განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 133-აპ 23 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების: ი. მ-ძის და გ. მ-ძის ადვოკატის ზ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის განაჩენზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადვოკატ დ. თ-ს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული ასპინძის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის განაჩენი. აგრეთვე, იმავე ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს კერძო განჩინებაზე, რომლითაც ადიგენის რაიონის პროკურორის წინაშე დაისვა მოწმეების _ მ. ს-ძის და ჯ. ა-შვილის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის განაჩენით ი. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის სსკ-ის მე-17 და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა სამი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე კოდექსის 228-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ორივე მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა განესაზღვრა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ი. და გ. მ-ძეების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე. კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული კერძო განჩინების გაუქმებას მისი უსაფუძვლობის მოტივით.
აღწერერილობითი ნაწილი:
ზემოაღნიშნული განაჩენებით ი. და გ. მ-ძეებს მსჯავრი დაედოთ შემდეგ დანაშაულთა ჩადენაში:
1999 წლის 12 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, ი. მ-ძე იმყოფებოდა რა ნასვამ მდგომარეობაში, თავის მეგობრებთან _ შ. ა-შვილთან და ზ. ბ-შვილთან ერთად შევიდა დაბა ადიგენის გასასვლელში მდებარე ზ. ზ-შვილის ჯიხურ-სასადილოში, სადაც დალიეს ერთი ბოთლი არაყი. ამის შემდეგ შ. ა-შვილი და ზ. ბ-შვილი გამოვიდნენ ჯიხურიდან, ხოლო ი. მ-ძე დარჩა შიგ, ჩაკეტა ჯიხურის კარი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით შეეცადა ზ. ზ-შვილის გაუპატიურებას. ამ მიზნით ჯერ შეეცადა კოცნასა და მოფერებას, შემდეგ წააქცია ზ. ზ-შვილი და შეათრია კუპეში. დაზარალებულმა თავის დაცვის მიზნით ტუჩზე და ყურის ბიბილოზე კბენით, ხოლო შემდეგ მაგიდიდან აღებული ჩანგლის ჩარტყმით დაიხსნა თავი და ი. მ-ძემ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში. ზ. ზ-შვილის ყვირილზე მისულმა შ. ა-შვილმა და ზ. ბ-შვილმა გარედან გახსნეს კარი და ი. მ-ძე გაიყვანეს ჯიხურიდან.
გ. მ-ძემ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ე.ი. განზრახი ქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმით და განსაკუთრებული თავხედობით, რა დროსაც გამოიყენა სპეციალურად მომარჯვებული საგანი, სახელდობრ: 1999 წლის 12 მაისს იგი იმყოფებოდა ადიგენის საკონსერვო ქარხნის ტერიტორიაზე. დაახლოებით 18 საათზე მასთან მივიდა შვილი ი. მ-ძე, რომელსაც სახეზე მოსდიოდა სისხლი. კითხვაზე შვილმა უპასუხა, რომ სცემეს ზ. ზ-შვილის ჯიხურში. გ. მ-ძე მისი მეგობრის _ ნ. ბ-შვილის კუთვნილი ავტომანქანა “ვილისით” დაუყოვნებლივ გაემართა მითითებული ჯიხურისაკენ და მანქანის ცხვირი პირდაპირ დააჯახა ჯიხურს, შემდეგ ე.წ. “მანტიროვკით” გადმოხტა მანქანიდან და აღნიშნული კეტი მოუქნია დაზარალებულს (ზ. ზ-შვილს), მაგრამ მისმა მეგობარმა ჯ. ა-შვილმა გააგდებინა ხელიდან. შემდეგ უცენზურო სიტყვებით აგინა ზ. ზ-შვილს და ფეხი ჩაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში. მისი მოქმედება გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ საათს.
სააპელაციო პალატამ მოწმეების _ ჯ. ა-შვილის და ზ. ს-ძის მიმართ კერძო განჩინება დაადგინა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ საქმის სასამართლო განხილვის დროს შეცვალეს წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, განაჩენის კანონიერება და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული განაჩენი და კერძო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია აშკარად ზერელედ და არასრულყოფილად, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე. უტყუარად დადგენილი არ არის, მოხდა თუ არა დანაშაული, სახელდობრ _ რა დანაშაული და ვინ რა ქმედება ჩაიდინა. მტკიცებულებათა ნაწილი საერთოდ არ არის გამოკვლეული, ხოლო ნაწილი გამოკვლეულია ცალმხრივად, მხოლოდ ბრალდებულთა მამხილებელ ნაწილში. ამასთან, გამოძიების დროს უხეშადაა დარღვეული საპროცესო ნორმები, რამაც საბოლოოდ განაპირობა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის დადგენა.
