საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 195-აპ 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ კ. ყ-სა და დაზარალებულების: გ. გ-ს, თ. ბ-სა და ლ. ც.-ჩ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განაჩენით კ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და სსკ-ს 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით კ. ყ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: 1993წ. 24 ოქტომბერს კ. ყ. იმყოფებოდა აბაშაში. დაახლოებით 13 საათზე, ავტომატით შეიარაღებული, სხვა პირებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა აბაშაში, ... მცხოვრებ გ. გ-ს ოჯახს და გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი, იმ დროისათვის 3000 აშშ დოლარად ღირებული “ვაზ-2109” მარკის ავტომანქანა. ამის შემდეგ, იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ავტომატით შეიარაღებულ სხვა პირებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა აბაშის რაიონის სოფ.ნორიოში მცხოვრებ ლ. ც.-ჩ-ს ოჯახს და გაიტაცა მისი ოჯახის კუთვნილი, იმ დროისათვის 1700 აშშ დოლარად, ანუ 36655 ლარად ღირებული “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა. იმავე დღეს, დაახლოებით 15 საათზე, შეიარაღებულ სხვა პირებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა აბაშის რაიონის სოფ.ნორიოში მცხოვრებ ა. ბ-ს ოჯახს, საიდანაც გაიტაცა ა. ბ-ს კუთვნილი, იმ დროისათვის 3000 აშშ დოლარად, ანუ 6900 ლარად ღირებული “ვაზ-2106” მარკის ავტომანქანა.
საკასაციო საჩივრით კ. ყ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ე. შ. და ლ. თ. ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და კ. Yყ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ კ. ყ-მ ჩაიდინა დანაშაული.
მსჯავრდებული კ. ყ. მხარს უჭერს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნას.
Dდაზარალებულების: გ. გ-ს, თ. ბ-სა და ლ. ც.-ჩ-ს ინტერესების წარმომადგენელი ადვოკატი მხარს არ უჭერს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარს და საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებას განაჩენის ლმობიერების მოტივით. ადვოკატის მითითებით, კ. ყ-ს პასუხისმგებლობის რაიმე განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი არ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე ხელს უშლიდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. ადვოკატის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 55-ე მუხლი და არასწორად შეუფარდა კ. ყ-ს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი.Kკასატორის მითითებით, საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას.
მსჯავრდებულმა კ. ყ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ე. შ-მ და ლ. თ-მ მხარი არ დაუჭირეს დაზარალებულთა საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ბ. Gგ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა კასატორს, მსჯავრდებულ კ. ყ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ ე. შ-სა და ლ. თ-ს, კასატორს,Dდაზარალებულების: გ. გ-ს, თ. ბ-სა და ლ. ც.-ჩ-ს ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ რ. შ-ს, პროკურორ ბ. გ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, სააპელაციო პალატის განაჩენი ემყარება შემდეგ ძირითად მტკიცებულებებს: დაზარალებულების: გ. გ-ს, ა. ბ-ს და ლ. ც.