საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 55I 9 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,გ. ბორჩხაძე
განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის ფ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე თ. ა-ძის, ა. წ-ელის, ვ. გ-შვილის და ვ. ჩ-უას მიმართ დანაშაულზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. იმავე განჩინებით თ. ა-ძეს, ა. წ-ელსა და ვ. გ-შვილს აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა, შეეცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.
საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას მისი უკანონობის მოტივით და საქმის დაბრუნებას სასამართლო განხილვისათვის.
პალატამ მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით თ. ა-ძეს, ა. წ-ელს, ვ. გ-შვილსა და ვ. ჩ-უას ბრალი ედებათ შემდეგ დანაშაულებრივ ქმედებაში: სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების მიზნით თ. ა-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა ა. ს-ურს, მ. ჯ-ავას, ა. წ-ელს, ვ. ჩ-უას, ვ. გ-შვილს, გ. ა-შვილს, ა. ე-შვილს და ძიებით დაუდგენელ სხვა პირებს, რა დროსაც ურთიერთშორის მოილაპარაკეს ფარულად გაეტაცათ მაღალი ძაბვის ელექტროსადენები შემდგომში მათი რეალიზაციისა და აღებული თანხის განაწილების მიზნით. დანაშაულებრივი მიზნის განსახორციელებლად. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით 1999 წლის 26 დეკემბერს, 18 საათზე, ზემოაღნიშნული პირები მივიდნენ გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ სააქციო საზოგადოება “საქრუსენერგოს” კუთვნილი მაღალი ძაბვის ელექტროანძებთან. ა. ს-ური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მობილური ტელეფონით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირებს ელექტროენერგია არ ჩაერთოთ სადენებში. ამის შემდეგ ა. წ-ელი და გ. ა-შვილი ავიდნენ ელექტროანძებზე და ჩამოხსნეს 6928 მეტრი სიგრძის 10 ტონა და 517 კილოგრამის ოდენობის 72908 ლარად ღირებული “ასკ-400-51” მარკის ფოლად-ალუმინის ელექტროსადენი. ერთობლივად ყვლა მათგანმა რკინის საჭრელი მაკრატლისა და ნაჯახის საშუალებით ადგილზევე დაანაწევრეს ჩამოხსნილი ელექტროსადენი, რის შედეგადაც 6 ტონა და 400 კგ დანაწევრებული ელექტროსადენი დატვირთეს თ. ა-ძის კუთვნილ “ზილ-130” მარკის სატვირთო ავტომანქანაზე და მიიტანეს გარდაბნის რაიონის სოფელ აქთაკლიის ტერიტორიაზე მდებარე სააქციო საზოგადოება “გაჩიანის ხორცკომბინატის” შენობაში, სადაც თ. ა-ძეს სხვა პირებთან ერთად დამონტაჟებული ჰქონდა მეტალის გამოსადნობი ღუმელი. დარჩენილი ელექტროსადენების წამოსაღებად თავისი ავტომანქანით მისული თ. ა-ძე 27 დეკემბერს შემთხვევის ადგილზე დაკავებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ, ა. წ-ელი ეჭვმიტანილის სახით დაკავებულ იქნა 28 დეკემბერს, ვ. გ-შვილი _ 29 დეკემბერს, ხოლო ვ. ჩ-უა _ 2000 წლის 3 იანვარს. იმის გამო, რომ სხვა ეჭვმიტანილები ვერ დააკავეს, გამომძიებლის 2000 წლის 19 მაისის დადგენილებით ა. ს-ურს, მ. ჯ-ავას, ა. ე-შვილსა და გ. ა-შვილის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადდა მათი ძებნა. თ ა-ძის, ა. წ-ელის, ვ. გ-შვილის და ვ. ჩ-უას მიმართ კი 2000 წლის 19 ივნისს საქმე განსახილველად წარიმართა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სასამართლო კოლეგიამ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოება: სასამართლო პროცესზე თ. ა-ძემ, ა. წ-ელმა, ვ. გ-შვილმა და ვ. ჩ-უამ, შერაცხულ ბრალდებაში თავი არ ცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ ისინი იყვნენ უცნობ პირთაგან დაქირავებული მუშები, გარკვეული თანხის საფასურად დათანხმდნენ სამუშაოს შესრულებაზე, თუმცა არ იცოდნენ, რომ უკანონო ქმედებას აკეთებდნენ. საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს სასამართლო კოლეგიისათვის ცნობილი გახდა, რომ ძებნილი ა. ს-ური და მ. ჯ-ავა დაპატიმრებულია. ამიტომ გაყოფილი საქმე უნდა გაერთიანდეს და ერთობლივად ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება.
თ. ა-ძის, ა. წ-ელისა და ვ. გ-შვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას კი სასამართლო კოლეგიამ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ისინი პირველად არიან მიცემული პასუხისგებაში, ხასიათდებიან დადებითად, განიცდიან ეკონომიურ სივიწროვეს და მოსალოდნელი არ არის თავი აარიდონ და ხელი შეუშალონ გამოძიებას (ვ. ჩ-უას მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული იყო შინაპატიმრობა, რაც სასამართლოს განჩინებით დარჩა უცვლელად).
საკასაციო პალატამ მოუსმინა რა პროკურორს, ადვოკატს და ბრალდებულებს, შეისწავლა საქმის მასალები და საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებაში მართებულად არის მითითებული იმის თაობაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს უფრო სრულყოფილად, უფრო კონკრეტულად უნდა გამოიკვეთოს დანაშაულში მონაწილე თითოეული პირის როლი, ამ ამოცანის შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ის გარემოება, რომ ამჟამად დაკავებულნი არიან: ა. ს-ური, მ. ჯ-ავა და გ. ა-შვილი, რომლებიც ამავე საქმეზე იძებნებოდნენ. ამიტომ ორ ცალკე წარმოებად გაყოფილი საქმე, ისევ ერთ წარმოებად უნდა გაერთიანდეს.
დამატებითი გამოძიების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ პიროვნების დადგენას, ვისთანაც დამნაშავეებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ დამყარებული იმ მიზნით, რომ ელექტროსადენების ქურდობის დროს ქსელიდან გამორთული ყოფილიყო ელექტროდენი. ამ პიროვნების დადგენით გამოიკვეთება არა მარტო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი, არამედ დანაშაულის ორგანიზატორიც.
პალატა ვერ შევა კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული იმ საკითხის განხილვაში, რომელიც განსასჯელთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს ეხება. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, საკასაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნულის გამო, პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 ნოემბრის განჩინება თ. ა-ძის, ა. წ-ელის, ვ. გ-შვილისა და ვ. ჩ-უას ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო.