დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2კ-41-I 12 იანვარი 2000 წელი. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მერაბ ტურავა
წევრები: თამარ ყრუაშვილი, გიორგი ხაბულიანი
სხდომის მდივანი: ე. ბერიძე. სხდომაში მონაწილეობდნენ: პროკურორი: ლ. ლ-ვა
ადვოკატები: რ. დ-ძე და რ. კ-ძე
განიხილა თბილისის … პროკურორის თანაშემწის ლ. ლ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც: 1. დ. ხ-ის და 2. ზ. ც-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I, V და VI პუნქტებით და 97-ე მუხლის II ნაწილით, დაბრუნებულ იქნა თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა დ. ხ-ის და ზ. ც-ის მიმართ, მათ მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის და გამოძალვის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, დაბრუნებულ იქნა თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, საპროცესო დარღვევებითა და ხარვეზებით, რომელთა დიდი ნაწილი არსებითი ხასიათისაა და მათი გამოსწორება სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა.
წინასწარი გამოძიების მასალებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატა შემდეგში:
დ. ხ-ს და შ. ც-ს საბრალდებო დასკვნის მიხედვით ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე. ი. თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც მიმართული იყო სხვისი ქონების დიდი ოდენობით დაუფლებაზე, ბინაში შეღწევით, რომელსაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა. მათვე ჩაიდინეს გამოძალვა, ე. ი. სხვისი ქონების გადაცემის მოთხოვნა, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენების მუქარა იმ პირის მიმართ, რომლის მფლობელობაშიც იმყოფებოდა ეს ქონება. კერძოდ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებანი გამოიხატა შემდეგში:
დ. ხ-მ განიზრახა მისთვის ნაცნობი, რესტორან ,,-ის" მეპატრონე ა. დ-თვის ყაჩაღური თავდასხმით ფულის გამორთმევა. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი წინასწარ შეუთანხმდა ზ. ც- ს. 1999 წლის 17 თებერვალს, დაახლოვებით 13 საათზე, ზ. ც. ყაჩაღურად, ცეცხლსასროლი იარაღით ოფისში თავს დაესხა ა. დ-ს და მოსთხოვა სამიათასი ამერიკული დოლარი. ამ დროს დ. ხ. თავდამსხმელს ოფისის გარეთ ელოდებოდა. თავდასხმის დროს ა. დ-ს ოფისში არ ჰქონდა ფული, მაგრამ ზ. ც-ს შეჰპირდა, რომ ათასი ამერიკული დოლარის ერთი თვის განმავლობაში შოვნას და მისთვის გადაცემას შეძლებდა. ზ.ც. ა. დ-ს დაემუქრა, თუ იგი მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა. ამის შემდეგ ზ. ც. და დ. ხ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ 1999 წლის მარტის თვეში ზ. ც. ტელეფონით ხშირად ახსენებდა თავს და მუქარით მისგან მოითხოვდა მიცემული პირობის შესრულებას.
ა. დ-მ მომხდარის შესახებ 1999 წლის 22 მარტს აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომლის შემდეგაც, ჩატარებული ოპერატიული მუშაობის გზით, 29 მარტს დ. ხ. და ზ. ც. დაკავებულ იქნენ.
პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სასამართლო პროცესზე დ. ხ-მ და ზ. ც-მთავი დამნაშავედ არ სცნეს. დ. ხ-მ განაცხადა, რომ იგი საერთოდ არ ყოფილა ა. დ-ის ოფისთან და ზ. ც-ის და ა. დ-ის სატელეფონო საუბრების შესახებაც არაფერი არ იცის, ამ ნაწილში მისი აღიარებითი ჩვენება კი, მისი თქმით, მიცემულია მასზე წინასწარი გამოძიების პროცესში ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით.