გამომძიებელს 1999 წლის 18 მაისს გაფორმებული აქვს ოქმი იმის თაობაზე, რომ ზ. ზ-შვილმა პროკურატურაში წარადგინა ნივთმტკიცება _ 80 სმ სიგრძის და 0,6 სმ დიამეტრის მქონე რკინის “ლომი”, რომლითაც გ. მ-ძე ცდილობდა მის დაზიანებას. ზ. ზ-შვილი დაზარალებულის სახით დაიკითხა 19 მაისს. იგი თავისი ხელით დაწერილ ჩვენებაში განმარტავს: “რკინის კეტი ინახება ჩემს ჯიხურში”. ისმება კითხვა _ რკინის “ლომი” (კეტი), რომლითაც გ. მ-ძე ზ. ზ-შვილის დაზიანებას ცდილობდა, თუ 19 მაისამდე დაზარალებულის ჯიხურში იყო, 18 მაისს ამ უკანასკნელმა როგორღა წარუდგინა გამომძიებელს პროკურატურაში. ეს “ლომი” თუ კეტი ამოსაცნობად არ წარდგენია ვინმეს.
ზ. ზ-შვილის ახსნა-განმარტება და დაზარალებულის სახით მისი დაკითხვის ოქმი სიტყვა-სიტყვით, სასვენი ნიშნების ჩათვლით, იდენტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზ. ზ-შვილის დაზარალებულად დაკითხვა გამომძიებელს არ მოუხდენია და ახსნა-განმარტება გადაწერილია დაზარალებულის (უფრო სწორად მოწმის) დაკითხვის ბლანკზე თვით დაზარალებულის მიერ. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ არც ახსნა-განმარტების ჩამორთმევაზე და არც დაკითხვის ოქმზე გამომძიებელი ხელს არ აწერს. სააპელაციო სასამართლოში ზ. ზ-შვილმა აჩვენა, რომ “ახსნა-განმარტება სახლში დავწერეო”. ე.ი. სახეზეა გამოძიების აშკარად გამოხატული ცალმხრივობა და ტენდენციურობა.
1999 წლის 19 მაისს გამომძიებელ შ. ც-ს მიერ გ. მ-ძე ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად, მაგრამ დადგენილებაში მითითებული არ არის, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ეჭვმიტანილი.
დაზარალებულ ზ. ზ-შვილის ჩვენებების მიხედვით გაუპატიურების მცდელობის დროს ი. მ-ძემ მას გაუხია ქვედა კაბა. გარდა ამისა, ი. მ-ძეს უწევდა რა წინააღმდეგობას, უკბინა ყურზე და ტუჩზე. ნაკბენი ადგილებიდან გადმოღვრილი სისხლით დაისვარა როგორც მისი (ზ. ზ-შვილის) ტანსაცმელი, ასევე ჯიხურის იატაკი და ინვენტარი.
20 მაისს მოწმედ დაკითხული გ. ზ-შვილი (ზ-ს დედა) აჩვენებს: “დაახლოებით 18-19 საათზე სახლში მოვიდა ჩემი შვილი ზეინაბი, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში, ტანსაცმელი მტვერში დასვრილი, ნათრევი, გაწეწილი თმებით, თითქოს შეშლილი სახე ჰქონდა”. ჩვენებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ტანსაცმელი გახეული იყო ან მასზე სისხლის ლაქები შეინიშნებოდა.
მოწმე მ. ფ-ძის ჩვენების მიხედვით შემთხვევის შემდეგ ზ. ზ-შვილს ჯიხურის კარი ჩაკეტილი ჰქონდა, პირს იბანდა და თავს იწესრიგებდა. გამოძიებას არ გაურკვევია, ამის შემდეგ დაზარალებული რატომღა მივიდა სახლში მტვერში ამოსვრილი ტანსაცმლით და გაწეწილი თმებით, როგორც ამას მისი დედა აჩვენებს. ამ ორიდან ერთ-ერთი მოწმის ჩვენება ხომ არ არის არაობიექტური და გაზვიადებული.
გამომძიებელს არ დაუთვალიერებია ზ. ზ-შვილის ტანსაცმელი, მათზე არ ჩაუტარებია არც ერთი სახის ექსპერტიზა. მიუხედავად ამისა, დადგენილებით ისინი იცნო ნივთმტკიცებად.
