განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 201 14 იანვარი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გ. ლილაუშვილი
წევრები: მ. გოგელია, მ. ისაევი
მდივანი: ე. ბერიძე სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ:
პროკურორი: კ. კ-ლი, ადვოკატი: ნ. ფ-ლი, დაზარალებულები: გ. კ. და ვ. კ. მსჯავრდებული: გ. ჯ.
განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ჯ., ქართველი, უპარტიო, უცოლშვილო, სამართალში ნამყოფი, ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილის რიგითი, ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსსკ-ის 17,105-ე მუხლით, 17,104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით და 199-ე მუხლით ერთობლივად შეეფარდა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 13 იანვრიდან.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ი-ის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით გ. ჯ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: გ. ჯ. 1998 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 14 საათზე, თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კინოთეატრ "რ-ში" არსებულ დისკოთეკაზე, სადაც შელაპარაკება მოუხდა გამოძიებით დაუდგენელ პირებთან, რომელთაგან ერთ-ერთმა გაარტყა ხელი სახის არეში. ამის შემდეგ, გ. ჯ-მ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის წინ შენიშნა არასრუწლოვანი ზ. ნ., რომელიც მიიჩნია მასთან მოჩხუბარ ერთ-ერთ პიროვნებად, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დანა სამჯერ დაარტყა ზ. ნ-ს გულმკერდისა და მუცლის არეში, რითაც მიაყენა მას განზრახ მძიმე დაზიანება, მაგრამ დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გამო მას სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების დროს გ. კ-მ ამხილა გ. ჯ. მკვლელობის მცდელობის ჩადენაში.
1998 წლის ნოემბრის თვეში გ. კ-ის შეშინებისა და ზემოქმედების მიზნით, გ. ჯ-მ წაიყვანა იგი ქალაქგარეთ, დაბა წყნეთის მიმართულებით ტყეში, სადაც დანის მუქარით ავალდებულებდა მისულიყო საგამოძიებო ორგანოებში და შეეცვალა მისი მამხილებელი ჩვენებები.
იმის გამო, რომ გ. კ-მ არ შეცვალა ჩვენება, ნასვამი გ. ჯ. 1998 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 05 საათზე მივიდა გ. კ-ის სახლში, ფანჯრიდან გადავიდა ოთახში, გააღვიძა იგი და კვლავ მოსთხოვა, შეეცვალა ჩვენება მის სასარგებლოდ, რაზედაც გ. კ-მ უარი უთხრა. ამაზე განაწყენებულმა განიზრახა გ. კ-ის განზრახ მოკვლა. იქვე, მაგიდიდან აიღო ტყემლით სავსე ბოთლი და ჩაარტყა გ. კ-ს თავის არეში. დარტყმის გამო ბოთლი გატყდა. შემდეგ ბოთლის მჭრელი ნატეხით დაუწყო დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილას. ხმაურზე გამოეღვიძათ გ. კ-ის მშობლებს, რომელთა დანახვაზეც გ. ჯ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ბოთლის დარტყმის შედეგად გ. კ-მ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მსჯავრდებული გ. ჯ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ფ-ლი ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებისათვის დაბრუნებას შემდეგი მოტივებით: წინასწარი გამოძიება წარმოებულია ზერელედ და ცალმხრივად, ამასთან მთელი სისრულით არ შემოწმებულა საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, წინააღმდეგობრივ მასალებსა და მტკიცებულებებს არ მისცემია სწორი შეფასება. დაზარალებულ ზ. ნ-ის დაჭრის ფაქტზე გ. ჯ-მ თავი არ იცნო დამნაშავედ და არც გამოძიებას მოუპოვებია რაიმე ობიექტური მასალა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა გ. ჯ-ის მიერ ზ. ნ-ის დაჭრის ფაქტი. რაც შეეხება კ-ის სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტს, საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ჯ-ს არ ჰქონია კ-ის მოკვლის განზრახვა, ასეთი განზრახვა, რომ ჰქონოდა მას შეეძლო მოეყვანა კიდეც ბოლომდე.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივე-ბის საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულ გ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-ის მოსაზრება, რომელთაც პალატის წინაშე იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ.
დაზარალებულებმა გ. და ვ. კ-ებმა კანონიერად მიიჩნიეს სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი განაჩენი და პალატის წინაშე იშუამდგომლეს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
პროკურორმა კ. კ-მა გამოთქვა თავისი მოსაზრება და იშუამდგომლა, რომ უარი ეთქვას საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, ხოლო განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.
