ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 9I 2 ივნისი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით: თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
მოსამართლეები: მ. ისაევი, მ. ტურავა
განიხილა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილის საკასაციო
საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 სექტემბრის განაჩენი გ. ა-შვილის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და იგი გამართლდა დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის დაუდასტურებლობის გამო. იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 274-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით, 260-ე, 239-ე და 136-ე მუხლებით მსჯავრდებულია რ. თ-ძე და სასჯელთა ერთობლიობის წესით შეფარდებული აქვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ამ უკანასკნელის მიმართ გასაჩივრებული არ არის. იმავე თარიღის განჩინებით სააპელაციო პალატამ დ. ც-ძის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ნაწილში საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. გარდა ამისა პალატამ დაადგინა ორი კერძო განჩინება.
პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს გ. ა-შვილის მიმართ სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობაზე განსახილველად გადაცემას.
დაზარალებულ ნ. ც-ძისა და გამართლებულ გ. ა-შვილის ადვოკატის _ დ. კ-ის შესაგებლები მხარს არ უჭერენ პროკურორის საკასაციო საჩივარს და ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენისა და განჩინების უცვლელად დატოვებას.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 20 სექტემბრის განაჩენით დადგენილად იქნა მოჩნეული შემდეგი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გორის რაიონის სოფელ ... დისლოცირებული სამხედრო ბატალიონის მეთაურად მსახურობდა ვიცე-პოლკოვნიკი დ. ც-ძე. ამავე ბატალიონის ასეულის მეთაური იყო ზემდეგი რ. თ-ძე. ბატალიონში სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს გადიოდა რიგითი გ. ა-შვილი. 1999 წლის 17 აპრილს, შუადღის შემდეგ, ბატალიონის ტერიტორიაზე მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა ასეულის მეთაური რ. თ-ძე. დაახლოებით 23 საათზე, საყარაულო განაწესის ¹ 2 საგუშაგოსთან რ. თ-ძემ ანგარიშსწორების მიზნით ძებნა დაუწყო სამხედრო მოსამსახურეს _ ვ. დ-იანს იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელი თითქოს აბუჩად იგდებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ბატალიონში მომსახურე აზერბაიჯანელი ეროვნების ჯარისკაცებს. საგუშა-გოზე მას შეხვდა რიგითი ნ. ჩ-ური, რომელსაც უმიზეზოდ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სცადა მისთვის წაერთმია ავტომატური იარაღი, მაგრამ ეს ვერ მოახერხა ამ უკანასკნელის მიერ წინაღმდეგობის გაწევის გამო. ამ მომენტში ნ. ჩ-ურს შეეხმიანა ვ. დ-იანი. რ. თ-ძემ გაიგონა რა ვ. დ-იანის ხმა, შეაგინა მას და დაემუქრა _ შემდეგ მასაც გაუსწორდებოდა. ვ. დ-იანი მიხვდა, რომ რ. თ-ძე მთვრალი იყო და გაერიდა მას. რამდენიმე წუთის შემდეგ რ. თ-ძე შევიდა საგუ-შაგო ოთახში (შენობაში), სადაც იმყოფებოდნენ გუშაგი ნ. ჩ- ური და თავისუფალი ცვლის გუშაგი ს. ძ-ია, რომელიც ისვენებდა. რ. თ-ძემ, როცა შეკითხვაზე _ „დ- იანი სად არისო" _ არადამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო, ორთავეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც შევიდა ასეულის ყაზარმის შენობაში, სადაც მორიგეობდა სერჟანტი ვ. დ-შვილი და ამ უკანასკნელს მოსთხოვა იარაღის შესანახი ოთახის გასაღები. ვ. დ- შილმა იცოდა რა, რომ რ. თ-ძე მთვრალი იყო, გასაღების მიცემაზე უარი უთხრა, რის გამოც რ. თ- ძემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, შემდეგ ხელი გაარტყა, გასაღები წაართვა და იარაღის შესანახი ოთახიდან გამოიტანა მასზე განპიროვნებული ავტომატი ერთი მჭიდითა და 30 საბრძოლო ვაზნით, რის შემდეგაც კვლავ ძებნა დაუწყო ვ. დ-იანს. ბატალიონის ტერიტორიაზე მან დაინახა ვ. დ-იანი და დაუძახა, თანაც მხრიდან მოიხსნა ავტომატი და გახსნა დამცავი მექანიზმი. ეს რომ შენიშნა იქვე მყოფმა ბატალიონის მორიგემ, კაპიტანმა ა. გ-შვილმა, მოახერხა რ. თ-ძისათვის ავტომატის ჩამორთმევა. მიუხედავად ამისა, რ. თ-ძე იარაღის გარეშე, გინებით გამოედევნა ვ. დ- იანს და ემუქრებოდა სიკვდილით. ვ. დ-იანმა მოახერხა მიმალულიყო და ის ღამე სოფელში გაათენა. მას შემდეგ, რაც ვ. დ-იანი გავიდა ბატალინის ტერიტორიიდან, ა. გ-შვილმა ავტომატი დაუბრუნა რ. თ-ძეს და მიუთითა წასულიყო დასასვენებლად. დაახლოებით ღამის 12 საათის შემდეგ რ. თ-ძე შევიდა ყაზარმაში მისთვის განკუთვნილ ოთახში, თან შეიტანა ავტომატი, რომელიც მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დააყენა გასროლის ავტომატურ რეჟიმზე, არ ჩაკეტა დამცავი მექანიზმი და მიაყუდა მის საწოლთან ახლოს, რითაც შექმნა სხვის მიერ ამ იარაღის გამოყენების პირობა. თვითონ კი დაწვა დასაძინებლად. დაახლოებით ღამის 2 საათზე ბატალიონში დაბრუნდა მეთაური დ. ც-ძე, რომელსაც მოახსენეს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი რ. თ-ძის ქმედების შესახებ. ბატალიონის მეთაური გაემართა რ. თ-ძის ოთახისაკენ. ვინაიდან ამ დროს ელექტროგანათება არ იყო, მან ნავთის ლამფით თან გაიყოლა რიგითი გ. ა-შვილი, ხოლო მორიგე ვ. დ-შვი-ლი დატოვა ყაზარმის შესასვლელთან. ოთახში შესვლის შემდეგ დ. ც-ძემ შენიშ-ნა რა, რომ რ. თ-ძეს ეძინა, ლამფა გამოართვა გ. ა-შვილს, დადგა იქვე ტუმბო-ზე, თვითონ ჩამოჯდა თავისუფალ საწოლზე და გ. ა-შვილს მიუთითა მიეწოდებია კედელზე მიყუდებული რ. თ-ძის ავტომატი. გ. ა-შვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის აღებისა და მეთაურისათვის მიწოდების დროს გამოიჩინა იარაღთან დაუდევარი მოპყრობა, არ დაიცვა იარაღის ხელში აღებისა და სხვაზე მიწოდების წესი, შემთხვევით ხელი მოუხვდა სასხლეტზე, რომელიც ჩაკეტილი არ იყო და დ. ც-ძის მიმართულებით ახლო მანძილიდან მოხდა მრავლობითი გასროლა. სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიღებული მრავალი ჭრილობის შედეგად დ. ც-ძე იქვე გარდაიცვალა.