ზ. ზ-შვილის ჩვენებების მიხედვით, ი. მ-ძის მიერ ჩაკეტილი ჯიხურის კარი შეანგრიეს მისაშველებლად მისულმა შ. ა-შვილმა და ზ. ბ-შვილმა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯიხურის კარი იღება გარეთ და არა შიგნით. აქედან გამომდინარე, მიმშველებლები უკეთეს შემთხვევაში გარეთ გამოგლეჯდნენ კარს, მაგრამ გამომძიებელს არ შეუმოწმებია, კარს გარეთა მხრიდან ჰქონდა თუ არა ხელის მოსაკიდი და შეუიარაღებელი ხელით შეიძლებოდა თუ არა ჩაკეტილის გაღება (გამოგლეჯა). თუ მიმშველებლებმა შეძლეს კარის გამოგლეჯა, ბუნებრივია, საკეტი უნდა დაზიანებულიყო. მოწმე გ. ს-ძე გამოძიების დროს აჩვენებდა: “როცა ჯიხურს მივუახლოვდი, კარების წინ იდგა სამი ახალგაზრდა. ერთი დასისხლიანებული იყო. ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ. ჩემს დანახვაზე ჯიხურს მოცილდნენ. მე დავუძახე ზ-ს და მან გამიღო კარები” ასეთივე ჩვენება აქვს მოწმე მ. ფ-ძეს. გამოძიებას არ შეუმოწმებია რამდენიმე წუთის წინ კარის საკეტი გამოგლეჯილი თუ იქნა, ზ-მ როგორ მოახერხა მისი ჩაკეტვა.
12 მაისს მომხდარ ფაქტზე გამომძიებელმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა 25 მაისს. ოქმის ტექსტში კი მითითებულია, რომ დათვალიერება მოხდა 21 მაისს, დღის საათებში. ოქმში აღნიშნულია: “ჯიხურის წინა მხარე არის დარტყმისაგან შემტვრეული, შესასვლელიდან კუპემდე იატაკი დასვრილია სისხლით, შესასვლელი კარების საკეტი არის დამტვრეული, ჯიხურის წინ მდებარე მაგიდა არის გაღუნული. ზ. ზ-შვილის განმარტებით ჯიხურზე არსებული დაზიანებები მიაყენა გ. მ-ძემ ავტომანქანის დაჯახებით”.
ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელთა მიხედვით ჯიხურზე დაზიანება არ შეინიშნება. არ ერთვის არც გაღუნული მაგიდის და არც კარის დამტვრეული საკეტის ფოტოსურათი. აღწერილი არ არის, როგორი იყო ჯიხურის კარი, რომელ მხარეს იღებოდა, ჰქონდა თუ არა გამოსაღები ხელის მოსაკიდი, როგორი იყო საკეტი, რაში გამოიხატება საკეტის გაგლეჯა და სხვა. გამომძიებელს არ აუღია იმ ლაქების ნიმუშები, რომლებიც მან სისხლის ლაქებად მიიჩნია, არ ჩაუტარებია ტექნიკური ექსპეტიზა იმის დასადგენად, რა ძალის ზემოქმედებით იყო დაზიანებული ჯიხურის კარი და შეიძლებოდა თუ არა შეუიარაღებელი ხელით გარედან მისი გაღება ან გამოგლეჯა. არ დაუთვალიერებია ავტომანქანა, რომლის დაჯახებითაც, გამოძიების აზრით, მოხდა ჯიხურის კედლის შენგრევა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის გარდა, უბნის ინსპექტორ ი. ბ-შვილის სახელით შედგენილია ჯიხურის დაზიანების აქტი, თუმცა ამ აქტს თვით ინსპექტორი ბ-შვილი ხელს არ აწერს. აქტი ხელმოწერილია მხოლოდ ზ. ზ-შვილის და ვინმე ე. ნ-შვილის მიერ. აქტის მიხედვით, ჯიხური შიგნითა მხრიდან დაზიანებულია, გისოსები შეღუნულია, დიქტი დამტვრეულია, დახლი დანგრეულია და შიგნით შეწეულია დაახლოებით ნახევარი მეტრით, დახლის მინები დამტვრეულია. სხვა ჭურჭელი და საქონელი, რაც შიგ იყო, დაზიანებული არ არის.
გამოძიებას არ უცდია დაედგინა ამ აქტის რეალობა და აღმოეფხვრა ის წინააღმდეგობები, რაც არსებობს აქტის შინაარსსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს შორის.