პალატამ გაანალიზა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივრების მითითება, თითქოს არ იყოს დადასტურებული გ. ჯ-ის მიერ ზ. ნ-ის დანით დაჭრის და მისი განზრახ მკვლე-ლობის მცდელობის ფაქტი პალატა ვერ გაიზიარებს. ამ ეპიზოდში გ. ჯ-ის მი-მართ წარდგენილი ბრალდება დადგენილია დაზარალებულების ზ. ნ-სა და კ-ის ჩვენებებით, მოწმეების: კ-ძის, გ-ის, პ-ას და კი-ძის ჩვენებებით, ნივთიერი დამამ-ტკიცებელი საბუთით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ ზ. ნ-ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდს მისცა სწორი იურიდიული კვალიფიკაცია, ხოლო ის გარემოება, რომ ზ. ნ. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დაკითხული, განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ზ. ნ. წასულია საზღვარგარეთ _ თურქეთის რესპუბლიკაში და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.
ამასთან, სასამართლო კოლეგიამ სათანადოდ გამოიკვლია დაზარალებულ ზ. ნ-ის ჩვენებები და მისცა მათ სწორი შეფასება. რაც შეეხება კ-ის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდს, პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორედ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ ამ ეპიზოდს მისცა არასწორი იურიდიული შეფასება. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ უთხრა დაზარალებულ კ-ს, რომ მის სასარგებლოდ შეეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რაზედაც კ-მ უარი უთხრა, რაც გახდა ურთიერთშელაპარაკების საფუძველი და გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გ. ჯ-მ ტყემლით სავსე ბოთლი თავის არეში დაარტყა კ-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენა ჭრილობები. მიყენებული დაზიანებები თავის ტვინის შერყევის გამო წარმოადგენს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნული ფაქტი ჩათვალა მკვლელობის მცდელობად, მაშინ როდესაც მკვლელობის განზრახვა საქმის მასალებით არ დასტურდება. ჯერ ერთი მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და შემთხვევის დროს ორივენი იყვნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში. მსჯავრდებული გ. ჯ. კატეგორიულად უარყოფს კ-ის მოკვლის განზრახვას. თვით დაზარალებული კ. საქმის სასამართლოში განხილვისას მიუთითებს, რომ გ. ჯ-ს მისი მოკვლის განზრახვა, რომ ჰქონოდა შეძლო კიდეც ასეთი შეესრულებინა. უფრო მეტიც, ჩხუბის დროს გ. ჯ-თვის ხელი არავის არ შეუშლია და თვითონ წავიდა შემთხვევის ადგილიდან. კანონის თანახმად ქმედება მკვლელობის განზრახვის დაკვალიფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავეს განზრახული ჰქონდა ჩაედინა დაზარალებულის მკვლელობა, მაგრამ მან თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისი ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
განზრახ მკვლელობის მცდელობის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისაგან გამიჯვნისას აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს დამნაშავის განზრახვის შინაარსი და მიმართულება, რაც წარმოადგენს საფუძველს ქმედების სწორი იურიდიული კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ თუ რა განზრახვით მოქმედებდა გ. ჯ., სხეულის დაზიანების, თუ სიცოცხლის მოსასპობად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა. პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ხერხს, საშუალებას, ჭრილობების და სხვა დაზიანებების რაოდენობას, ხასიათსა და და ადგილს, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ. ჯ-ს თუ კ-ის მოკვლის განზრახვა ექნებოდა, შეეძლო კ-თვის კიდევ მიეყენებინა სხვა დაზიანებები და სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა. მითუმეტეს, ხელისშემშლელი გარემოებები კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ქმედება ამ ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამის მიხედვით უნდა განესაზღვროს სასჯელის ზომა.
რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, ამ ნაწილში გ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, ქმედობა სწორადაა დაკვალიფიცირებული, რაც დასტურდება საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით.
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ქმედობის ერთი ეპიზოდის სსკ-ის 17.104-ე მუხლიდან 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებით აშკარად მცირდება გ. ჯ-ის ბრალის მოცულობა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის ზომის განსაზაღვრისას. ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, გ. ჯ-მ სასჯელი უნდა მოიხადოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 571-ე მუხლებით და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ შეიცვალოს იმდაგვარად, რომ მისი ქმედობა საქართველოს სსსკ-ის 17,104-ე მუხლის მეშვიდე და მეცხრე პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 17, 105-ე მუხლით განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 199-ე მუხლით განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელი მოიხადოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სსკ-ის 593-601-ე მუხლებით დადგენილი წესით.