ზ. ც-მ ასევე უარყო ყაჩაღური თავდასხმა ა. დ-ზე და განაცხადა, რომ მას უნდოდა მისგან ფული სესხად აეღო, ამასთან, განაცხადა, რომ ა. დ-თან ოფისში ყოფნის დროს მას იარაღი არ ჰქონია და არც დამუქრებია. მისი თქმით, მისი აღიარებითი ჩვენება მიცემულია წინასწარი გამოძიების პროცესში მასზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, განიხილა რა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, გამოიკვლია და გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებანი მათს ერთობლიობაში, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება წარმოებულია ძალზე არასრულყოფილად, რიგი საპროცესო დარღვევებითა და ხარვეზებით. კერძოდ, საქმის გარემოებები არ არის გამოკვლეული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები, ამასთან, ამ ხარვეზებისა და დარღვევების, რომელთა დიდი ნაწილი არსებითი ხასიათისაა, გამოსწორება ვერ მოხერხდა და როგორც სასამართლო გამოძიების მასალებიდან აშკარად ჩანს, ვერც მოხერხდებოდა სასამართლო პროცესზე. სასამართლო კოლეგიის აზრით, ბრალდების მხარემ საქმის განხილვისას ვერ წარმოადგინა განსასჯელთა მიმართ წაყენებული ბრალდების, განსაკუთრებით კი ყაჩაღობის ეპიზოდის უდავოდ დამადასტურებელი უტყუარი და ჯეროვანი მტკიცებულებები. ამასთან, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა განსასჯელთა გამამართლებელი საკმაო მტკიცებულებები, დაკმაყოფილდა რა მხოლოდ საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების უხარისხობის დამადასტურებელ ცალკეულ დეტალებსა და გარემოებებზე მითითებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ საქმეზე შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და საქმე დააბრუნა პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
კერძო საკასაციო საჩივარში პროკურორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებას დ. ხ-ის და ზ. ც-ის მიმართ და საქმის მასალების დაბრუნებას თბილისის საოლქო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის, რადგან მიაჩნია, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, არ არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი. ის ხარვეზები, რაზედაც მითითებულია თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაში, შეიძლება აღმოიფხვრას სასამართლო გამოძიების პროცესში. საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, მისი აზრით, გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას და არაფრით არ შეუწყობს ხელს საქმის დროულ, ობიექტურ და ყოველმხრივ გამოძიებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა უკანონოდ ჩათვალა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება დ. ხ-ისა და ზ. ც-ის მიმართ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, მიიჩნია, რომ ეს გამოიწვევს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უსაფუძვლოდ გაჭიანურებას, ვინაიდან ჩათვალა, რომ საქმე გამოძიებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ამდენად, პროკურორის აზრით, გამოძიების პროცესში დაშვებული ხარვეზები არ არის არსებითი, მათი გამოსწორება შეიძლება სასამართლო პროცესზე და აქედან გამომდინარე, მისი აზრით, სასამართლოს, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეუძლია გამოიტანოს განაჩენი. ყოველივე აქედან გამომდინარე, პროკურორმა მოითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება და საქმის თბილისის საოლქო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
საკასაციო პალატის სხდომაზე განსასჯელების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ. დ ემ და რ. კ ემ ბრალდების მხარის კერძო საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გამოთქვეს თავიანთი საწინააღმდეგო პოზიცია, ჩათვალეს, რომ თბილისის სამხედრო პროკურორის თანაშემწის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ შეიძლება დაკმაყოფილდეს ვინაიდან თვლიან, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევებით და ხარვეზებით.
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის, განსასჯელების ინტერესების დამცველი ადვოკატების განმარტება, მიიჩნია, რომ პროკურორის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი საფუძვლით:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება დ. ხ-ისა და ზ. ც-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში დაბრუნების შესახებ კანონიერია. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, დააბრუნა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, სწორად მიუთითა, რომ თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის მიერ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საპროცესო ნორმების დარღვევებითა და ხარვეზებით, რითაც დარღვეულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ. საკასაციო პალატა სწორად მიიჩნევს სასამართლო კოლეგიის პოზიციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რის გამოც საქმე სწორად დააბრუნა პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ამასთან სასამართლო კოლეგიამ თავის განჩინებაში მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომელთა შემოწმება თუ გამოკვლევა დაკავშირებულია საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებასთან, რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად და ობიექტურად, მხოლოდ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკველევის გზით, საქმეზე მიეღო სწორი და არსებითი გადაწყვეტილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშე. სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო განაჩენს ამყარებს მხოლოდ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმებულ უტყუარ მტკიცებულებებზე მათს ერთობლიობაში, გამომდინარე აქედან დამატებითი გამოძიება ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქმეში არსებულ წინააღმდეგობათა გასარკვევად. მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში და დამატებითი გამოძიების პროცესში წამოჭრილი სხვა საკითხების გარკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ სრულად უნდა იქნეს გამოკვლეული საკითხი იმის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ადგილი წინასწარი გამოძიების პროცესში დ. ხ-ისა და ზ. ც-ის მიმართ წამებას, არაადამიანურ ან ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და ამით ხომ არ დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ" 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, ისევე როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით გარანტირებული ადამიანის უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 24 ნოემბრის განჩინება დ. ხ-ის და ზ. ც-ის ბრალდების საქმის თბილისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.