საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.03.2000
საქმის ნომერი
2კ-217კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 2კ-217 1 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ შემდეგი შემადგენლობით:

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამრთლო კოლეგიის 1999 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც: ა. ო-იანი, ეროვნებით სომეხი, სამართალში არ ყოფილი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 79-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1602 მუხლის პირველი ნაწილით და ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმის გადახდა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, კონტრაბანდის გზით შემოტანილი დაყადაღებული ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლიდან, უნდა დაიფაროს საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, საბაჟო გადასახადის თანხა _ 5533,67 (ხუთი ათას ხუთასოცდაცამეტი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი. დარჩენილი თანხა უნდა დაუბრუნდეს ო-იანს.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, ო-იანს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა კონტრაბანდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან რუსეთიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, შემოიტანა 27259,5 (ოცდაშვიდი ათას ორასორმოცდაცხრამეტი ლარის და ხუთი თეთრის) ღირებულების სხვადასხვა სამრეწველო საქონელი და საკონდიტრო ნაწარმი. აღნიშნული საქონლის განსაბაჟებელი ღირებულება შეადგენდა 5533,67 (ხუთი ათას ხუთასოცდაცამეტ ლარს და სამოცდაშვიდ თეთრს), რის გადახდასაც ო-იანმა შეგნებულად აარიდა თავი.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გაუქმდეს განაჩენი სასჯელის ლმობიერებისა და დანაშაულის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მსჯავრდებული-სათვის უსაფუძვლოდ დაბრუნების გამო, საქმე კი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს. საკასაციო საჩივარი ო-იანისათვის შეფარ-დებული სასჯელს _ ჯარიმას _ ლმობიერად მიიჩნევს იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ 79-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც ხუთ წლამდე ვადით. ამასთანავე, საკასაციო საჩივარი თვლის, რომ უკანონოა დანაშაულებრივი გზით შემოტანილი საქონლის ღირებულების მსჯავრდებულისათვის დაბრუნება, რამდენადაც ეს თანხა მიღებულია დანაშაულის საგნის რეალიზაციის შედეგად და ექვემდებარებოდა საპროცესო კონფისკაციას. ამდენად, ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში.

თავის შესაგებელში მსჯავრდებულ ო-იანის ადვოკატი _ ზ. გ-ი ითხოვს არ დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი პალატის წინაშე თავისი დასკვნით მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მსჯავრ-დებული ო-იანის ადვოკატი ზ. გ-ი _ ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებუ-ლობა, მოუსმინა რა მხარეებს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ ო-იანის ქმედებას მიცემული აქვს სწორი იურიდიული შეფასება. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ დაურღვევია სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნები. ო-იანი ქალია, დანაშაული პირველად ჩაიდინა, გულწრფელად ინანიებს, კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა ისეთი სასჯელი რაც დაკავშირებული არ იყო თავისუფლების აღკვეთასთან.

ამდენად, ო-იანის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე _ ჯარიმა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს აშკარად ლმობიერად, და არ გამოდგება განაჩენის ამ მოტივით გაუქმების საფუძვლად.

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ო-იანის მიერ კონტრაბანდით შემოტანილი იყო სხვადასხვა დასახელების საგალანტერიო და საკონდიტრო საქონელი, რომელთა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა _ 27259,5 (ოცდაშვიდიათას ორასორმოცდაცხრამეტი ლარი და ხუთი თეთრი). დადგენილია ისიც, რომ საქონელი სარეალიზაციოდ და გამოყენებისათვის ვარგისია.

მართალია, ო-იანმა საქონელი შემოიტანა კონტრაბანდული გზით, თავი აარიდა საბაჟო გადასახადს, მაგრამ პალატა თვლის, რომ შემოტანილი საქონლის ასორტიმენტიდან გამომდინარე (იხ. განაჩენი), იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, ასევე არ წარმოადგენს ბრუნვიდან ამოღებულ საქონელს და შესაბამისად, არ უნდა დაექვემდებაროს საპროცესო კონფისკაციას.

აქედან გამომდინარე სასამართლომ სწორად დაუბრუნა ო-იანს ჯარიმის, საქონლის რეალიზაციის ხარჯების და საბაჟო გადასახადის გამოქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა. მით უფრო რომ, არც საბრალდებო დასკვნით და არც განაჩენით უარყოფილი არ არის ის, რომ ეს ქონება ო-იანმა შეიძინა მართლზომიერი გზით და წარმოადგენს მის პირად საკუთრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოცემულ განაჩენს ტოვებს უცვლელად და ხოლო საკასაციო საჩივარს არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი _ ა. ო-იანის მიმართ, დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.