განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 45 კოლ. 28 ივნისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მერაბ ტურავა
წევრები: შოთა ასათიანი, მურმან ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ო. ჩ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ა-ის და საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის ბ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 აპრილის განაჩენზე, განჩინებაზე და კერძო განჩინებაზე.
განაჩენით ო. ჩ-შვილი, ... სარდალი, ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 274-ე მუხლის „ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღ-კვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ამავე განაჩენით ო. ჩ-შვილი გამართლდა სსკ-ის 961-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებებში 6 ათასი ლარის, 2343 ლარის, 18480 ლარის, 3350 ლარის და 3000 აშშ დოლარის გატაცების ეპიზოდებში, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო.
განჩინებით ო. ჩ-შვილის სისხლის სამართლის საქმიდან სსკ-ის 961-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები, დაკავშირებული 30130 ლარის, 5000 აშშ დოლარის, 2000 ლარის და 3700 ლარის გატაცებასთან, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
კერძო განჩინება კ. ღ-ავას მიმართ 1997 წლის 9 ივლისს 11000 ლარის უკანონო განკარგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად და ჰიდროგრაფიული სამსახურის ფოთის მონაკვეთიდან 1998 წლის 29 თებერვალს 3350 ლარის უკანონო გატანის ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად გადაეგზავნა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბრალდების ახალი წერილობითი ფორმულირებით, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება საბრლდებო დასკვნისაგან, ო. ჩ-შვილმა განმეორებით ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების გატაცება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით და მითვისებით. ასევე, როგორც თანამდებობის პირმა, ხელისუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით სისტემატურად ჩაიდინა ხელისუფლების გადამეტება. ე. ი. ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 961-ე მუხლით და 274-ე მუხლის ,,ა'' პუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი 1960 წლის სსკ-ის რედაქცია).
ბრალდების შინაარსი გამოიხატა შემდეგში: ო. ჩ-შვილმა, როგორც საქართველოს სამხედრო- საზღვაო ძალების სარდალმა, განიზრახა ფულადი სახსრების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება. ამ მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, გასცემდა განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომლებითაც სამხედრო-საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული სამსახურის ქ. ფოთისა და აჭარის მონაკვეთების უფროსებს მ-იასა და ჩ-ირს ავალებდა შემოსული თანხების გამოყოფას და პირადად მისთვის გადაცემას, სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის მატერიალურ ფასეულობათა შეძენისა და სხვა ხარჯების გასაწევად, რაც ფაქტობრივად არ სრულდებოდა.
ო. ჩ-შვილს ბრალდებები წარედგინა შემდეგ კონკრეტულ ეპიზოდებში:
1. 1997 წლის 9 ივნისს მან გასცა სიტყვიერი განკარგულება ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ხელმძღვანელისადმი, რათა ფოთის გემთმშენებე-ლი სახელოსნოს მუშებისათვის შრომის ანაზღაურების მიზნით ხელზე მიეცათ 6000 ლარი. 1997 წლის 9 ივნისს ო. ჩ- შვილზე გაიცა ეს თანხა, რაც მან, ბრალდების მხარის პოზიციით, გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგო-მარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ იგი ბრალდების ამ ეპიზოდში გაამართლა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
2.1997 წლის 5 სექტემბრის ბრძანებით, ქ. ნოვოროსიისკში 18-კაციაანი დელეგაციის 5-დღიანი ვიზიტისათვის, ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ბუღალტერიიდან, ო. ჩ-შვილმა მიიღო 5633 ლარი, საიდანაც მან, ბრალდების მხარის პოზიციით, 2343 ლარი გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ იგი გატაცების ბრალდების ამ ეპიზოდში გაამართლა, კერძოდ ჩათვალა, რომ მას ეს თანხა არ გაუტაცია, ნაწილი დახარჯა სამხედრო ფორმებისათვის, რაც სასამართლომ ჩათვალა მართლზომიერ ქმედებად, მაგრამ ამ თანხიდან 500 აშშ დოლარის ანუ 650 ლარის ნოვოროსიისკში მომხდარი ინციდენტისათვის დახარჯვა ჩათვალა ო. ჩ-შვილის მხრიდან ხელისუფლების გადამეტებად პირადი დაინტერესებით, რაც დააკვალიფიცირა სსკ-ის 274-ე მუხლის „ა'' პუნქტით.