აღნიშნული ქმედებებისათვის გორის რაიონის სასამართლომ ზემოთ მითითებული განაჩენით რ. თ-ძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 274-ე მუხლის „ა" პუნქტით, 136-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით და სასჯელთა ერთობლიობის პრინციპით მიუსაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. ა-შვილი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს _ დაზარალებულ მ. ც-ძის ადვოკატმა _ მ. უ-მა და მსჯავრდებულ გ. ა-შვილის ადვოკატმა _ დ. დ-მა. დაზარალებული მხარის სააპელაციო საჩივარი ითხოვდა ორთავე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ადვოკატ დ. დ-ის საჩივარი კი _ გ. ა- შვილის გამართლებას. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ც-ძემ მსჯავრდებულ გ. ა-შვილის მიმართ მოხსნა საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ რ. თ-ძის მიმართ გორის რაიონის სასამართლოს მიერ სსკ-ის 274-ე მუხლის „ა" პუნქტით და 260-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი მიიჩნია რა ლმობიერად, იგი გაზარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე. სხვა მუხლებით განსაზღვრული სასჯელი კი დაუტოვა უცვლელად. გ. ა-შვილის მიმართ გააუქმა განაჩენი და იგი გაამართლა დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის დაუდასტურებლობის მოტივით. დ. ც-ძის მკვლელობის ნაწილში კონკრეტული დამნაშავე პირის დადგენის მიზნით განჩინებით საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
სააპელაციო სასამართლომ გ. ა-შვილის გამართლებას ძირითად საფუძვლად დაუდო ის, რომ საეჭვოდ მიიჩნია დანაშაულში მისი მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების კანონიერება. სახელდობრ: წინასწარი გამოძიების უმეტეს პერიოდში გ. ა-შვილი აღიარებდა დ. ც-ძის გაურთხილებლობით მკვლელობას, მაგრამ პირველი და სააპელაციო ინსტაციის სასამართლო სხდომაზე მან უარყო ეს აღიარება და აჩვენა, რომ დანაშაულის აღიარება მას გამოსძალეს გორის რაიონის სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში უკანონო ზემოქმედების შედეგად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ „გ. ა-შვილის აღიარებითი ჩვენებები მოპოვებულია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამოყენებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დასაშვებობას". სააპელაციო პალატა, ასევე საეჭვოდ მიიჩნევს დაზარალებულ ვ. დ- შვილის, მოწმეების _ გ. ბ-შვილისა და ზ. გ-შვილის ჩვენებების ობიექტურობასა და მათი მოპოვების კანონიერებას. აღნიშული პირები კი დანაშაულის ჩადენაში ამხელენ გ. ა-შვილს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინასწარი გამოძიების დროს დაირღვია გ. ა- შვილის დაცვის უფლება და საპროცესო კანონმდებლობის ნორმები.
პროკურორის საკასაციო საჩივარი უკანონოდ მიიჩნევს რა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გ. ა-შვილის გამართლების ნაწილში და განჩინებას დ. ც-ძის მკვლელობის ეპიზოდში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, მიუთითებს: „გამამართლებელი განაჩენის დადგენით სასამართლომ დამატე-ბით გამოძიებას მოუსპო საშუალება დ. ც-ძის მკვლელობის ეპიზოდში სხვა მტკიცებულებების შეკრებისათვის, მით უმეტეს, რომ რ. თ-ძის მიმართ დაადგინა გამამატყუნებელი განაჩენი სსკ-ის 239-ე მუხლით. მესამე ეჭვმიტანილი კი არ არსებობს და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, არც შეიძლება არსებობდეს".
გამამართლებელი განაჩენის უკანონობის ერთ-ერთ მოტივად საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის უგულებელყოფაზე მიუთითებს. ამ ნორმის შესაბამისად _ "ეჭვი დამ-ნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულებების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით". დამატებითი მტკიცებულებების შესაკრებად კი სასამართლომ არ მიიღო კანონით გათვალისიწნებული ზომები და ისე დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
საჩივარს, ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს ის მოსაზრება, რომ წინასწარი გამოძიების პროცესში დაირღვა გ. ა-შვილის დაცვის უფლება და ყველა სხვა მოსაზრება, რომელიც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. გ-მა საკასაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნების გარდა დამატებით იშუამდგომლა რ. თ-ძის მიმართ სსკ-ის 136-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა სასჯელის ისეთი კანონიერი ღონისძიებით, რაც ამ მუხლის სანქციით არის გათვალისწინებული.
პალატამ მოისმინა პროკურორის, დაზარალებულის, გამართლებულისა და მისი ადვოკატის მოსაზრებები და განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის და შესაგებელთა საფუძვლიანობა და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
1.გ. ა-შვილის მიმართ უნდა გაუქმდეს როგორც სააპელაციო პალატის გამამართლებელი, ასევე გორის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
2.რ. თ-ძის მიმართ უნდა გაუქმდეს სსკ-ის 239-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გამამტყუნებელი განაჩენი;
3.საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლით რ. თ-ძის მიმართ ორთავე განაჩენით შეფადებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოყვანილი უნდა იქნას კანონის შესაბამისობაში. ასევე ახალი სსკ-თან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი რ. თ-ძის სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდება.