-ჩ-ს ჩვენებებს, მათ მიერ მსჯავრდებულის ამოცნობის ოქმებს, მოწმე ე. გვაზავას ჩვენებებს, რომელიც პ. ყ-ს ამხელს ჯ. გ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში. სააპელაციო პალატამ კ. ყ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია დაზარალებულ, აწ გარდაცვლილ ა. ბ-ს წინასწარ და პირველი ინსტანციით სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, ასევე მის მიერ კ. ყ-ს ამოცნობა. სააპელაციო პალატამ მისცა რა შეფასება ამ ჩვენებებს და ა. ბ-ს მიერ კ. ყ-ს ამოცნობას, სარწმუნოდ მიიჩნია იგი, ვინაიდან წინასწარი გამოძიებისას ა. ბ-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელთაგან შეეძლო ამოეცნო ორი პირი და მან მართლაც ამოიცნო ისინი: პ. ყ. და მოგვიანებით უკვე _ კ. ყ.. სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია ა. ბ-ს ჩვენებები სარწმუნოდ, სადაც იგი ამხელს კ. -ს დანაშაულის ჩადენაში, რომ არ უმსჯელია და სათანადო შეფასება არ მიუცია იმ ფაქტობრივი გარემოებებისათვის, რაც საქმეში არსებობს და რაც დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენებათა სარწმუნოობას კ. ყ-ს მხილების ნაწილში საეჭვოდ ხდის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996წ. 26 დეკემბერს შს საგამოძიებო დეპარტამენტის აბაშის ქვეგანყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე Dდაზარალებულების: გ. გ-ს, თ. ბ-სა და ლ. ც.-ჩ-ას ოჯახებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დაზარალებულთა ჩვენებებისა და მათ მიერ ეჭვმიტანილ პირთა ამოცნობის საფუძველზე, იმავე წელს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნენ პ. და კ. ყ-ები. Mმიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს თავიანთ პირველსავე ჩვენებებში ამხელდნენ დაზარალებულები ყაჩაღურ თავდასხმაში, ასევე მოწმე ე. გ. კატეგორიულად ამხელდა პ. ყ-ს ყაჩაღობის ჩადენაში, პ. და კ. ყ-ეების მიმართ საქმის წარმოება შეწყდა 1998 წელს, ბრალის დაუდასტურებლობის გამო. აღნიშნული დადგენილება, მართალია, 2001წ. 17 დეკემბერს გააუქმა აბაშის რაიონულმა პროკურორმა, მაგრამ 2001წ. 20 დეკემბერს პ. და კ. ყ-ების მიმართ საქმე შეწყდა ბრალდებულის სახით ყოფნის 24 თვიანი ვადის გასვლის გამო. საქმის მასალების მიხედვით დაზარალებული ა. ბ. თავის ჩვენებებში კ. ყ-ს მხილებას იწყებს 1998 წელს, ე. ი. იმ დროიდან, როცა პ. და კ. ყ-ების მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
ა. ბ. 1995წ. 27 დეკემბერს, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, არაფერს ამბობს კ. ყ-ს კონკრეტული გარეგნული ნიშნების შესახებ. Aამ ჩვენებაში იგი აცხადებს, რომ მისთვის ე. გ-საგან გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო პ. ყ;. რაც შეეხება სახელ “კ-ს”, ამავე ჩვენების მიხედვით უკავშირდება ვინმე კ. ქ-ს, რომელმაც გ. კ-ს შემოუთვალა, რომ მანქანას დაუბრუნებდა, თუ გადაიხდიდა 1000 დოლარს. Aამგვარად, პირველსავე დაკითხვისას ა. ბ- არაფერს ამბობს კ. ყ-ს თაობაზე.
1996წ. 4 იანვარს, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, ა. ბ. აცხადებს, რომ შეუძლია ოთხი თავდამსხმელიდან ორის ნებისმიერ დროს ამოცნობა და აღწერს მათ გარეგნულ ნიშნებს, კერძოდ, ერთზე ამბობს, რომ ჰქონდა ქერა სახე, წაბლისფერი თმები და გრძელი კისერი. Mმეორე კი იყო დაბალი, შავგვრემანი, შავი თმებით. 