3.1997 წლის 22 აგვისტოს ო. ჩ-შვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 19 აგვისტოს ბრძანებების საფუძველზე, უკრაინაში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღის ,,ფსოუ''-ს მოსამზადებლად, პირადი შემადგენლობის გასამგზავ-რებლად და თავისი ქ. კიევში მივლინებისათვის, მთავარი სამხედრო საბიუჯეტო-სახაზინო სამმართველოს საკასო საოპერაციო განყოფილებაში საავანსო განცხადებით მიიღო 3000 აშშ დოლარი, რაც ბრალდების მხარის პოზიციით გაიტაცა მითვისებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ ო. ჩ-შვილი გაამართლა ბრალდების ამ ეპიზოდში.
4.1997 წლის 22 სექტემბერს ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს ჩ-ირს დაავალა 30130 ლარის გამოყოფა თავდაცვის სამინისტროსათვის სანავიგაციო მოწყობილობების შესაძენად. ბრძანების მიხედვით, ე. შ-ძეს დაევალა ამ თანხის თბილისში ჩამოტანა. ბრალდების პოზიციით, მიღებული თანხა ო. ჩ-შვილმა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ განჩინებით საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
5.1998 წლის 1 თებერვალს ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის უფროსს ჩ-ირს დაავალა 5000 დოლარის გამოყოფა სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის ,,205" პროექტის სამხედრო კატარღის ჩამომყვანი ეკიპაჟისათვის გადასაცემად. ბრალდების მხარის პოზიციით, ეს თანხა ჩ-ირმა დალუქული პაკეტით ფოთი-თბილისის მატარებლის გამცილებლის კ- ძის დახმარებით გაუგზავნა ო. ჩ-შვილს, რომელმაც ეს თანხა გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ განჩინებით
საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
6.1998 წლის 20 თებერვალს ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის ფოთის მონაკვეთის უფროს მ-იაზე გასცა წერილობითი განკარგულება 3350 ლარის სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფის თაობაზე. ბრალდების მხარის პოზიციით, ეს თანხა ო. ჩ-შვილმა 1998 წლის 29 თებერვალს მიიღო და გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ ო. ჩ-შვილი ბრალდების ამ ეპიზოდში გაამართლა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, რადგან ჩათვალა, რომ იგი 1998 წლის 21 თებერვლიდან 1 მარტამდე იყო საბერძნეთში, ამიტომ 29 თებერვალს არ შეეძლო ხელი მოეწერა თანხის მიღებაზე.
7.1998 წლის 4 მარტს ო. ჩ-შვილმა ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ბუღალტერიიდან, საბერძნეთის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამხედრო კატარღის გადმოცემისადმი მიძღვნილი სამხედრო ცერემონიალის ჩასატარებლად, მიიღო 2000 ლარი, რაც ბრალდების მხარის პოზიციით, გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ განჩინებით საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
8.1998 წლის 2 აპრილს ო. ჩ-შვილზე ჰიდროგრაფიული სამსახურის აჭარის მონაკვეთის ბუღალტერიამ, ო. ჩ-შვილის და ორი ოფიცრის ბულგარეთში მივლინებისათვის გასცა 1500 აშშ დოლარი, რაც მან ბრალდების მხარის პოზიციით, გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. თვით სახელმწიფო ბრალდებამ საქმის საოლქო სასამართლოში განხილვის დროს მოუხსნა ო. ჩ-შვილს ბრალდება ამ ეპიზოდში.
9.ო. ჩ-შვილმა 1998 წლის 28 აპრილს ჰიდროგრაფიული სამსახურის ფოთის მონაკვეთის უფროს მ-იაზე გასცა წერილობითი განკარგულება გემების მიღებისათვის 3700 ლარის გამოყოფაზე, რაც ო. ჩ-შვილმა ბრალდების მხარის პოზიციით, გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ განჩინებით საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნა მთავარ სამხედრო პროკურატურას.