4.სხვა ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი რ. თ- ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად;
5.დ. ც-ძის მკვლელობის და რ. თ-ძეზე სსკ-ის 239-ე მუხლით შერაცხული ბრალდების ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას.
6.იმის გამო, რომ გაუქმებას ექვემდებარება გ. ა-შვილის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი, მასთან ერთად უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი კერძო განჩინებანიც.
პალატა ასეთ დასკვნამდე მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს (და ამ ნაწილში ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას), რომ ცეცლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო დ. ც- ძის გარდაცვალების გარემოებანი წინასწარი გამოძიების მიერ სრულყოფილად და საპროცესო ნორმების სრული დაცვით გა-მოძიებული არ არის. არც პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებს გამოუკვლევიათ ეს გარემოებანი სრულყოფილად და დამაჯერებლად. ამდენად, ამ ნაწილში საქმე უდავოდ ექვემდებარება დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, ამასთან, პალატა იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ გ. ა-შვილის მიმართ გამამართლებელი, ხოლო რ. თ-ძის მიმართ სსკ-ის 239-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა) გამამტყუნებელი გა-ნაჩენის არსებობის შემთხვევაში დამატებით გამოძიებას პრაქტიკულად თითქმის არავითარი შესაძლებლობა აღარ რჩება დ. ც-ძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაადგინოს და მის მიმართ კანონიერი გზით შეკრიბოს მამხილებელი მტკიცებულებანი. (საქმის მასალების მიხედვით დ. ც-ძის სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი შე- იძლება იყოს მხოლოდ გ. ა-შვილი ან რ. თ-ძე. სხვა მესამე პირის არსებობას გა-მორიცხავს საქმეში მონაწილე ყველა მხარე). ამდენად, გ. ა-შვილის მიმართ გა-მამართლებელი, ხოლო რ. თ-ძის მიმართ სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში თუ შევა, დამატებით გამოძიებას აღარ რჩება შესაძლებლობა დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ. ა-შვილის გამართლება და რ. თ-ძის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით ნაადრევია მანამდე, სანამ არ გაირკვევა ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა დ. ც-ძის სიცოცხლის მოსპობა.
პალატა ასევე იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად „ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნ-და გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით“. სააპელაციო სასამართლომ არა მარტო თვითონ არ გამოიკვლია სრულყოფილად ბრალდების მტკიცებულებანი, არამედ გ. ა-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენით გამოძიებასაც მოუსპო დამატებით მტკიცებულებათა შეკრებისა და საქმის ფაქტიურ გარემოებებში ობიექტურად გარკვევის ყოველგვარი შანსი.
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ა-შვილის გამართლე-ბას ერთ-ერთ საფუძვლად წინასწარი გამოძიების დროს მისი დაცვის უფლების დარღვევაც დაუდო. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 563-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად „გამამართლებელი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, თუ დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება“, მაგრამ განაჩენში მითითებული ეს დარ-ღვევა უტყუარად დადასტურებული არ არის. სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს ადვოკატ ვ. ს-ს ჰქონდა თუ არა გ. ა-შვილის დაცვის უფლება და მან რეალურად განახორციელა თუ არა დაცვა. სასამართლოს ეს საკითხი სრულყოფილად არ გამოუკვლევია და განაჩენში მიუთითა: „საქმეს ერთვის ვ. ს-ის განცხადება, რომელიც უფრო აძლიერებს ეჭვს ამ სა-კითხის ირგვლივ“. განაჩენის ამ ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლოს სრულყოფილად და ობიექტურად არ გამოუკვლევია მართლაც დაირღვა თუ არა წინასწარი გამოძიების სტადიაზე გ. ა-შვილის დაცვის უფლება და ეჭვის სარწმუნოდ მიჩნევისათვის ძირითადად დაეყრდნო ა-შვილის განმარტებას, მაშინ როდესაც სასამართლოს რეალური შესაძლებლობა ჰქონდა სრულყოფილად გამოეკვლია ეს სადავო საკითხი და ემსჯელა მხოლოდ უდავოდ დადგენილი ფაქტებით. ვინაიდან ეს სასამართლომ არ გააკეთა, ამჟამად ეს ფუნქცია დამატებითმა გამოძიებამ უნდა შეასრულოს და გაარკვიოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი გ. ა- შვილის დაცვის უფლების დარღვევას, რაში გამოიხატა ეს და ამ გარემოებამ როგორი ზეგავლენა იქონია მის მიერ მიცემული ჩვენებების ობიექტურობაზე. ამ მიზნით გამოძიებამ უნდა ჩაატაროს სრულყოფილი და კვალიფიციური გამოკვლევა.
