განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.11.2002
საქმის ნომერი
2კ-125აპ.-02
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 125-აპ 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულების _ ნ. ხ-შვილის და დ. ქ-შვილის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 აგვისტოს განაჩენი ნ. დ-შვილის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 აგვისტოს განაჩენით ნ. დ-შვილს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 24-ე, 339-ე მუხლით – 1 წლით, სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით – 5 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. ნ. დ-შვილი განთავისუფლდა პატიმრობიდან და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2000წ. 23 ნოემბრიდან 2001წ. 15 აგვისტომდე ჩაეთვალა სასჯელის საერთო ვადაში.

განაჩენით ნ. დ-შვილს დაეკისრა ნ.ხ-შვილის სასარგებლოდ 3500, მ.მ-ას სასარგებლოდ _ 2200, გ.ლ-შვილის სასარგებლოდ _ 3500, დ.ქ-შვილის სასარგებლოდ – 3500, მ.ლ-შვილის სასარგებლოდ – 2300, კ.შ-შვილის სასარგებლოდ – 2000 დოლარის გადახდა ლარებში შესაბამისი კურსით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენით თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს განაჩენი ნ. დ-შვილის მიმართ შეიცვალა მხოლოდ იმ მიმართებით, რომ მას გადასახდელად დაეკისრა დაზარალებულ ნ. ხ-შვილის სასარგებლოდ 4443 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში და 500 ლარი – მორალური ზიანის სახით, დაზარალებულ დ. ქ-შვილის სასარგებლოდ 3000 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში და 500 ლარი _ მორალური ზიანის სახით.

დაზარალებულ გ. ლ-შვილის სასარგებლოდ _ 3500 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარებში და მორალური ზიანის სახით 500 ლარი.

ნ. დ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან არაერთგზის ჩაიდინა თაღლითობა, რამაც დაზარალებულებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მანვე ჩაიდინა მოხელისათვის (ან მასთან გათანაბრებული პირისათვის) ქრთამის მიცემის წაქეზება, რაც განაჩენის მიხედვით ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში:

ქ.თბილისში მცხოვრებმა მ. და რ. ლ-შვილებმა ახლობლისაგან შეიტყვეს, რომ ნ. დ-შვილი აკეთებდა პასპორტში აშშ-ში გამგზავრების ვიზირებას. ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ ნ. დ-შვილს და ამერიკის ვიზის გასაკეთებლად გადასცეს 3500 აშშ დოლარი. ნ. დ-შვილმა თაღლითობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამოართვა მათ აღნიშნული თანხა და მიითვისა.

1999წ. ივლისის თვეში ნ. დ-შვილი ქ.თბილისში, მცხოვრებ დ. ქ-შვილს და მის მეუღლეს შეპირდა, 3000 აშშ დოლარად მათი ვაჟიშვილისათვის აშშ-ში გამგზავრების ვიზის გაკეთებას. აღნიშნულის გამო, დ. ქ-შვილმა 1999წ. 1 აგვისტოს ნ. დ-შვილს გადასცა 3000 აშშ დოლარი, ნ. დ-შვილმა პირობა არ შეასრულა და არც თანხა არ დააბრუნა.

ქ. საგარეჯოში მცხოვრები გ. ლ-შვილი 1999წ. აგვისტოს თვეში დაუკავშირდა ნ. დ-შვილს, რომლისგანაც შეიტყო, რომ 3500 აშშ დოლარად, გაუმზადებდა აშშ-ში გასამგზავრებელ ვიზას. გ. ლ-შვილი დათანხმდა ნ. დ-შვილის მიერ შეთავაზებულ წინადადებას და 1999წ. 23 აგვისტოს ნ. დ-შვილს გადასცა 3500 აშშ დოლარი. ნ. დ-შვილმა ისარგებლა გ. ლ-შვილის ნდობით, მოატყუა იგი და თაღლითური გზით მიითვისა 3500 აშშ დოლარი.

1999წ. 1 სექტემბერს კ. შ-შვილმა აშშ-ში გამგზავრების ვიზების გაკეთებისათვის ნ. დ-შვილს გადასცა 2500 აშშ დოლარი. ნ. დ-შვილმა ისარგებლა მისი ნდობით, მოატყუა და თანხა მიითვისა.