10.ო. ჩ-შვილს, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს, 1997 წლის ნოემბერში დ. დ- შვილმა შესთავაზა თავდაცვის სამინისტროსათვის 5000 დოლარად შეეძინა მცირე ზომის საბუქსირე კატარღა. ბრალდების ფორმულირებით, ჩ-შვილის მითითებით, 1997 წლის 5 დეკემბერს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რ. მ-იამ და შპს „ორიონი-95"-ის დირექტორმა ე. შ-ძემ გააფორმეს ხელშეკრულება და ო. ჩ-შვილის მოთხოვნით კატარღის ღირებულებად დაფიქსირდა 19000 დოლარი. ბრალდების მტკიცებით, ო. ჩ-შვილმა 5000 დოლარი გადასცა დ-შვილს, ხოლო 14000 დოლარი (18480 ლარი) გაიტაცა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით. საოლქო სასამართლომ ო. ჩ-შვილი ბრალდების ამ ეპიზოდში გაამართლა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
11.გარდა მითვისებით და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ქონების გატაცების ეპიზოდებისა, სახელმწიფო ბრალდებამ ო. ჩ-შვილს ბრალი დასდო სსკ-ის 274-ე მუხლის „ა'' პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ო. ჩ-შვილმა ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა, ჰიდროგრაფიული სამსახურის სამეურნეო შემოსავლებიდან, საზღვაო ძალების კუთვნილი 20%-ის სანაცვლოდ, რამაც 1997 წლის
1 აპრილიდან 1998 წლის 1 ივნისამდე შეადგინა 173169 ლარი, სისტემატურად, ხელისუფლების გადამეტებით, თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის გამოიყენა 361318 ლარი ანუ 20%-ზე ზევით 188149 ლარი. ბრალდების პოზიციით, თავისი ქმედებით მან დაარღვია თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 18 იანვრის N 18 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების საფინანსო მეურნეობის შესახებ'', რითაც ჩაიდინა სსკ-ის 274-ე მუხლის „ა'' პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. საოლქო სასამართლომ ბრალდების ამ ეპიზოდში ო. ჩ-შვილის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამრიგად, თბილისის საოლქო სასამართლომ 2000 წლის 4 აპრილის განაჩენით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. ჩ-შვილმა 1997 წლის სექტემბერში, 18კაციანი დელეგაციის ნოვოროსიისკში ვიზიტის დროს, ხელისუფლების გადამეტებით, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, დახარჯა 500 ამერიკული დოლარი ანუ 650 ლარი. ასევე მან სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით და ხელისუფლების გადამეტებით, სისტემატურად ჩაიდინა ჰიდროგრაფიული სამსახურიდან მიღებული შემოსავლების 20%-ზე ზევით, თავდაცვის სამინისტროს ინტერესე-ბისათვის, 1997 წლის 1 აპრილიდან 1998 წლის 1 ივნისამდე პერიოდში 188149 ლარის ამოღება, რითაც დაარღვია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 18 იანვრის მე-18 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების საფინანსო მეურნეობის შესახებ''. ამ ორ ეპიზოდში ო. ჩ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 274-ე მუხლის „ა'' პუნქტით. სსკ-ის 961-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებების ნა-წილში, 30130 ლარის, 5000 დოლარის, 2000 ლარის და 3700 ლარის გატაცების ეპიზოდებში, სასამართლომ საქმე განჩინებით დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, რადგან ჩათვალა, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარდა არასრულყოფილად, საპროცესო დარღვევებითა და ხარვეზებით, რომელთა დიდი ნაწილი არსებითი ხასიათისაა და მათი გამოსწორება სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეთა კო-ლეგიამ ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდებში საქმეზე შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და საქმე განჩინებით დააბრუნა პროკურატუ-რაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. გატაცების სხვა ეპიზოდებში კი დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. ასევე საქმეზე გამოიტანა კერძო განჩინება.
საკასაციო საჩივარში საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა, ისევე როგორც საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორებმა უკანონოდ ჩათვალეს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ მისი გამართლების ნაწილში, ასევე განჩინება საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, მიიჩნიეს, რომ ეს გამოიწვევს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უსაფუძვლოდ გაჭიანურებას, ვინაიდან ჩათვალეს, რომ საქმე გამოძიებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. ამდენად, პროკურორების აზრით, გამოძიების პროცესში დაშვებული ხარვეზები არ არის არსებითი, მათი გამოსწორება შეიძლება სასამართლო პროცესზე და აქედან გამომდინარე, მათი აზრით, სასამართლოს, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეუძლია გამოიტანოს განაჩენი.
ყოველივე აქედან გამომდინარე, პროკურორებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება და თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ ო. ჩ-შვილის მიმართ 6000 ლარის, 3350 ლარის, 18480 ლარის, 2353 ლარისა და 3000 დოლარის ეპიზოდებში გამოტანილი 2000 წლის 4 აპრილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ასე-ვე 30130 ლარის, 5000 დოლარის, 2000 ლარის და 3700 ლარის ეპიზოდებში საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად მთავარ სამხედრო პროკურატურაში დაბრუნების შესახებ გამოტანილი განჩინების, ისევე როგორც კ. ღ-ავასა და სხვათა მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტის შესახებ საოლქო სასამართლოს კერძო განჩინების გაუქმება და საქმის მთლიანად გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოსათვის მისი ხელახალი არსებითი განხილვის მიზნით.