გ. ა-შვილის გამართლებას არ შეიძლებოდა ერთ-ერთ საფუძვლად დადებოდა განაჩენში გატარებული არც ის მოსაზრება, რომ მისი ბრალეულობის ზოგიერთი მტკიცებულება შეიძლება მოპოვებულია კანონსაწინააღმდეგო გზით. სასამართლო ვალდებული იყო ამის თაობაზე კატეგორიულად ემსჯელა და საქართველოს სსსკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად გადაეწყვიტა სადაო მტკიცებულებათა დასაშვებად თუ დაუშვებლად მიჩნევის საკითხი. განსასჯელის ადვოკატის მიერ სასამართლო პროცესზე დაყენებული ეს საკითხი სააპელაციო პალატამ არც დადებითად გადაწყვიტა და არც უარყოფითად. ამის თაობაზე არც განაჩენში აღნიშნა თავისი კა-ტეგორიული შეფასება და მიუთითა: „გ. ა-შვილის აღიარებითი ჩვენებები მოპოვებულია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამოყენებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ დასაშვებობას". ე.ი. გამოდის, რომ სააპელაციო პალა-ტას ცალკეული მტკიცებულებანი სრულყოფილად არ გამოუკვლევია, მათ მიმართ მტკიცედ ჩამოყალიბებული ერთსახოვანი შეხედულება არ აქვს და მიუხედავად ამისა არ მოახდინა მათი დამატებითი შემოწმება ან ასეთი მოთხოვნა არ დააყენა გამოძიების წინაშე. თუ სასამართლო უდაოდ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ ა-შვილის აღიარებითი ჩვენებები მოპოვებულია უკანონო ფსიქოლოგიური ზემოქმედების გამოყენებით, მაშინ ასეთი მტკიცებულება მხოლოდ ეჭვქვეშ კი არ უნდა დაეყენებია, არამედ კანონის შესაბამისად დაუშვებლად უნდა ეცნო. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით შეიძლება მართლაც საეჭვო იყოს, მაგრამ უდაოდ დადგენილი მაინც არ არის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გატარებული მოსაზრება ა-შვილის აღიარებითი ჩვენებების უკანონო ფსიქოლოგიური ზემოქმე-დების გზით მოპოვების თაობაზე. ასეთ დასკვნამდე სააპელაციო სასამართლო მივიდა მხოლოდ თვით ა-შვილის განმარტებაზე დაყრდნობით, რაც შეჯერებული არ არის სხვა მტკიცებულებებთან და იმ ფაქტზე მითითებით, რომ განსასჯელი დაპატიმრებიდან სამი თვის განმავლობაში ნაცვლად საგამოძიებო იზოლიატორისა, იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნის საწინააღმდგოდ, უკანონოდ იყო მოთავსებული გორის სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში.
საყურადღებოა, რომ გ. ა-შვილი სასამართლო სხდომებზე მიცებულ ჩვენებებში ძირითადად ფიზიკურ ზემოქმედებებზე მიუთითებდა, რომლის რეალობა სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუსწავლია. რაც შეეხება ჰაუპტვახტში ხანგრძლივი ვადით მოთავსებას, იმდროისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 881 მუხლი ასეთს უშვებდა 15 დღემდე ვადით. გ. ა-შვილს ყველა აღიარებითი ჩვენება მიცემული აქვს დაკავებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში. ამდენად, დამატებითმა გამოძიებამ კანონის სრული დაცვით უნდა გამოიკვლიოს ჰაუპტვახტში მოთავსებულ გ. ა-შვილზე ხომ არ მოუხდენია ვინმეს ფიზიკური ზეწოლა, რომლის გავლენითაც მან უსაფუძვლო თვითმხილება გააკეთა და რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება განიცადა ხანგრძლივი დროით ჰაუპტვახტში ყოფნის გამო.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს სსსკ- ის 504-ე მუხლი გამართლების საფუძვლად არ მიიჩნევს „განსასჯელის მხრივ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის დაუდასტურებლობას“. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის „გ“ პუნქტი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლის 1 ივნისამდე, გამამართლებელი განაჩენის საფუძვლად მიიჩნევდა დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის მიუღებლობას, რაც სასამართლო გამოკვლევით კატეგორიულად დადგენილი უნდა იყოს და არა „მონაწილეობის დაუდასტურებლობას“, რომელიც კატეგორიული არ არის და გაკრვეული ეჭვის საფუძველს მაინც ტოვებს.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დადგინდა, რომ გ. ა-შვილის ბრალდების მამხილებელი უმთავრესი მოწმე ვ. დ-შვილი 1999 წლის 24-დან 27 აპრილამდე, ე. ი. იმ პერიოდში, როცა მან ა-შვილის მამხილებელი ჩვენებები მისცა, ჰაუპტვახტში იყო მოთავსებული. ამის გამო სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია მისი ჩვენებების ობიექტურობა მიუხედავად იმისა, რომ არ გამოურკვევია დ-შვილი რატომ იყო მოთავსებული ჰაუპტვახტში, ამან იქონია თუ არა გავლენა მისი ჩვენების ობიექტურობაზე და ეს გარემოება გ. ა-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის
დადგენის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენა. მართალია, ვ. დ-შვილს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება იმის თაობაზე, რომ ანიაშვილის მამხილებელი ჩვენების მისაცემად გამოძიებამ მასზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ ვინაიდან ჰაუპტვახტში მისი მოთავსების ფაქტმა სასამართლოს შემადგენლობაში მაინც გარკვეული ეჭვი აღძრა, დამატებითმა გამოძიებამ ეს საკითხიც სრულყოფილად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს.
დამატებითი გამოძიებით უნდა დადგინდეს როდის და სად მოხდა ვ. დ-შვილისა და გ.ა-შვილის დაკითხვა და დაპირისპირება, ვინ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და ხომ არ დაირღვა კანონი მათი შესრულების დროს.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს დაზარალებულმა ნ. ც-ძემ განაცხადა, რომ მოწმე ვ. დ-შვილი და პროკურორი რ. გ-ი ნათესავები არიან და ამის გამო ეჭვი შეიტანა დ-შვილის ჩვენების ობიექტურობაში. დამატებითმა გამოძიებამ ეს გარემოებაც სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს და შედეგს მისცეს ობიექტური სამართლებრივი შეფასება.
საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ გამოძიების დამთავრებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ბრალდებულმა გ. ა-შვილმა პირადი შეხვედრის დროს პროკურორ რ. გ-ს სრულიად ახალი გარემოება განუცხადა იმის თაობაზე თუ რატომ მისცა მან დანაშაულის აღიარებითი ჩვენება. ასეთ ვითარებაში პროკურორი ვალდებული იყო განეახლებია გამოძიება, დეტალურად დაეკითხა ა-შვილი და სრულყოფილად გამოეკვლია მისი განმარტება. პროკურორს კანონის ეს მოთხოვნა არ შეუსრულებია.
დამატებითმა გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მოწმე ვ. დ-შვილი სად ელოდებოდა რ. თ-ძის ოთახში შესულ დ. ც-ძესა და გ. ა-შვილს, რა მანძილია მისი დგომის ადგილსა და თ-ძის ოთახს შორის და ამ მანძილზე შეეძლო თუ არა მას გაეგო რა საუბარი იყო ამ ოთახში ან მოესმინა იარაღის ხელში აღების ე. წ. „ჩხაკუნის“ ხმა, როგორც ამას გ. ა-შვილი აჩვენებს.
