განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 331 21 სექტემბერი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: თამჯდომარე მ. ტურავა
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, გ. ბორჩხაძე
განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს პროკურორის დ. კ-ის, განსასჯელ მ. ბ- ძის ადვოკატის მ. ჭ-ის და განსასჯელ ზ. ქ-შვილის ადვოკატების - ი. ბ-ის და ვ. ნ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც მ. ბ-ძისა და ზ. ქ- შვილის ბრალდების საქმე ე. ჩ-იანის ბრალდების საქმესთან გაერთიანების და დამატებითი გამოძიების ჩატარების მიზნით დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
პროკურორ დ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის გადაცემას არსებითად განსახილველად სასამართლოს სხვა შემადგენლობაზე, ადვოკატების ი. ბ-ის და ვ. ნ-ის საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და განსახილველად საქმის გადაცემას მოსამართლეთა იმავე შემადგენლობისათვის, ხოლო ადვოკატ მ. ჭ-ის საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქებას მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად არის დატოვებული განსასჯელ მ. ბ-ძის მიმართ არჩეული აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.
პალატამ მოისმინა რა უზენაესი სასამართლოს წევრის გ. ბორჩხაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ.ბ-ძეს წინასწარი გამოძიების მიერ ბრალი დაედო მასში, რომ იყო რა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების - "ჯ"-ს გენერალური დირექტორი, 1997 წლის აპრილიდან იმავე წლის ბოლომდე განვლილ პერიოდში თაღლითური გზით არაერთგზის გაიტაცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონება; მანვე არაერთგზის ანგარებით არამიზნობრივად გამოიყენა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი სახსრები, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზარალი და მძიმე შედეგი; მანვე გააკეთა ყალბი დოკუმენტი და გამოიყენა იგი; მანვე ჩაიდინა მოგების და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დამალვა განმეორებით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით. სხვა ბრალდებათა შორის გამოძიებამ მ. ბ-ძეს ბრალდების ერთ-ერთ ეპიზოდად შერაცხა შემდეგი ქმედება; "1997 წლის მაისში მ. ბ-ძისათვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო კომპანია "ს-ს" ჰქონდა "გ-ის" ვალი 1796,3 ათასი ლარი, რასაც ის ვერ ფარავდა. განიზრახა რა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების არამიზნობრივად გამოყენება ანგარებით და თაღლითური გზით სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება, დაუკავშირდა სახელმწიფო კომპანია "ს-ს" ხელმძღვანელობას და 1997 წლის 24 ივნისს შპს "ჯ-ს სახელით გააფორმა ხელშეკრულება ¹ 125 ფაქტორინგული ოპერაციების შესახებ. სახელმწიფო კომპანია "ს-სთან" /დირექტორი ვ. მ-ელი/ და ს/ს ბანკ "გ-ს" /დირექტორი ა. ი-ყვა/ შორის ხელშეკრულების თანახმად სახელმწიფო კომპანია "ს-მ" გადასცა შპს "ჯ"-ს საკრედიტო ვალდებულებები "გ-ის წინაშე 1796,3 ათასი ლარის დასაფარავად, რაც შპს "ჯ"-ს უნდა შეესრულებინა ორი თვის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირობების თანახმად, კომპანია "ს-ს" შპს "ჯ"-სათვის უნდა გადაეცა საგადასახადო მოთხოვნების უფლება მისი დებიტორებისაგან 2874,0 ათას ლარზე და საგარანტიო წერილი გაერთიანებული ქართული ბანკიდან 670 000 ლარის კრედიტის მისაღებად.
საკრედიტო ვალდებულებათა შესასრულებლად შპს "ჯ"-მ კომპანია "ს-ან" გადმოცემული აქტივებიდან აითვისა 2195 000 ლარის აქტივი და მიიღო გ-ან სესხი - 670 000 ლარი. მ. ბ-ძემ ნაცვლად იმისა, რომ შეესრულებინა 1997 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები გ-ის წინაშე, კომპანია "ს-ან" მიღებული 2195 000 ლარის აქტივიდან და საგარანტიო წერილით მიღებული 670 000 ლარიდან არამიზნობრივად გამოიყენა 1895 000 ლარი, რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სახელმწიფოს. მითითებული თანხიდან 1997 წლის 3 სექტემბერს მან 800 000 ლარის აქტივი გადასცა შპს "კ-ს", იმავე წლის 13 ნოემბერს 500 000 ლარის აქტივი გადასცა თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანებას, რომლითაც ჩაუთვალა ელექტროენერგიის დავალიანება გადახდილად კომპანია "ს-ი" და 5 დეკემბერს 595 ათასი ლარის აქტივი გადასცა შპს "ტ-ს". დანარჩენი 958 100 ლარი მ. ბ-ძემ გაიტაცა თაღლითური გზით. აღნიშნული ქმედებები გამოძიებამ დააკვალიფიცირა როგორც სსკ /1960 წლის კოდექსი/ 164-ე მუხლის მეორე ნაწილით და 961 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულობანი.
ზ. ქ-შვილს, რომელიც მუშაობდა საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მსხვილ გადამხდელთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ, გამოძიების მიერ ბრალი დაედო თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში და მ. ბ-ძეზე შერაცხული დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდის დაფარვაში. მასზე შერაცხული ბრალდებები გამოძიების მიერ დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სსკ-ის /1961 წლის რედაქცია/ 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, 191-ე მუხლით და 205-ე მუხლის მესამე ნაწილით.
მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის ბრალდების საქმეზე სხვა პირებთან ერთად მოწმედ დაიკითხა "ს-ს" ყოფილი გენერალური დირექტორი ე. ჩ-იანი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1997 წლის დეკემბერში დაინიშნა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმედ გამოძახებულმა ე. ჩ-იანმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და განმარტა, რომ იმ ბრალდებით, რაც მ. ბ-ძეს აქვს წარდგენილი "ს-ს" ეპიზოდში, თვითონაც არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და საქმე განსახილველად იმყოფება ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. ამ მოტივით, როგორც განსასჯელმა, თავი შეიკავა ჩვენების მიცემისაგან და ისარგებლა დუმილის უფლებით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოდან მიღებული საბრალდებო დასკვნის სარეზოლუციო ნაწილის ასლით ირკვევა, რომ ე. ჩ-იანი მართლაც არის პასუხისგებაში მიცემული საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით /1960 წლის კოდექსი/. გამოძიების მიერ მას ბრალი აქვს დადებული მასში, რომ მან პირადი მოტივით ჩაიდინა თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი. სახელდობრ: იგი 1997 წლის 1 დეკემბრიდან 1999 წლის 19 ნოემბრამდე მუშაობდა სახელმწიფო კომპანია "ს-ს" დირექტორად და ითვლებოდა თანამდებობის პირად. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ვ. მ-ელი. ამ უკანასკნელმა 1997 წლის 24 ივნისს გააფორმა სამმხრივი ხელშეკრულება ¹ 125 სააქციო საზოგადოება გ-ის გენერალურ დირექტორთან ა. ი-ყვასთან და შპს "ჯ"-ს გენერალურ დირექტორთან მ. ბ-ძესთან. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა "ს" გაათავისუფლა მის წინაშე 1796,3 ათასი ლარის საკრედიტო ვალდებულებებისაგან. თავის მხრივ "ს-მ" გ-ის წინაშე 1796276 ლარის საკრედიტო ვალდებულებების დასაფარავად შპს "ჯ"-ს გადასცა საგადასახადო მოთხოვნის უფლება თავისი დებიტორებისაგან 2874 000 ლარზე და საგარანტიო წერილი იმავე ბანკიდან 670 000 ლარის კრედიტის სახით მიღებაზე.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 1997 წლის 25 ივნისს "ს" შპს "ჯ"-ს მეშვეობით საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს გადაეცა 300 000 ლარის აქტივი, 1997 წლის 2 სექტემბერს 800 000 ლარის აქტივი გადაეცა შპს "კ-ს" და 1997 წლის 13 ნოემბერს 500 000 ლარის აქტივი გადაეცა თბილისის სახელმწიფო საავიაციო გაერთიანებას.
1997 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო კომპანია "ს-ს" დირექტორად დაინიშნა ე. ჩ- იანი, რომელიც იმავე წლის 5 დეკემბერს გაეცნო შპს "ჯ"-ს გენერალური დირექტორის მ. ბ-ძის ¹ 97/1-134 წერილს, რომლითაც ის ითხოვდა "ს-ან" მისაღები აქტივების შპს "ტ-ის" გადაცემას, რასაც ე. ჩ-იანი 1997 წლის 5 დეკემბრის ¹ 1006/2520 წერილით დაეთანხმა და 595,0 ათასი ლარის აქტივი გადასცა შპს "ჯ"-ს მეშვეობით შპს "ტ-ს". ე. ჩ-იანმა აღნიშნულის შესახებ გ-ს არ აცნობა, რითაც არ შეასრულა ¹ 125 ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მოთხოვნა.