საკასაციო საჩივარში და პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გამოთქვეს საწინააღმდეგო პოზიცია, ჩათვალეს, რომ სამხედრო პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, ვინაიდან თვლიან, რომ წინასწარი გამოძიება ჩატარდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით და ხარვეზებით. მათი აზრით, მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდებები ემყარება მხოლოდ ვარაუდებს, არცერთ ეპიზოდში ბრალდება არ არის უტყუარად დადასტურებული. იგი ძირითადად ემყარება იმ ბრალდების მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც თვითონ აღმოჩნდებოდნენ განსასჯელის სკამზე, თუ ასეთ ჩვენებებს არ მისცემდნენ გამოძიებას.
მსჯავრდებულის პოზიციით, სახეზე გვაქვს შეთქმულება სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის წინააღმდეგ, რომელმაც მიზნად დაისახა კონსტიტუციისა და პრეზიდენტის ერთგულება და საქართველოს ძლიერი სამხედრო-საზღვაო ძალების ჩამოყალიბება, რის გამოც იგი ათეული წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა, რაც თავდაცვის სამინისტროს და მისი სამხედრო-საზღვაო ძალების ზოგიერთი თანამდებობის პირის ფინანსურ ინტერესებს დაეჯახა, რის გამოც გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება. შეცდომაში იქნა შე- ყვანილი თავდაცვის მინისტრი და სხვა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირი.
მსჯავრდებულის თქმით, პროკურატურის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული გატაცების ყველა ეპიზოდი არის მოგონილი, ასევე სახელმწიფოში არსებული საფინანსო კრიზისის პირობებში, როცა არ ხდებოდა ბიუჯეტით გამოყოფილი თანხების მიღება სამხედრო-საზღვაო ძალების წინაშე დასახული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად, მართლზომიერად თვლის 20%-ზე ზევით თანხების ხარჯვას, რადგან ეს, როგორც თვით ბრალდების ფორმულირებაში და განაჩენშია მოცემული, ხდებოდა თავდაცვის სამინისტროს ინტერესებისათვის. იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოს მიერ ვერ ხერხდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისაკენ მიმართული ღონისძიებებისათვის გამოყოფილი აუცილებელი თანხების მიღება, ო. ჩ-შვილის თქმით, ჰიდროგრაფიული სამსახურის ფოთის და აჭარის მონაკვეთებში შემოსული თანხების გამოყენებით ხდებოდა სახელმწიფო ინტერესებისათვის დიდი ზიანის მიყენების თავიდან აცილება. მისი თქმით, თუ მას თავდაცვის სამინისტროს ინტერესებისათვის 20%-ზე ზევით თანხის ხარჯვა დანაშაულად ჩაუთვალეს, მაშინ იგივე მუხლით რატომ არ დადგა იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს თანხები გასცა? ასევე დაუსაბუთებლად თვლის ნოვოროსიისკის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებას 500 დოლარის ეპიზოდში, რადგან მიაჩნია, რომ მას არ გადაუმეტებია ხელისუფლებისათვის პირადი დაინტერესებით.
ყოველივე აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ ო. ჩ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის მთლიანად შეწყვეტა მისი გამართლებით.