დამატებითი გამოძიებით გარკვეული უნდა იქნეს ხომ არ არის შესაძლებელი დ. ც-ძის მკვლელობაში რ. თ-ძესა და გ. ა-შვილს გარდა ეჭვი იქნეს მიტანილი სხვა მესამე პირზე ან უბედურ შემთხვევაზე. ამ საკითხის გარკვევის მიზნით დამატებით უნდა მოხდეს შემთხვევის ადგილის ფართომასშტაბიანი დათვალიერება, დეტალურად დაიკითხოს რ. თ-ძე, გ. ა-შვილი, ვ. დ-შვილი, სხვა სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი ექსპერტები.
დამატებითი გამოძიების დროს დამატებით დეტალურად უნდა დაიკითხონ სამხედრო კომენდატის თანაშემწე ზ. გ-შვილი და ჰაუპტვახტის უფროსი გ. ბ-შვილი. ამ მოწმეთა მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების ობიექტურობა ან მეტად საეჭვოა, ან მათი დაკითხვის ოქმები არასწორად არის დათარიღებული. ამათ გარდა უნდა დაიკითხონ ჰაუპტვახტის სხვა თანამშრომლებიც და გაირკვეს მართლაც მოხდა თუ არა გ. ა-შვილზე უკანონო ფიზიკური ზემოქმედება, როგორც ეს ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომებზე აღნიშნა.
საქმეში წარმოდგენილია გორის სამხედრო სასწავლო ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსის თ. თ-შვილის მიერ 1999 წლის 27 აპრილის თარიღით გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ გ. ა-შვილი არის ჯანმრთელი და რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. გამოძიებამ უნდა დაკითხოს თ. თ-შვილი და გა-არკვიოს რეალურად შეამოწმა თუ არა მან გ. ა-შვილი, თუ შეამოწმა _ როდის და ამ უკანასკნელმა მას ხომ არ განუცხადა რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე. გამოძიების მიერ ასევე უნდა დაიკითხონ გ. ა-შვილის შემთხვევის ადგილზე გაყვანის დამსწრე თანამოწმეები იმ საკითხზე _ ხომ არ ემჩნეოდა ა-შვილს იძულებისა და დაზიანების ნიშნები. საკასაციო პალატის სხდომაზე გ. ა-შვილმა განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის აღიარების მისაღწევად მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების შესახებ მან საქმის სასამართლოში წარმართვამდე განუცხადა მის ადვოკატს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამაზე რეაგირება არ მოახდინა. დამატებითი გამოძიების დროს ამ საკითხის გამორკვევასაც უნდა მიექცეს ყურადღება.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ "საქმეზე წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ ადვოკატი ვ. ს-ი საქმის მასალებს ეცნობოდა 26 ივლისიდან 30 ივლისამდე, მაგრამ მას არ დაუყენებია შუამდგომლობა იმ ფაქტების ირგვლივ, რომლებზეც საუბარია 26 ივლისს პროკურორ გ-ის მიერ შედგენილ ცნობაში. ეს კი დაცვის უფლების აშკარაა დარღვევაა. სასამართლომ განაჩენში ასეთი მითითება ისე გააკეთა, რომ არ გამუკვლევია ადვოკატი ვ. ს-ი მართლაც გაეცნო თუ არა პროკურორის მიერ შედგენილ ზემოთ მითითებულ ცნობას. ამის გარკვევის გარეშე მითითებული ფაქტის დაცვის უფლების
უდავოდ დარღვევად მიჩნევა ნაადრევია. საქმის ფურცლების ჩაკერების ქრონოლოგიის მიხედვით ვ. ს-ი დასახლებულ ცნობას გაცნობილი არ უნდა იყვეს. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ ეს საკითხიც უნდა შეისწავლოს და შედეგის მიხედვით მას მისცეს სამართლებრივი შეფასება.
პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ რ. თ-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების დადგენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლი სასჯელის ღონისძიებად არ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. მიუხედავად ამისა, ორთავე სასამართლომ რ. თ-ძეს ამ მუხლით სასჯელის ზომად შეუფარდა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ეს მუხლი სასჯელის მაქსიმუმად ითვალისწინებს ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოებს და მისი სასჯელიც ამის შესაბამისად უნდა განსაზღვრუ-ლიყო. აღნიშნული მუხლი შეესაბამება 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი სსკ-ის 151-ე მუხლს, მაგრამ ამ უკანასკნელს არ უნდა მიეცეს უკუქცევითი ძალა იმის გამო, რომ ის სასჯელის სხვა ღონისძიებებთან ერთად ტუსაღობასაც ითვალისწინებს, რომელიც სასჯელის უფრო მძიმე სახეა, ვიდრე გამასწორებელი სამუშაო.
სააპელაციო სასამართლომ რ. თ-ძეს გაუმკაცრა სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ორი წლით თავისუფლე-ბის აღკვეთამდე. იმ დროისათვის სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო, მაგრამ 2000 წლის 1 ივნისიდან ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა. განაჩენის დადგენის დროს მოქმედ სსკ-ის 260-ე მუხლს ამჟამად შეესაბამება ახალი ს.ს. კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის სანქცია სასჯელის ღონისძიებად ითვალისწი-ნებს სამხედრო პირის სამსახურებრივ შეზღუდვას ერთ წლამდე ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებას იმავე ვადით. ამის გამო ამ მუხლს უკუქცევითი ძალა აქვს. რაც შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ რ. თ-ძის მიმართ გაამკაცრა მაშინ მოქმედი საქართველოს სსკ-ის 274-ე მუხლის „ა“ პუნქტით და-ნიშნული სასჯელი ორი წლით თავისუფლების აღკვეთამდე, საკასაციო პალატა ამას მართლზომიერად მიიჩნევს და ეთანხმება. ეს კვალიფიკაცია შეესაბამება ამ-ჟამად მოქმედი სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილს და იგი სასჯელის ღონისძიებად აწესებს. სამიდან _ რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროისათვის მოქმედი ნორმების სანქციაზე უფრო მკაცრია და ამდენად უკუქცევითი ძალა არ მიეცამა. აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მხოლოდ ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გორის რეგიონული სამხედრო პროკურატურა მოცემულ საქმეზე ვერ შეძლებს სრულყოფილი დამატებითი გამოძიების ჩატარებას (გამორიცხული არ არის დასაკითხი გახდეს პროკურორი, თანაშემწე და გამომძიებლები). ამიტომ საქმე გამოსაძიებლად უნდა გაეგზავნოს საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას.
ზემოაღნიშნულის გამო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე, 567- ე, 568-ე და 571-ე მუხლებით და
და ა დ გ ი ნ ა :
1.საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მოცემულ საქმეზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს გ. ა-შვილის მიმართ გორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 20 სექტემბრის გამამტყუნებელი და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი. იგივე განაჩენები გაუქმდეს რ. თ-ძის სსკ-ის 239-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში;
3.დ. ც-ძის მკვლელობის და რ. თ-ძეზე სსკ-ის 239-ე მუხლით შერაცხული ბრალდების ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას;
4.ორთავე განაჩენში შეტანილი იქნას ცვლილება და რ. თ-ძეს საქართველოს სსკ-ის 136-ე მუხლით (ახალი კოდექსის 151-ე მუხლი) სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს ერთი წლით გამასწორებელი სამუშაო შემოსავლიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ 20%-ის დაქვითვით, ხოლო მისივე მსჯავრდება ძველი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მოყვანილ იქნეს ახლი კოდექსის 387-ე მუხლთან შესაბამისობაში და სასჯელის ზომად განესაზღვროს ერთი წლით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განაჩენი რ. თ-ძის მიმართ სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5.სააპელაციო პალატის 2000 წლის 25 თებერვლის კერძო განჩინებები მოცემულ საქმეზე გაუქმდეს;
6.განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.