ნ. დ-შვილმა ისარგებლა ქ.თბილისში მცხოვრებ ნ. ხ-შვილის ნდობით და შეჰპირდა, რომ მის ქალიშვილს 3500 აშშ დოლარად გაუკეთებდა აშშ-ში გამგზავრებისათვის საჭირო ვიზას. ამ მიზნით ნ. ხ-შვილმა 1999წ. 7 ოქტომბერს ნ. დ-შვილს გადასცა 3500 აშშ დოლარი, რომელმაც არც თანხა დაუბრუნა და არც ვიზა გაუკეთა.

ნ. დ-შვილმა მ. ლ-შვილს, დ. ქ-შვილს, გ. ლ-შვილს, კ. შ-შვილს, ნ. ხ-შვილს სულ მიაყენა 29750 ლარის ზიანი.

1999წ. აგვისტოში ნ. დ-შვილმა მეგობარი ნ. ბ-ძე დაარწმუნა, რომ თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემით, კერძოდ, 2200 აშშ დოლარად, შეძლებდა აშშ-ში გამგზავრების ვიზების გაკეთებას. ამ უკანასკნელის მეშვეობით იგი დაუკავშირდა მ. მ-ას, რომელიც წააქეზა თანამდებობის პირისათვის ქრთამის მიცემაში. მ. მ-ამ გაყიდა თავისი კუთვნილი ბინა 2000 აშშ დოლარად, 200 აშშ დოლარი ისესხა ნ. ბ-საგან და გადასცა ნ. დ-შვილს. ამ უკანასკნელმა მ. მ-ას კუთვნილი 2200 აშშ დოლარი მიითვისა და არ დაუბრუნა.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით დაზარალებულები: ნ.ხ-შვილი, დ.ქ-შვილი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელმეორედ სააპელაციო პალატაში განხილვას – მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების მოტივით, საჩივარში მითითებულია, რომ ნ. დ-შვილმა არ გადაუხადა მათ ჩადენილი დანაშაულით მიყენებული ზარალი. საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულებმა მოითხოვეს მათი საჩივრის დაკმაყოფილება.

მსჯავრდებულმა ნ.დ-შვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ა.ს-შვილმა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენი ნ. დ-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებულ ნ. დ-შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ, დაზარალებულები: ნ.ხ-შვილი, დ.ქ-შვილი, გ.ლ-შვილი არ დაეთანხმნენ იმის გამო, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა ანაზღაურებელი თაღლითობით მითვისებული მათი თანხები. სწორედ ამ მოტივით, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, განაჩენი მათ მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში. სააპელაციო პალატამ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა და ნ. დ-შვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, კვლავ დაუნიშნა პირობითი მსჯავრი 5 წლით გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად არ უმსჯელია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული მოვალეობების დაკისრების თაობაზე, რათა ხელი შეეწყო გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის. იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული არ შეასრულებდა განაჩენით დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს უფლება ექნებოდა ემსჯელა პირობითი მსჯავრის გაუქმების და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლებას აძლევდა მსჯავრდებულისათვის დაეკისრებინა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გამომდინარეობს სსკ-ის 65-ე მუხლის სიტყვებიდან: “სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას”. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება შეიძლება ჩაითვალოს მსჯავრდებულის გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად. ასეთი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს 67-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საკასაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს დააკისროს ასეთი მოვალეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მის მიმართ შეფარდებულ რეალურ სასჯელს ცვლის პირობითი მსჯავრით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ასეთი დამატებითი მოვალეობის დაკისრების უფლებამოსილება სსსკ-ის 566-ე მუხლით გათვალისწინებული საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, არა აქვს.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, შეაფასოს თუ რამდენად ინანიებს მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, რამდენად შეეცადა დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა ზიანი, რა გააკეთა რეალურად ამისათვის. საქმის ყველა გარემოებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ერთობლიობაში და, აქედან გამომდინარე, უნდა მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განაჩენი ნ. დ-შვილის მიმართ გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.