საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 16.10.2003
საქმის ნომერი
2კ-180აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 180-აპ 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ნოემბრის განაჩენში ბ. ხ-სა და სხვათა ბრალდების საქმეზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ნოემბრის განაჩენით ცნობილი არიან დამნაშავედ და მიესაჯათ:

1) ბ. ხ-ს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ სსკ-ს 59-ე მუხლის საფუძველზე მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით ხ-ს შეფარდებული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

2) ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; საბოლოოდ სსკ-ს 59-ე მუხლის საფუძველზე მას განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ა-ს მისჯილი სასჯელი ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა 3 წლით გამოსაცდელი ვადა.

პროკურორის თანაშემწის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 16 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს მითითებული განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ ბ. ხ-ს მითითებული მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, ხოლო ნ. ა-ს _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. ა. განაჩენს საკასაციო წესით არ ასაჩივრებს, მაგრამ საკასაციო პალატა სსსკ-ს 567-ე მუხლის საფუძველზე, სარევიზიო წესით ამოწმებს საქმეს სრული მოცულობით.

განაჩენით ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მათვე ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,სახელდობრ:

2001წ. ნოემბრის თვის დასაწყისში მსჯავრდებული ბ. ხ. და მისი თანასოფლელი ნ. ა. მივიდნენ სოფ.შინდისში, ე.წ. ,,კოშკების” დასახლებაში მდებარე რ. თ-ს სააგარაკო ბინასთან, ბ. ხ-მა ფანჯრის მინის ამოღებით უკანონოდ შეაღწია ბინაში, ნ. ა. კი დარჩა ეზოში სათვალთვალოდ. ისინი ფარულად დაეუფლნენ რ. თ-ს კუთვნილ სხვადასხვა ნივთს, ღირებულს _ 225 ლარად. მოპარული ნივთები მათ შეინახეს მ-ს მიტოვებულ ბინაში სარეალიზაციოდ.

2001წ. ნოემბრის ბოლოს ბ. ხ., ნ. ა. და ამავე საქმეზე მსჯავრდებული რ. თ. (იგი განაჩენს არ ასაჩივრებს) წინასწარ შეთანხმდნენ, გაექურდათ თ. ლ-ს სააგარაკო ბინა. ამ მიზნით მათ შეაღწიეს თ. ლ-ს ბინის ეზოში, ბ. ხ-მა ფანჯრის მინის ამოღების მეშვეობით შეაღწია ბინაში, ნ. ა. და რ. თ. დარჩნენ ეზოში სათვალთვალოდ და მოიპარეს თ. ლ-ს კუთვნილი სხვადასხვა ნივთი _ საერთო ღირებულებით 733 ლარი. მოპარული ნივთები მათ კვლავ შეინახეს მელაძის მიტოვებული ბინის სარდაფში სარეალიზაციოდ.

მოპარული ნივთების ნაწილი წ/გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა.

ბ. ხ-სა და ნ. ა-ს ამ დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ბ. ხ. აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ პროკურორის საჩივრის საფუძველზე ისე დაუნიშნა უფრო მკაცრი სასჯელი, რომ არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები:

მას ჰყავს უსინათლო, პირველი ჯგუფის ინვალიდი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც თავადაა. საჩივარში კასატორი უთითებს იმასაც, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა და მისთვის არასასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო მის (ბ. ხ-ს) დაუსწრებლად, რადგან 2003წ. 20 მარტიდან იმყოფება პატიმრობაში სხვა დანაშაულის გამო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბ. ხ. ითხოვს მის მიმართ კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა თ. ჯ-მ სრულად მიმოიხილა საქმის მასალები, აღნიშნა, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო მეუღლე, ორი არასრულწლოვანი შვილი და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულმა ბ. ხ-მა ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

პროკურორმა ბ. გ-მ ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების _ ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული საქმის მასალებით დადგენილია და მათ ქმედებას სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

ამასთან, პალატა თვლის, რომ ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლი და შეფარდებული სასჯელი შეუმცირდეთ: ბ. ხ-ს _ 2, ხოლო ნ. ა-ს _ 1 წლით შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებული ბ. ხ. წინასწარი გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ყველა სტადიაზე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითხოვს პატიებას, მას ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი _ უსინათლო მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი (15 და 10 წლის ასაკის), რომელთა ერთადერთი მარჩენალი თვითონაა.

ნ. ა-ს მიმართ პალატა ითვალისწინებს იმას, რომ იგი სამართალში პირველადაა და მისი წარსული არაფრითაა შებღალული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ არსებობს საფუძველი, რათა მსჯავრდებულების _ ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ს 560-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განაჩენი ბ. ხ-სა და ნ. ა-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ბ. ხ-სა და ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით განსაზღვრული სასჯელები შეუმცირდეთ: ბ. ხ-ს მისჯილი სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა _ 2 წლით, ხოლო ნ. ა-ს შეფარდებული სასჯელი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ 1 წლით და მოსახდელად დარჩეთ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბ. ხ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული დრო _ 2002წ. 30 ოქტომბრიდან 2002წ. 28 ნოემბრამდე, ხოლო ნ. ა-ს _ 2002წ. 19 სექტემბრიდან 2002წ. 28 ნოემბრამდე.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.