დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 13.01.2022
საქმის ნომერი
ბს-912(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-912(კ-21) 13 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 21 აპრილს შპს „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 31 ოქტომბრის #37948 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა შპს „...-ის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის #19-05/341 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება მისამართზე: ქ. თელავი, ...ის გამზირი #..., #1 შენობა-ნაგებობის მარცხენა ფლიგელი #3, ოთახი #1.

მოსარჩელის მითითებით, სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2019 წლის 22 ნოემბრის #199 შემოწმების აქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელის - შპს „...-ის“ მიერ ორგანიზებულ ტოტალიზატორში, მუდმივი დენის წყაროს შემოწმებისას დაფიქსირდა თამაშობის პროცესის შეფერხება, კერძოდ, გაითიშა ვირტუალური თამაშობები - „იქსკენო“, „ევროპის ლიგა“ და „ვირტუალური ფეხბურთის ლიგა“. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავდა, რომ ნებართვის მფლობელმა ვერ წარადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს „...“ არ დაეთანხმა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში დაფიქსირებულ პოზიციას, კერძოდ, წარდგენილ იქნა გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტი, სადაც მითითებული იყო შპს „...-ის“ ამავე მისამართზე მოწყობილი ტოტალიზატორის წინა ნებართვის ნომერი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა კი თავის ბრძანებაში აღნიშნა, რომ გადამოწმების შედეგად, წარდგენილი არ ყოფილა გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტი, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, ფაქტებს სრულყოფილად არ ასახავს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება გასაჩივრებულ იქნა შპს „...-ის“ მიერ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 17 მარტის #8115 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის წარუდგენლობის გამო შპს „...-ის“ სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და „შპს „...-ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 მარტის #8115 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანება გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის წარუდგენლობის გამო შპს „...-ის“ სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „შპს „...-ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 მარტის #8115 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გახდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის წარუდგენლობის გამო. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა თანამშრომელმა კომპანიის მიერ გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტი არ მიიჩნია წარდგენილად, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ აქტი გაცემული იყო 2018 წლის 1 მარტს შპს „...-ზე“ გაცემული წინა ნებართვის (ნებართვის #19-05/157) პირობებში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ტოტალიზატორის ნებართვის მქონე სუბიექტს კანონმდებელი აკისრებს ვალდებულებას სათანადო გულისხმიერებით მიუდგეს ინფორმაციის შექმნისა (ჩაწერა) და მისი შენახვის პროცესს, რაც გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას, განახორციელოს მაღალხარისხიანი და შესაბამისი გარანტიის მქონე ტექნიკური მოწყობილობით ვიდეოსისტემის მონტაჟი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების შესრულებას. ტოტალიზატორის გარე პერიმეტრზე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების მიზანია ვიდეოჩანაწერის ხარისხიანი და უწყვეტი ჩანაწერის განხორციელების უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულს მოწმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს #1143 ბრძანებით დამტკიცებული წესიც, რომლის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი ნებართვის მქონე სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მუშაობის მთელ პერიოდში აწარმოოს ვიდეოჩაწერა - მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში. განსხვავებული წესია დადგენილი გარე პერიმეტრზე ვიდეოკონტროლისთვის, რაც ვიდეოჩაწერის მუდმივ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არის თუ არა აუცილებელი უკვე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ ახალი აქტის შედგენა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ტოტალიზატორის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპატრამენტის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით და აღნიშნულის გამართულ ფუნქციონირებაზე ნებართვის მფლობელის მიმართ არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საფუძველს მოკლებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ ახალი აქტის მოთხოვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „...-ის“ შემოწმებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ობიექტი იმავე მისამართზე მდებარეობდა, რომელზეც წინა ნებართვის არსებობის პირობებში გაცემული იყო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. კომპანიამ საქმიანობის შეწყვეტის გარეშე განაგრძო ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობა. ამასთან, არ მომხდარა ნებართვაში რაიმე ცვლილება, არ შეცვლილა ვიდეო-კამერების ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისად ვერ მოხდებოდა ვიდეო-კამერების დემონტაჟი და შემდგომ ახალი დამონტაჟების აქტის შედგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი გაიცემა ყოველ კონკრეტულ ნებართვაზე და ძალას კარგავს ახალი ნებართვის აღებისას, რასაც ადასტურებს აქტის მე-9 გრაფა, რომელშიც მიეთითება აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის ან სხვა ორგანიზაციის ნებართვის/ლიცენზიის ნომერი. შესაბამისად, კასატორის მითითებით, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი გაიცემა კონკრეტული ნებართვის/ლიცენზიის ნომერზე.

ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი გაცემულია სსიპ შემოსავლების სამსახურის ტოტალიზატორის მოწყობის იმ სანებართვო მოწმობის (#19-05/157) საფუძველზე, რომლის მოქმედების ბოლო ვადა იყო 2019 წლის 16 მარტი. აღნიშნული სანებართვო მოწმობის შემდეგ გაიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა #19-05/341, რომლის საფუძველზეც ახალი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი აღარ გამოცემულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის წარუდგენლობის გამო შპს „...-ის“ სამართალდამრღვევად ცნობის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანების კანონიერება და „შპს „...-ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 17 მარტის #8115 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...-ზე“ (ს/ნ ..., ობიექტის მისამართი - ქ. თელავი, ...ის გამზირი #..., შენობა-ნაგებობა #1, მარცხენა ფლიგელი, ფართი #3, ოთახი #1), შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 17 მარტის #535/01 ბრძანების საფუძველზე, გაიცა #19-05/157 ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 16 მარტის ჩათვლით. ასევე დადგენილია, რომ შპს „...-ზე“ (ს/ნ ..., ობიექტის მისამართი - ქ. თელავი, ...ის გამზირი #..., შენობა-ნაგებობა #1, მარცხენა ფლიგელი, ფართი #3, ოთახი #1), შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 14 მარტის #1675/01 ბრძანების საფუძველზე, გაიცა #19-05/341 ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა. ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 13 მარტის ჩათვლით.

საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა 2019 წლის 31 ოქტომბერს გამოსცა #37948 ბრძანება შპს „...-ს“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის #19-05/341 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული) (მისამართი: ქ. თელავი, ...ის გამზირი #..., შენობა - ნაგებობა #1, მარცხენა ფლიგელი, ფართი #3, ოთახი #1) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2019 წლის 22 ნოემბრის #199 შემოწმების აქტით დადგენილია, რომ ნებართვის მფლობელის - შპს „...-ის“ მიერ ორგანიზებულ ტოტალიზატორში მუდმივი დენის წყაროს შემოწმებისას დაფიქსირდა თამაშობის პროცესის შეფერხება, კერძოდ, გაითიშა ვირტუალური თამაშობები - „იქსკენო“, „ევროპის ლიგა“ და „ვირტუალური ფეხბურთის ლიგა“. ამასთან, აქტში აღნიშნულია, რომ ნებართვის მფლობელმა შემოწმებისას ვერ წარადგინა გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანებით, შპს „...“ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით. გადასახადის გადამხდელს სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფა დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპატრამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის #41149 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...“ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის წარუდგენლობის გამო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა თანამშრომელმა კომპანიის მიერ გარე ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტი არ მიიჩნია წარდგენილად, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ აქტი გაცემული იყო 2018 წლის 1 მარტს შპს „...-ზე“ გაცემული წინა ნებართვის (ნებართვის #19-05/157) მოქმედების პირობებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსთვის, ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ავტომატური ვიდეოტექნიკით. ეს ვიდეოტექნიკა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ვიდეოჩაწერა სათამაშო დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში უნდა მიმდინარეობდეს სამორინის, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგადასახადო ორგანო ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებისა და ამავე კანონის 372 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ტოტალიზატორის ნებართვის მქონე სუბიექტს კანონმდებელი აკისრებს ვალდებულებას სათანადო გულისხმიერებით მიუდგეს ინფორმაციის შექმნისა (ჩაწერა) და მისი შენახვის პროცესს, რაც გულისხმობს ყველა საჭირო ზომის მიღებას, განახორციელოს მაღალხარისხიანი და შესაბამისი გარანტიის მქონე ტექნიკური მოწყობილობით ვიდეოსისტემის მონტაჟი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების შესრულებას. ტოტალიზატორის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების მიზანია ვიდეოჩანაწერის ხარისხიანი და უწყვეტი ჩანაწერის განხორციელების უზრუნველყოფა.

სწორედ აღნიშნულს მოწმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს #1143 ბრძანებით დამტკიცებული წესიც, რომლის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, შესაბამისი ნებართვის მქონე სუბიექტის ვალდებულებას წარმოადგენს მუშაობის მთელ პერიოდში აწარმოოს ვიდეოჩაწერა - მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში. განსხვავებული წესია დადგენილი გარე პერიმეტრზე ვიდეოკონტროლისთვის, რაც ვიდეოჩაწერის მუდმივ რეჟიმში განხორციელებას გულისხმობს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არის თუ არა აუცილებელი უკვე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არსებობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ ახალი აქტის შედგენა, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ თუკი ტოტალიზატორის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპატრამენტის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემებით და აღნიშნულის გამართულ ფუნქციონირებაზე ნებართვის მფლობელის მიმართ არ არსებობს დასაბუთებული პრეტენზია, საფუძველს მოკლებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ ახალი აქტის მოთხოვნა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს „...-ის“ შემოწმებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ობიექტი იმავე მისამართზე მდებარეობდა, რომელზეც წინა ნებართვის არსებობის პირობებში გაცემული იყო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი. კომპანიამ საქმიანობის შეწყვეტის გარეშე განაგრძო ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებული საქმიანობა. ამასთან, ნებართვაში არ მომხდარა რაიმე ცვლილება, არ შეცვლილა ვიდეო-კამერების ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისად ვერ მოხდებოდა ვიდეო-კამერების დემონტაჟი და შემდგომ ახალი დამონტაჟების აქტის შედგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა