წ. 9 იანვრის დადგენილებებზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 2 მაისს იმერეთის სამხარეო პროკურატურიდან ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში შევიდა მასალები შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ბრენდის სპირტის უკანონო რეალიზაციისა და ქარხანაში ფალსიფიცირებული ღვინოების დამზადებასთან დაკავშირებით.

2002წ. 16 ივლისს მასალების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

წინასწარი გამოძიებამ გამოარკვია შემდეგი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 22 დეკემბრის დადგენილებით კონიაკის და სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს (ამჟამად შპს “საქარის მარანი”) კოლექტივი აღდგენილ იქნა პირვანდელ უფლებებში და მას გადაეცა შპს ღვინისა და კონიაკის დაძველებისა და ჩამოსხმის საწარმოს მიერ მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, მათ შორის _ 95, 733, 96 დეკალიტრი საკონიაკე სპირტი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩაითვალა სახელმწიფოს საკუთრებად. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “საქარის მარანზე” ფაქტობრივად მოხდა 57, 747, 72 დეკალიტრი ბრენდის საკონიაკე სპირტის გადაბარება.

საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ 2002წ. 25 აპრილს ჩატარებული შემოწმებით გამოარკვია, რომ შპს “საქარის მარანში” 57, 747, 72 დლ სპირტი აღარ იყო და ის უკანონოდ იყო რეალიზებული ქარხნის ხელმძღვანელი პირების მიერ. წინასწარმა გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელობამ საკონიაკე სპირტების რეალიზაცია მოახდინა კანონიერად და მათ სახელმწიფო თანხები არ მიუთვისებიათ, გამოძიებით არ დადასტურდა ასევე ქარხანაში ფალსიფიცირებული ღვინოების დამზადების ფაქტი, რის გამოც ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-მ 2003წ. 9 იანვარს საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფალსიფიცირებული ღვინოების დამზადების ფაქტთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მათი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

2003წ. 5 თებერვალს შპს “საქარის მარნის” დირექტორმა თ. ბ-მ საჩივრით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ პროკურორის თანაშემწეს სისხლის სამართლის საქმე უნდა შეეწყვიტა არა სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, არამედ ამავე მუხლის “ა” ქვეპუნქტით. სასამართლომ 2003წ. 18 თებერვალს თ. ბ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

კერძო საკასაციო საჩივრით შპს ღვინისა და კონიაკის დაძველებისა და ჩამოსხმის გენერალური დირექტორი ა. კ. ითხოვს ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-ს 2003წ. 9 იანვრის, ამავე რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის დადგენილებების გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბრუნებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ისე განიხილა თ. ბ-ს საჩივარი, რომ სასამართლო სხდომაზე ის არ მიუწვევიათ და არც შეტყობინება გაუგზავნიათ. წინასწარი გამოძიება პროკურორის თანაშემწე გ. ც-მ ჩაატარა ზერელედ. მან სრულყოფილად არ გამოიკვლია შპს “საქარის მარნის” წესდების და სასამართლოში მისი რეგისტრაციის კანონიერება, შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელი პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი საკონიაკე სპირტის უკანონოდ რეალიზაციისა და თანხების მითვისების ფაქტები და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.

პალატის სხდომაზე ა. კ-მ და მისმა ინეტერსების დამცველმა, ადვოკატმა რ. ლ-მ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

დაინტერესებულმა პირმა, შპს “საქარის მარნის” დირექტორმა თ. ბ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჯ-მა მოითხოვეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის დადგენილების უცვლელად დატოვება.

ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-მ პალატას მოახსენა, რომ წინასწარი გამოძიება მან ჩაატარა სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მან კონტროლის პალატის შემოწმების აქტით, საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა მოპოვებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელთა მხრიდან სპირტის და საკონიაკე მასალის დატაცებას, ფალსიფიცირებული ღვინოების დამზადებას ადგილი არ ჰქონია, ამიტომ მის მიერ კანონიერად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და პალატის წინაშე შუამდგომლობს, რომ მისი 2003წ. 9 იანვრის დადგენილება დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია ,თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 თებერვლის და ამავე რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-ს 2003წ. 9 იანვრის დადგენილებები უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე გამოძიების განახლების მიზნით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგი გარემოებების გამო:

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 16 თებერვალს ისე განიხილა შპს “საქარის მარნის” დირექტორ თ. ბ-ს საჩივარი ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-ს 2003წ. 9 იანვრის დადგენილებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე დაინტერესებული პირი _ შპს “ღვინისა და კონიაკის დაძველების და ჩამოსხმის” გენერალური დირექტორი ა. კ. არ მოუწვევია და არც შეტყობინება გაუგზავნია.

პალატა თვლის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია დაინტერესებული პირის _ ა. კ-ს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები საჩივრის განხილვაში მისი მონაწილეობის შესახებ.

პალატა ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ წინასწარი გამოძიების დროს სრულად და ყოველმხრივ არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. წინასწარმა გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელობამ 57,742,72 დეკალიტრი საკონიაკე მასალის რეალიზაცია მოახდინა კანონიერად და მათ მიერ სახელმწიფო თანხების მითვისებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ძირითადად საფუძვლად დაუდო საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აშკარად არასრულყოფილია. როგორც დასკვნიდან ირკვევა, ექსპერტ-ბუღალტერმა ზ. ხ-მ გამომძიებლის მიერ დასმული ოთხ შეკითხვიდან სამზე: სესხის სახით რა თანხა მიიღო შპს “საქარის მარანმა” საკონიაკე სპირტის შენახვისათვის, აქედან რამდენი ჩაერიცხა ღვინის მრეწველობის ზესტაფონის გაერთიანებას, როგორ მოხდა სპირტის რეალიზაციით მიღებული თანხის ხარჯვა, რამდენი იქნა შეტანილი სახელმწიფო ბიუჯეტში, _ პასუხი ვერ გასცა, ვინაიდან გამოძიებას ექსპერტიზაზე არ წარუდგენია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა დადგინდეს: რამდენად კანონიერად მოახდინა სახელმწიფოს კუთვნილი საკონიაკე სპირტის რეალიზაცია შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელობამ, რა რაოდენობის თანხა იქნა მიღებული ამ სპირტის რეალიზაციიდან, რაში დაიხარჯა იგი, რა რაოდენობის თანხა იქნა შეტანილი სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ მიზნით საჭიროა წინასწარმა გამოძიებამ მოიპოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩატარდეს დამატებითი ან განმეორებითი საბუღალტრო ექსპერტიზა. დამატებით შემოწმებას მოითხოვს ასევე შპს “საქარის მარანში” ფალსიფიცირებული ღვინოების დამზადების საკითხიც: დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ამ მიმართებით დაუსაბუთებელია. მასში ზოგადად არის აღნიშნული, რომ ასეთს შპს “საქარის მარანში” ადგილი არ ჰქონია, თუმცა რაიმე მტკიცებულებებზე მასში მითითებული არ არის.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დამატებითი გამოძიება უნდა ჩატარდეს საქართველოს სსსკ-ს მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. წინასწარმა გამოძიებამ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ა. კ-ს საჩივარში მითითებული მოტივები. მოპოვებულ მტკიცებულებებს უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ობიექტური და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 თებერვლის დადგენილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს “საქარის მარნის” დირექტორ თ. ბ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული პროკურორის თანაშემწე რ. ც-ს 2003წ. 9 იანვარს დადგენილება შპს “საქარის მარნის” ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფალსიფიცირებული ღვინის დამზადების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების განახლებისათვის გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.