საჩივარი დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 67 დად 26 დეკემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, მ. ისაევი
განიხილა გარდაცვლილ ა. ე-ავას ოჯახის ადვოკატის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ა. ე-ავას ოჯახის ადვოკატს ე. ბ-ას 2000 წლის 12 ოქტომბრის საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად (უმოძრაოდ) როგორც სასამართლოში დაინტერესებული პირის სტატუსის არმქონე - არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ დ. ზ-შვილის 2000 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა. ე-ავასა და გ. გ-ავას მიმართ, მათი გარდაცვალების გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტისა.
პროკურატურის მიერ ა. ე-ავას მიმართ ზემოაღნიშნული მოტივით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმას არ დაეთანხმა გარდაცვლილ ა. ე-ავას ძმა და მათი ოჯახის ადვოკატი ე. ბ-ია. ამ უკანასკნელმა საჩივრით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ითხოვა გამომძიებლის დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. ფუხაშვილის 2000 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, უარი ეთქვა ადვოკატს საჩივრის მიღებაზე და ადვოკატის მიერ წარდგენილი საჩივარი დატოვებული იქნა უმოძრაოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით ადვოკატი ე. ბ-ია ითხოვს პროკურატურის გამომძიებლის 2000 წლის 8 სექტემბრის დადგენილებისა და მოსამართლე ვ. ფუხაშვილის იმავე წლის 10 ნოემბრის დადგენილების გაუქმებას, მიუთითებს, რომ გამომძიებლისა და მოსამართლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა მოქმედი საპროცესო კანონის მოთხოვნები, რის გამოც მათ მიერ მიღებულია უკანონო გადაწყვეტილება.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე. ბ-ამ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
პროკურორმა ე. ღ-შვილმა საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა ცვლილებით, პალატის წინაშე იშუამდგომლა მოსამართლის დადგენილების გაუქმებისა და საჩივრის არსებითად განხილვისათვის იმავე რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის გადაცემის შესახებ. მიუთითა, რომ მოსამართლეს მხარეთა მონაწილეობით უნდა განეხილა საჩივარი და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა ადვოკატის განმარტება და პროკურორის დასკვნა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს პროკურატურის გამომძიებლისა და მოსამართლის დადგენილებები და მასალები წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მითითება თითქოს საჩივარი შეტანილი იქნა იმ პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს - პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. როგორც პროკურატურის გამომძიებლის 2000 წლის 8 სექტემბრის დადგენილებაშია მითითებული ა. ე-ავას და გ. გ-ავას ქმედება შეიცავს სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 19,109 მუხლის “ა”, “ბ”, “ე”, “ზ”, “თ” პუნქტებით, 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ”, “ო” პუნქტებით და 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს; ამასთან ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს გარდაცვლილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, ამიტომ ა. ე-ავასა და გ. გ-ავას მიმართ არ უნდა იქნეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათი გარდაცვალების გამო.
პალატა აღნიშნავს, რომ გამომძიებლის მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის “ვ” პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც დაშვებულია გამონაკლისი და მითითებულია, რომ თუ გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი და საჭიროა მისი რეაბილიტაცია, ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრა ან შეწყვეტა დაუშვებელია. ე. ი. ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა გაგრძელდეს და საქმე წარიმართოს სასამართლოში, ან საქმე შეწყვეტილი იქნეს მარეაბილიტირებული საფუძვლით.
საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, ბრალდებულთან გათანაბრებულია აგრეთვე ის პირი, რომელიც ბრალდებულად შეიძლება მიცემულიყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ესე იგი ა. ე-ავა, რომელიც გარდაიცვალა, შეიძლება ბრალდებულად ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში, ამიტომ მისი ოჯახის ადვოკატი საქმეში უნდა დაშვებული ყოფილიყო როგორც მხარე და უნდა მისცემოდა საშუალება განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებელ ზ-შვილის 2000 წლის 8 სექტემბრისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ამავე წლის 10 ნოემბრის ამავე საქმეზე მიღებული დადგენილებები და მასალები სისხლის სამართლის საქმის განსაახლებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 562-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ ზ-ს 2000 წლის 8 სექტემბრის დადგენილება ა. ე-ავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. ფუხაშვილის 10 ნოემბრის ამავე საქმეზე მიღებული დადგენილება და მასალები სისხლის სამართლის საქმის განახლების მიზნით გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.