1996წ. 8 იანვარს ა. ბ-მ თავდამსხმელთაგან კატეგორიულად ამოიცნო პ. ყ.. ა. ბ-მ 1996 წელს, სურათით ჩატარებული ამოცნობისას, ერთ-ერთ თავდამსხმელად ამოიცნო კ. ელბაქიძე, თუმცა მოგვიანებით პიროვნების ამოცნობისას უარყო კ. ე-ს მონაწილეობა თავდასხმაში და მიუთითა, რომ ფოტოსურათით ამოცნობისას, რომელიც ჩატარდა შემთხვევის დღიდან სამიწ. შემდეგ, დაუშვა შეცდომა. 1997წ. 25 თებერვალს დაზარალებული ა. ბ. კვლავ არაფერს ამბობს კ. ყ-ს, როგორც თავდამსხმელის, თაობაზე და ასახელებს სხვა პირებს, რომლებმაც 1992 წელს მოპარული მანქანა დაუბრუნეს. Aა. ბ. 1998წ. აგვისტოში დაწერილ განცხადებაში ასახელებს უკვე კ. ყ-ს და უთითებს მასზე, როგორც ერთ-ერთ თავდამსხმელზე, თუმცა იგი კვლავ არაფერს ამბობს კ. ყ-ს გარეგნულ ნიშნებზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1998 წელს პ. და კ. ყ-ების მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. 2000წ. 5 მარტის ჩვენებაში ა. ბ. ამხელს კ. ყ-ს, ისე, რომ მას იგი არც უნახავს, არც ამოუცვნია და Aარც მისი გარეგნული ნიშნები აღუწერია. 2000წ. 17 ნოემბრის ჩვენებაში ა. ბ. კვლავ კ. ყ-ს ასახელებს ერთ-ერთ თავდამსხმელად, თუმცა არაფერია ნათქვამი შემთხვევიდან შვიდი წლის შემდეგ საიდან აკეთებს იგი დასკვნას იმის შესახებ, რომ იმ ორი თავდამსხმელიდან, რომელთა ამოცნობაც მას შეეძლო, ერთ-ერთი იყო კ. ყ.. ერთადერთი არგუმენტი, რასაც დაზარალებული ამ ჩვენებაში ამბობს, ეს არის ის, რომ პ. და კ. ყ-ებისაგან იცოდა, რომ კ. ყ. იყო მოსკოვში და ჩათვალა, რომ, როგორც ყველა მხედრიონელი, ისიც მოსკოვში იმალებოდა, თუმცა საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კ. ყ. იყო მხედრიონის წევრი. ამდენად, ა. ბ. მის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებში 2001წ. 20 თებერვლამდე არაფერს ამბობს კ. ყ-ს კონკრეტულ გარეგნულ ნიშნებზე, რითაც მას შეეძლო ამოეცნო იგი. Aა. ბ. მხოლოდ 2001წ. 20 თებერვლის დაკითხვის ოქმში უთითებს, რომ კ. ყ. იყო სხვა სამი თავდამსხმელისაგან განსხვავებული და მას ჰქონდა განსხვავებული მოყვანილობის ნიკაპი, ზემოდან ქვემოთ ბუნებრივი ჭრილით, რის გამოც მას კ. ყ-ს დავიწყება არ შეუძლია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2001წ. 17 თებერვალს, ე.ი. ა. ბოკუჩავას დაკითხვამდე, მოწმის სახით დაიკითხა კ. ყ., რომელმაც განაცხადა, რომ საქმის ყოფილ გამომძიებელს დაკითხვამდე შეხვდა და გაესაუბრა, რა დროსაც ყოფილმა გამომძიებელმა უთხრა, რომ ის ადვილი ამოსაცნობია, რადგან მას ნიკაპზე აქვს ბუნებრივი ჩაღრმავებული ზოლი. Kკ. ყ-ს განმარტებით, მას შეეშინდა, რომ გამომძიებელს დაზარალებულისათვის მისი ეს გარეგნული ნიშანი არ ეთქვა. მართლაც, საქმის მასალების მიხედვით ა. ბ., რომელიც მთელი გამოძიების მანძილზე მხოლოდ ორი თავდამსხმელის გარეგნობას აღწერს, სადაც თავდამსხმელი პირის გარეგნობის აღწერისას ამოსაცნობ ნიშნად არსად ასახელებს ჩაღრმავებულ ნიკაპს, 2001წ. 20 თებერვლის დაკითხვის ოქმში, ე.ი შემთხვევიდან ცხრა წლის, ხოლო საქმის გამოძიების დაწყებიდან ხუთიწ. შემდეგ პირველად უთითებს, რომ კ. ყ. იყო სხვა სამი თავდამსხმელისაგან განსხვავებული და მას ჰქონდა განსხვავებული მოყვანილობის ნიკაპი, ზემოდან ქვემოთ ბუნებრივი ჭრილით, რის გამოც მას კ. ყ-ს დავიწყება არ შეუძლია. ამდენად, ა. ბ-ს ჩვენებაში პირველად ჩნდება კ. ყ-ს ის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი, რომელიც დაზარალებულს არ აძლევს შესაძლებლობას, რომ დაავიწყდეს თავდამსხმელის სახე, მაგრამ ამ ნიშნის შესახებ იგი განცხადებას აკეთებს მხოლოდ 2001 წელს, მაშინ, როდესაც 1995 წელს, როცა შემთხვევიდან უფრო ნაკლები დროა გასული, იგი არაფერს ამბობს ასეთ მნიშვნელოვან გარეგნულ ნიშანზე, რომელიც მას პირის გარეგნობის დავიწყების საშუალებას არ აძლევს. Aა. ბ-მ 2001წ. 24 ივლისს ამოიცნო კ. ყ. სახის მოყვანილობით, განსაკუთრებით ნიკაპზე არსებული ბუნებრივი ჭრილით. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულ ა. ბ-ს ჩვენებათა სარწმუნოობას კ. ყ-ს ამოცნობისა და ყაჩაღურ თავდასხმაში მხილების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ კ. ყი-ს ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია ასევე დაზარალებულ გ. გ-ს წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები და მის მიერ კ. ყ-ს ამოცნობა. სააპელაციო პალატამ მისცა რა შეფასება დაზარალებულის ამ ჩვენებებს, იგი სარწმუნოდ მიიჩნია, ვინაიდან დაზარალებული გ. გ. განმარტავდა, რომ მანქანის გატაცებისას ის და კ. ყ. ჯერ ჭიშკართან ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი გარაჟთან თითქმის ნახევარი საათი იყვნენ პირისპირ. სააპელაციო პალატამ ისე ჩათვალა სარწმუნოდ დაზარალებულ გ.გ-ს ჩვენებები, რომ არ უმსჯელია და არ შეუფასებია წინასწარ გამოძიებაში გ. გ-ს მიერ მიცემული ის ჩვენებები, საიდანაც ვერ დგინდება, რომ დანაშაული ჩაიდინა კ. ყ-მ. გ. გ. 1996 წელს, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, არაფერს ამბობს კ. ყ-ს გარეგნული ნიშნების შესახებ, იგი მხოლოდ ორ თავდამსხმელს აღწერს (ერთი ყველაზე მაღალი, მეორე _ შავგვრემანი, ყველაზე დაბალი).Aამ ჩვენებაში იგი ამხელს პ. ყ-ს.
1997წ. 25 თებერვალს, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, გ. გ. აღნიშნავს, რომ დანახვისთანავე ამოიცნო პ. ყ., ამ ჩვენებაში იგი კვლავ არაფერს ამბობს სხვა თავდამსხმელთა გარეგნული ნიშნების ირგვლივ და არც კ. ყ-ს გარეგნულ ნიშნებზე უთითებს რაიმეს. ისევე, როგორც ა. .ბ დაზარალებული გ. გ. 2001წ. 21 თებერვალამდე თავის არც ერთ ჩვენებაში ვერ უთითებს კ. ყ-ს იმ გარეგნულ ნიშანზე, რითაც მან იგი შემთხვევიდან ცხრა წლის შემდეგ, კერძოდ კი 2001წ. 21 თებერვალს, ამოიცნო.
დაზარალებული გ. გ. 2001წ. 21 თებერვალს, შემთხვევიდან ცხრა წლის, ხოლო გამოძიების დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ აცხადებს, რომ მას შემთხვევის დღეს ყველაზე უკეთ დაამახსოვრდა კ. ყ. და აღწერს მის გარეგნულ ნიშნებს. ამოცნობის ჩატარების დაწყებამდე გ. Gგ. უთითებს, რომ კ. ყ-ს ჰქონდა განსხვავებული მოყვანილობის ნიკაპზე ჭრილი და, აქედან გამომდინარე, მიუხედავად დიდი დროის გასვლისა, მას მისი ამოცნობა არ გაუჭირდება. Aამოცნობის ოქმის შესაბამისად გ. გ-მ ამოიცნო კ. ყ.. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულ გ. გ-ს ჩვენებათა სარწმუნოობას კ. ყ-ს ამოცნობისა და ყაჩაღურ თავდასხმაში მხილების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ კ. ყი-ს ბრალეულობის დამადასტურებელ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად მიიჩნია ასევე დაზარალებულ ლ. ც.-ჩ-ს წინასწარ და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები და მის მიერ კ. ყინჩიყიძის ამოცნობა. სააპელაციო პალატამ მისცა რა შეფასება დაზარალებულის ამ ჩვენებებს, იგი სარწმუნოდ მიიჩნია, ვინაიდან დაზარალებულმა ლ. ც-მ წინასწარ გამოძიებასა და სასამართლო სხდომაზე ამოიცნო კ. ყ.. სააპელაციო პალატამ ისე ჩათვალა სარწმუნოდ დაზარალებულ ლ. ც-ს ჩვენებები, რომ არ უმსჯელია და არ შეუფასებია წინასწარ გამოძიებაში ლ. ც-ს მიერ კ. ყ-ს ამოცნობის ფაქტობრივი გარემოებები. ეს კი კ. ყ-ს ამოცნობას არასარწმუნოდ ხდის.
