საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹560აპ-11 თბილისი
13 თებერვალი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენით კ. რ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. მსჯავრდებული კ. რ-ე სასჯელს იხდის 2010 წლის 22 ოქტომბრიდან.
იმავე განაჩენით ჯ. უ-ა, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჯ. უ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 (ოცდაერთი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ ჯ. კ-სა და ბრალდებულებს _ ბ. ბ-ისა და ს. ბ-ს შორის, რომლის თანახმადაც; ბ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, დამატებითი სასჯელის სახით კი დაეკისრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2010 წლის 22 ოქტომბრიდან იმავე წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით; ს. ბ-ე , ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებული ს. ბ- სასჯელის იხდის 2010 წლის 22 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულებზე _ ბ. ბ-სა და ს. ბ-ზე, საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მათვე დაევალათ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ივლისის განაჩენი კ. რ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ კ. რ-ის მიმართ შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.