განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.04.2000
საქმის ნომერი
2კ-25აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 25აპ 14 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით: თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი

წევრები: მ. ისაევი, შ. ასათიანი

განიხილა მსჯავრდებულ ი. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 თებერვლის განაჩენებზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 46- ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა ერთი წლით პირობითი მსჯავრით. სააპელაციო პალატამ მოცემული განაჩენი უცვლელად დატოვა. საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი.ნ-ძეს მსჯავრი დაედო ქმედებისათვის, რომელიც შემდეგ გარემოებებში იქნა ჩადენილი:

ი.ნ-ძე ცხოვრობს ქობულეთის რაიონის სოფ. ... ქუჩაზე მის საკარმიდამო ნაკვეთს ესაზღვრება ... ქუჩის მცხოვრებ დ. დ-ძის სახლი და მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებულია ციტრუსი.

1998 წლის 24 ნოემბერს დ. დ-ძის მეუღლე თ. ბ-ავა, მეზობელი ნ. ს-ძე, ნათესავი ტ. თ-ია და მისი მეუღლე ო. თ-ია დილიდანვე კრეფდნენ ციტრუსს. დაახლოებით 14 საათზე ი. ნ-ძემ, რომელიც საცალფეხო ბილიკით სახლში ბრუნდებოდა ნაკვეთიდან, დ. დ-ძის ბაღის ღობესთან გავლისას კამათი დაუწყო ბაღში მომუშავე ნ. ს-ძეს და ტ. თ-იას. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე თ. ბ-ავას, რომელიც ააღელვა ახლად გარდაცვლილი ვაჟიშვილის საფლავისა და ძვლების ხსენებამ. თ. ბ-ავამ აიღო ხის სარის ნატეხი და ი. ნ-ძეს შუბლის არეში მიაყენა ნაჭდევი. საპასუხოდ ი. ნ-ძემ მიწიდან აიღო ქვა და ესროლა თ. ბ-ავას, რომელიც მას თავში მოხვდა. თ. ბ-ავამ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს განაჩენების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის, მისი მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის დასკვნა, რომელმაც განაჩენების უცვლელად დატოვებას დაუჭირა მხარი, შეამოწმა მათი კანონიერება და თვლის, რომ განაჩენები უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, ე. ი. უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი გამოძიების პროცესში დარღვეულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შესახებ. დარღვეულია ასევე ბრალდებულის დაცვის უფლება.

ყოველივე აღნიშნული შემდეგში გამოიხატა:

წინასწარ გამოძიებას არ შეუმოწმებია ი. ნ-ძის ჩვენება იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის ოჯახთან კონფლიქტური დამოკიდებულება აქვს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

აღნიშნულის შემოწმებას კი დიდი მნიშვნელობა აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გარკვევის თვალსაზრისით.

არ დაუთვალიერებიათ შემთხვევის ადგილი. გამოძიება არ შეეცადა გაებათილებინა ი. ნ-ძის ჩვენება იმის შესახებ, რომ იმ დღეს საერთოდ არ უნახავს თ. ბ-ავა და ვერც დაინახავდა ადგილზე მაღალი ხეების გაშენების გამო.

დამატებითი გამოძიებით უნდა გაირკვეს, რა ვითარებაში მიიღო თ. ბ-ავამ დაზიანება. სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის აქტში ჩაწერილია, რომ იგი ხელებით სცემა და თავში ქვა ჩაარტყა მეზობელმა ი. ნ-ძემ. მანვე დაზარალებულის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ ი. ნ-ძე ჯერ ეკამათა, შემდეგ კი ღობის გარედან ქვა ესროლა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს და აიხსნას დაზიანების მიყენების მექანიზმი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებულია იმის თაობაზე, რომ ი. ნ-ძემ და თ. ბ-ავამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს და დაახლოე-ბით 2-3 მეტრის მანძილიდან ერთმანეთს ესროლეს მიწიდან აღებული მკვრივი ქვის მაგვარი საგნები. გამოძიებით აღნიშნულ გარემოებას არ მისცემია სათანადო შეფასება, კერძოდ ვინ მიაყენა ი. ნ-ძეს დაზიანება; ამასთან, უნდა გაირკვეს მისი დაზიანების ხასიათიც.

დამატებითი გამოძიების პროცესში კრიტიკულად უნდა დაიკითხონ თვით ი. ნ-ძე, დაზარალებული და მოწმეები. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი დაპირისპირება. სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ მიეცეთ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ეჭვმიტანილისათვის უფლებების გაცნობის დროს ი. ნ-ძემ დააყენა შუამდგომლობა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ და გამოთქვა სურვილი მისი ინტერესების დასაცავად ადვოკატ ტ. მ-ის მიწვევის თაობაზე.

1999 წლის 19 თებერვალს ქობულეთის რაიონის იურიდიული კონსულტაციას გაეგზავნა მიმართვა ეჭვმიტანილ ი. ნ-ძის უფლების დასაცავად ადვოკატის გამოყოფის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, ეჭვმიტანილის სახით ი. ნ-ძე ისე დაიკითხა, ადვოკატი არ დასწრებია.

წინასწარი გამოძიების დამთავრების სტადიაზე ბრალდებულმა ნ-ძემ დააყენა შუამდგომლობა მოცემული საქმის ქობულეთის რაიონული სასამართლოსათვის აცილების შესახებ. ამავე შუამდგომლობაში ადვოკატმა მიუთითა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების შესახებ, უსწოროდ მიიჩნია წარდგენილი ბრალდება, აღნიშნა, რომ თვით დაზიანებულ ი. ნ-ძეს არ შეეძლო თ. ბ-ავასათვის დაზიანება მიეყენებინა. მიანიშნა იმის შესახებაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებით შესაძლებელი გახდებოდა მოწმეთა ჩვენებების რეალურად შეფასება.

გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ადვოკატის შუამდგომლობის დაკმა-ყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სა-სამართლოზე საქმის აცილების შესახებ, რაც იმით დაასაბუთა, რომ საქმე არის ქობულეთის რაიონული სასამართლოს განსჯადი. ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ ადვოკატს სასამართლოზე აცილების საკითხი არ დაუყენებია, არამედ მიუთითა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებაზე და რისი შევსებაც მოითხოვა გამოძიების მიერ, მასზე გამომძიებელს პასუხი არ გაუცია ე. ი. შუამდგომლობა არ განხილულა.

ამდენად, არ ყოფილა დაცული სსსკ-ის 407-ე მუხლის მოთხოვნები, რითაც ფაქტობრივად დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.

საბრალდებო დასკვნა მოცემულ საქმეზე შედგენილია სსსკ-ის 409-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არაა მითითებული გარემოებანი, რომლებიც ამძიმებენ ან ამსუბუქებენ პასუხისმგებლობას. შეინიშნება ბევრი წინააღმდეგობა და უზუსტობა. ზოგი მოწმის ჩვენებით ი. ნ-ძემ ქვა ესროლა თ. ბ-ავას, ზოგის ჩვენებით კი ქვა გაარტყა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს საკითხი საჭიროებს დაზუსტებას. ამასთან, პალატა იმასაც აღნიშნავს, რომ საბრალდებო დასკვნა შედგენილია ქართული ენის ნორმების უხეში დარღვევით, სტილი გაურკვეველია, რის გამოც ზოგი მოწმის ჩვენება ერთობ ბუნდოვანია.

დამატებითი გამოძიების დროს აღნიშნულსაც უნდა მიექცეს ყურადღება. პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე , 561-ე, 563-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 10 თებერვლის განაჩენი ი. ნ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად

დაუბრუნდეს პროკურატურას.