წინასწარი გამოძიების დროს ყველა მოწმის, ეჭვმიტანილთა და ბრალდებულთა ჩვენებები დაწერილია დასაკითხ პირთა მიერ. ამიტომაცაა, რომ თითქმის ყველა ჩვენება წინააღმდეგობრივია და საბოლოოდ გაუგებარია, დასაკითხი პირი ამა თუ იმ ფაქტის ირგვლივ რა ჩვენებას იძლევა.
მოწმე შ. ა-შვილის ჩვენებაში აღნიშნულია: “ჯიხურიდან პირველი გამოვედი მე, მეორე გამოვიდა ზ. ბ-შვილი. ი. (მ-ძე) ჯიხურში დარჩა პივის დასალევად. შემდეგ ჯიხურიდან ხმაური შემოგვესმა. მე და ზ. ბ-შვილი მივედით და როდესაც დავაპირეთ კარების გამოღება, ამ დროს კარები თითქოს გაიღო და შეგვხვდა გასისხლიანებული ი. მე და ზ. ბ-შვილმა გამოვიყვანეთ ი. გზის მეორე მხარეს...” შემდეგ ჩვენებაში მითითებულია: “ი. ჯიხურ-სასადილოში შებრუნდა პივის დასალევად. იგი ჯიხურში ოთხი-ხუთი წუთი იმყოფებოდა ზ-თან ერთად მარტო. როდესაც შემოგვესმა ჯიხურიდან ხმაური, მე და ზ. შევანგრიეთ ჯიხურის კარი”.
ასევე წინააღმდეგობრივია ზ. ბ-შვილის ჩვენებაც.
წინასწარი გამოძიების დროს დაკითხული არც ერთი პირის (მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი., ბრალდებული) დაკითხვის ოქმი ხელმოწერილი არ არის გამომძიებლის მიერ.
ზ. ზ-შვილის ჩვენებების მიხედვით, მან თავდაცვის მიზნით ისე ძლიერ უკბინა ყურზე და ტუჩზე ი. მ-ძეს, რომ დიდი რაოდენობით სისხლი ადინა. ტუჩზე კბილჩაჭიდებული დაახლოებით 6 მეტრზე ათრია მ-ძე. ი. მ-ძე კი აჩვენებს, რომ შეგინების გამო ზ. ზ-შვილმა ყურისა და ტუჩის მიდამოში რაღაც მყარი საგნის დარტყმით დააზიანა.
სამედიცინო ექსპერტიზის აქტის მიხედვით ი. მ-ძეს ტუჩზე, ნიკაპსა და ყურის ბიბილოზე აღენიშნება დაჟეჟილი სახის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გამოძიებას არ გაურკვევია ექსპერტის აქტში მითითებული დაზიანება შეიძლებოდა თუ არა მ-ძეს მიეღო ისეთი ძლიერი კბენით, როგორც ამას დაზარალებული ზ. ზ-შვილი აღწერს.
მსჯავრდებულმა გ. მ-ძემ გამოძიებასა და სასამართლოს განუმარტა, რომ მას ავტომანქანა განზრახ არ შეუჯახებია ზ. ზ-შვილის ჯიხურისათვის. მანქანას მუხრუჭი არ აღმოაჩნდა და ვიდრე ხელის მუხრუჭით მოახერხა მანქანის გაჩერება, იგი ოდნავ შეეხო ჯიხურის კედელს.
ავტომანქანის პატრონმა ნ. ბ-შვილმა დაადასტურა, რომ მის მანქანას მუხრუჭი არ ჰქონდა.
გამოძიებამ არ შეამოწმა რა აღნიშნულ ჩვენებათა ობიექტურობა, ისე ჩაუთვალა გ. მაისურაძეს ავტომანქანის ჯიხურზე შეჯახება ხულიგნობის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშნად.
არც წინასწარი გამოძიების და არც განაჩენების მიერ ახსნილი არ არის, რაში გამოიხატა გ. მ-ძის უმოტივო ქმედება და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, რასაც თან ახლდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
გამოძიებისა და სასამართლოს მიერ გამორკვეული არ არის სხეულზე არსებული რომელი დაზიანება მიაყენა ზ. ზ-შვილს ი. მ-ძემ და რომელი _ გ. მ-ძემ.
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული ზემოაღნიშნული ხარვეზები, წინააღმდეგობები და უზუსტობანი, რაც საფუძვლად დაედო განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას გამოძიების ჩასატარებლად, გამოწვეულია გამომძიებლის ზერელე და არაპროფესიული მუშაობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 563-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო განჩინება სათანადო რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და ეთხოვოს გატარებული ღონისძიების შესახებ განჩინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.