დაზარალებულმა ლ. ც-მ 1996წ. 5 იანვარს, დაზარალებულის სახით დაკითხვისას, განაცხადა, რომ მასთან სახლში შევიდა ორი შეიარაღებული პირი, რომელთა ამოცნობასაც შეძლებდა, ხოლო ორნი ისხდნენ გარეთ, მანქანაში, რომელთა სახეებიც არ დაუნახავს. თავდამსხმელთაგან ორივეს აღწერს, ერთზე ამბობს, რომ იყო მაღალი, სქელი ტანისა, მეორე კი _ უფრო დაბალი, სუსტი. Dდაზარალებული ამ ჩვენებაში კატეგორიულად აცხადებს, რომ ისინი მათი სახის მოყვანილობით შეუძლია ამოიცნოს. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი ეკითხება თავდამსხმელთა კონკრეტულ გარეგნულ ნიშნებზე, დაზარალებული არაფერს ამბობს ნიკაპზე, რომლის ბუნებრივი ჭრილი უკვე 2001 წელს ხდება ერთ-ერთი ძირითადი გარეგნული ნიშანი, რითაც ამოცნობილ იქნა კ. ყ. ლ. ც-ს მიერ. 1996წ. 5 იანვარს ლ. ც-მ კატეგორიულად ამოიცნო კ. ყ., ხოლო იმავე წლის 1996წ. 8 იანვარს კი ასევე კატეგორიულად ამოიცნო პ. ყ.. ფაქტობრივად დაზარალებულმა მიუთითა, რომ შეეძლო ამოეცნო ორი თავდამსხმელი და მან ამოიცნო ორი პიროვნება _ პ. და კ. ყ-ები, რომელთაც ასევე ამხელენ სხვა დაზარალებულები. Lლ. ც. ამ ჩვენებებში არაფერს ამბობს კ. ყ-ს გარეგნული ნიშნების თაობაზე. ისევე, როგორც დაზარალებულები ა. ბ. და გ. გ. 2001წ. 19 ივლისამდე, ლ. ც-ც თავის ვერც ერთ ჩვენებაში ვერ უთითებს კ. ყ-ს იმ გარეგნულ ნიშანზე, რითაც მან იგი შემთხვევიდან ცხრა წლის შემდეგ ამოიცნო. დაზარალებული ლ. ც. 2001წ. 19 ივლისს, შემთხვევიდან ცხრა წლის, ხოლო გამოძიების დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს მის ოჯახს თავს დაესხა ორი პიროვნება, რომელთა ამოცნობაც ნებისმიერ დროს შეუძლია და, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გამოძიებაში მას ორი პიროვნება, კერძოდ, კ. და პ. ყ-ები უკვე ამოცნობილი ჰყავდა, 2001წ. 19 ივლისს ამოიცნო კ. ყ-ც, ისევე, როგორც სხვა დაზარალებულებმა, _ ნიკაპით. ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულ ლ. ც-ს ჩვენებათა სარწმუნოობას კ. ყ-ს ამოცნობისა და ყაჩაღურ თავდასხმაში მხილების ნაწილში. ამდენად, შემთხვევიდან ცხრა წლის შემდეგ დაზარალებულთა მიერ კ. ყ-ს ამოცნობას მისი ისეთი გარეგნული ნიშნის მიხედვით, როგორიცაა ნიკაპი, მას შემდეგ, რაც გამოძიების დაწყებიდან ხუთი წლის განმავლობაში დაზარალებულები თავიანთ ჩვენებებში არაფერს ამბობენ ამ გარეგნული ნიშნის და, საერთოდ, კ. ყ-ს გარეგნული ნიშნების თაობაზე, პალატა ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ.
რაც შეეხება მოწმე ე. გ-ს ჩვენებებს, იგი წინასწარი გამოძიებისას ამხელს მხოლოდ პ. ყ-ს, რომლის მიმართაც საქმე შეწყვეტილია. სხვა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ კ. ყ-მ ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა, საქმეში არ არსებობს. Pპალატა თვლის, რომ სხვა მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა, რომლითაც დადგინდებოდა კ. ყ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა, ამოწურულია. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კ. ყ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემდგომი გაგრძელება ეწინააღმდეგება სისხლის სამართალწარმოების პროცესის გონივრულ ვადაში წარმოებისა და სწრაფად დამთავრების პრინციპს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კ. ყ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 562-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განაჩენი კ. ყ-ს მიმართ და სისხლის სამართლის საქმე კ. ყ-ს მიმართ შეწყდეს წარმოებით. სისხლის სამართლის საქმე დაზარალებულების: გ. გ-ს, თ. ბ-სა და ლ. ც.-ჩ-ს ოჯახებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.