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორების, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის და თვით მსჯავრდებულის განმარტება, მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოცემულ კონკრეტულ საქმეზე ნაწილობრივ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ნაწილში უნდა შეიცვალოს. პალატის აზრით, არ არსებობს საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების კანონიერი საფუძველი. ის ხარვეზები, რაზედაც მითითებულია თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაში, შეიძლება აღმოიფხვრას ხელახალი სასამართლო გამოძიების პროცესში. საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება კი გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას და არაფრით არ შეუწყობს ხელს მის დროულ, ობიექტურ და ყოველმხრივ გამოძიებას. პალატის აზრით, წინასწარმა გამოძიებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ამდენად, დამატებითი გამოძიების მიერ ახალ მტკიცებულებათა მოპოვება და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის სხვა მოქმედებათა ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
აქედან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 აპრილის განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ მისი სსკ-ის 961-ე მუხლით 2343 ლარის, 18480 ლარის, 3350 ლარის და 3000 აშშ დოლარის გატაცების ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად. საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ ამ ეპიზოდებში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ო. ჩ-შვილის მიერ ამ თანხების გატაცების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ყოველი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, თანახმად სსსკ-ის მე-10 და 132-ე მუხლებისა, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. საკასაციო პალატას ამ ეპიზოდებში არც საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მიაჩნია შესაძლებლად, ვინაიდან, როგორც პროცესზე გამომსვლელმა პროკურორებმა არაერთგზის აღნიშნეს, გამოძიებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მოიპოვა ყველა ის მტკიცებულება, რაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება კი გამოიწვევს მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დაუსაბუთებელ გაჭიანურებას. საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტები ამ ეპიზოდებში გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ საკასაციო პალატამ ჩათვალა არასაკმარისად. პროკურორი უთითებს მხოლოდ ვარაუდებზე და ეჭვებზე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებებად და რაც მთავარია, მა-თი ერთობლიობით - ო. ჩ-შვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისად. ამის გამო არ არის შესაძლებელი ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ყოველივე აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ ამ ნა-წილში დააკმაყოფილა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და უარი თქვა პროკურორს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მისი უსაფუძვლობისა გამო.
რაც შეეხება 6000 ლარის გატაცების ეპიზოდში ო. ჩ-შვილის გამართლებას, საკასაციო პალატა ამ ეპიზოდში საქმეს აბრუნებს ხელახალი სასამართლო გან-ხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში. ბრალდების ეს ეპიზოდი ორ-განულ კავშირშია საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ კერძო განჩინებასთან. ვინაიდან საქმე მთელ რიგ ეპიზოდებში სასამართლოში ბრუნდება ხელახალი განხილვისათვის, პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ იმსჯელოს კერძო განჩინებაში მოცემული დამატებითი გამოძიების მიერ გამოსარკვევი საკითხების გარშემო, რის გამოც კერძო განჩინებასთან ერთად უნდა გაუქმდეს 6000 ლარის გატაცების ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენიც. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეს ამ ეპიზოდში კიდევ ერთხელ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ხელახალი სასამართლო გამოძიების გზით მტკიცებულებათა შორის წინააღმდეგობების აღმოსაფხვრელად. სასამართლომ საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მტკიცებულებებს ერთობლიობაში უნდა მისცეს შეფასება და მიიღოს ამ ეპიზოდში ობიექტური გადაწყვეტილება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენის სახით სსსკ-ის მე- 10, მე-18, მე-19, 132-ე და სხვა მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება განაჩენით ო. ჩ-შვილის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 274-ე მუხლის ,,ა" პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და თვლის, რომ ამ ნაწილში მის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო პალატას არასწორად მიაჩნია სასამართლო კოლეგიის შეფასება იმის შესახებ, რომ ნოვოროსიისკში ინციდენტისათვის 500 დოლარის (ანუ 650 ლარის) დახარჯვით ო. ჩ-შვილმა ჩაიდინა ხელისუფლების გადამეტება პირადი დაინტერესებით, რაც სსკ-ის 274-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას. პალატის აზრით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ფულადი თანხა არ არის დახარჯული პირადი დაინტერესებით და ამდენად ქმედების არც მოცემული მუხლით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი გვაქვს სახეზე.
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ საზღვაო ძალების სარდლის ო. ჩ-შვილის ქმედება წარმოადგენს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას და ხელისუფლების გადამეტებას სისტემატურად, რაც გამოიხატა ჰიდროგრაფიული სამსახურიდან მიღებული შემოსავლების 20%-ზე ზევით, თავდაცვის სამინისტროს ინტერესებისათვის ხარჯვა-ში, რამაც 1997 წლის 1 აპრილიდან 1998 წლის 1 ივნისამდე პერიოდში შეადგი-ნა 188149 ლარი, რითაც დაირღვა თავდაცვის მინისტრის 1994 წლის 18 იან-ვრის 18 ბრძანებით დამტკიცებული დებულება ,,საქართველოს რესპუბლიკის შეი- არაღებული ძალების სამხედრო ნაწილების საფინანსო მეურნეობის შესახებ". ამ ქმედებას თბილისის საოლქო სასამართლომ მისცა სსკ-ის 274-ე მუხლის ,,ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.
როგორც ბრალდების ფორმულირებაში და განაჩენშია მითითებული, აღნიშნული თანხების ხარჯვა ხდებოდა თავდაცვის სამინისტროს ინტერესებისათვის. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან და განაჩენიდან ჩანს, ზოგიერთ თვეს ხდებოდა 20%-ზე ზევით თანხების მიღება, მაშინ როდესაც ზოგიერთ თვეს საზღვაო ძალების მიერ მიღებულია კუთვნილ 20%-ზე ნაკლები, მაშასადამე ხდებოდა ზედმეტად გახარჯული თანხების ურთიერთჩათვლა და გაქვითვა. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ო. ჩ-შვილს ბრალი ედება შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტის, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულების დარღვევაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს დებულება არ არის რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, მაშასადამე იგი არ არის ნორმატიული აქტი. ეს გარემოებაც მიუთითებს იმაზე, რომ არა გვაქვს ჩადენილი ქმედების სსკ-ის 274-ე მუხლის ,,ა" პუნქტით დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაში ო. ჩ- შვილისათვის სსკ-ის 961-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებიდან 30130 ლარის, 5000 დოლარის, 2000 ლარის და 3700 ლარის გატაცების ეპიზოდებში საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში დაბრუნების შესახებ, შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება. საქმე ამ ეპიზოდებში უნდა დაბრუნდეს სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის შემდეგი საფუძვლით:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, დააბრუნა რა სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ ეპიზოდებში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად, მიუთითა, რომ სამხედრო პროკურატურის მიერ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საპროცესო ნორმების დარღვევებითა და ხარვეზებით, რითაც დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რის გამოც საქმე დააბრუნა პროკურატურაში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. ამასთან სასამართლო კოლეგიამ თავის განჩინებაში მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომელთა შემოწმება თუ გამოკვლევა აუცილებელია, რის გამოც სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა სრულად და ობიექტურად საქმეზე მიეღო სწორი და არსებითი გადაწყვეტილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების გარეშე.
სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდებში პროკურატურაში საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩატარების მიზნით არ არის დასაბუთებული. მოცემული სისხლის სამართლის საქმე დამატებით გა-მოძიებაში სასამართლოს მიერ უკვე იყო დაბრუნებული. როგორც პროცესში მო-ნაწილე პროკურორებმა აღნიშნეს, წინასწარმა გამოძიებამ უკვე სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები, რის გამოც საქმის ისევ დაბრუნება დამატებით გამოძიებაში დაუსაბუთებლად გააჭიანურებს მასზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანას, რაც მხარეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება და არც არავითარი სხვა აუცილებლობით არის გამოწვეული. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინე-ბით, რომ სასამართლო განაჩენს ამყარებს მხოლოდ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შემოწმებულ უტყუარ მტკიცებულებებზე მათს ერთობლიობაში, გამომდინარე აქედან ბრალდების მხარე ვალდებულია ხელახალი სასამართლო განხილვის დროს მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საქმეში არსებულ წინააღმდეგობა-თა გასარკვევად. მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაში და ხელახალი სასამართლო გამოძიების პროცესში წამოჭრილი სხვა საკითხების გარკვევის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქმეზე ობიექტური გადაწყვე-ტილების მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის სხდომაზე არ ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა და ახალ მტკიცებულებათა მოპოვება, პალატამ ჩათვალა, რომ საქმე მოცემულ ეპიზოდებში უნდა დაბრუნეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი არსებითი განხილვისათვის.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სსსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქმე უნდა განიხილოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად და სსსკ-ის მე-10 და 132-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ამ ეპიზოდებში გამოიტანოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი.
საკასაციო პალატა, საქმის კონკრეტული გარემოებებისა და ო. ჩ-შვილის პიროვნების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის მხედველობაში მიღებით, რომ იგი თითქმის ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, თვლის, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - ხე ლწერილით გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ, რაც ხელს არ შეუშლის საქმის ხელახალ სასამართლო განხილვას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 4 აპრილის განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ, სსკ-ის 274-ე მუხლის „ა" პუნქტით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
იგივე განაჩენი ო. ჩ-შვილის მიმართ, 6000 ლარის გატაცების ეპიზოდში და განჩინება დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას. ასევე გაუქმდეს იმავე სასამართლოს 2000 წლის 4 აპრილის კერძო განჩინება.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელი.
აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, ო. ჩ-შვილს შეეცვალოს ხელწერილით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ და დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.