1997 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებით შპს "ჯ"-მ სულ რეალიზაცია გაუკეთა 2195000 ლარის აქტივს და "ს-ს" მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე მიღებულ კრედიტს - 670 000 ლარს. მიუხედავად ამისა, მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ დაეფარა "ს-ს" დავალიანება ქართული ბანკისათვის.
1997 წლის 29 დეკემბერს ¹ 07-1-09/1526 წერილით გაერთიანებული ქართული ბანკის გენერალურმა დირექტორმა ა. ი-ყვამ "ს-ს" გენერალურ დირექტორს ე. ჩ-იანს აცნობა, რომ შპს "ჯ"-ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ბანკის წინაშე, გადაუხდელი დავალიანება შეადგენდა 2860900 ლარს, მათ შორის იყო "ს-ს" ძირითადი სესხი - 1796,3 ათასი ლარი, შპს "ჯ"-ს მიერ "ს-ს"
საგარანტიო წერილით მიღებული კრედიტი 670000 ლარი, ძირითადი სესხის პროცენტი - 314176 ლარი, გარანტიით აღებული სესხის პროცენტი 83 264 ლარი და "ს-ს" მოსთხოვა შპს "ჯ"-ს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებათა გადახდა.
ე. ჩ-იანმა, როგორც ხელმძღვანელმა და თანამდებობის პირმა არ დაიცვა "ს-ს" ინტერესები, არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, თანამდებობა გამოიყენა ბოროტად და სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, პირადი მოტივით - რომ ბანკს ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება, 1997 წლის 31 დეკემბრის ¹ 10/22/2881 წერილით დაეთანხმა გ-ს 1997 წლის 24 ივნისის ხელშეკრულების გაუქმებაზე და შპს "ჯ"-ს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებათა კომპანია "ს-ის" გადმოწერაზე. გარდა ამისა, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ 1997 წლის 31 დეკემბერს გაერთიანებულ ქართულ ბანკთან გააფორმა უსაფუძვლო ¹ 44 საკრედიტო ხელშეკრულება- თითქოს ამ ბანკიდან "ს-ს" უნდა მიეღო ახალი კრედიტი თანხით 2486276 ლარი, ე. ი. თანხის ის რაოდენობა, რაც შპს "ჯ-"-ს უნდა გადაეხადა ¹ 125 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაერთიანებული ქართული ბანკისათვის. ეს თანხა კრედიტის სახით კომპანია "ს-ს" არ მიუღია, პირიქით, ამ საკრედიტო ხელშეკრულებითაც იგი დაეთანხმა ბანკს, რომ ამ უკანასკნელს უპირობოდ ჩამოეწერა კომპანია "ს-ის" თანხები, თუ კი შეიქმნებოდა სესხისა და საპროცენტო თანხების დაუბრუნებლობის საფუძველი. 1997 წლის 31 დეკემბერს გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა გადაიტანა კომპანია "საქენერგოს" სასესხო ანგარიშზე 2466300 ლარი /1796300 + 670 000/ და იმავე დღესვე "ს-ს" მიმდინარე ანგარიშიდან ჩამოაწერა როგორც სესხის ნაწილი - 238703 ლარი, ასევე ძირითადი საკრედიტო დავალიანების 1796,3 ათასი ლარის პროცენტი 314176 ლარი და შპს "ჯ"-ზე გაცემული სესხის 670 000 ლარის პროცენტი 83264 ლარი. 1998 წლის 18 თებერვალს გ-ში "ს-ს" ანგარიშზე ს/ს "ე-ან" შემოსული 2620000 ლარიდან უაქცეპტოდ ჩამოაწერა 2332268 ლარი, მათ შორის სესხის პროცენტი 104695 ლარი და 93 თეთრი. სულ გ-მა კომპანია "ს-ს" ჩამოაწერა 2968411 ლარი და 93 თეთრი.
ამრიგად, გამოძიებამ მიიჩნია, რომ ე. ჩ-იანმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით და სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფოს მიაყენა 3367135 ლარის და 93 თეთრის ზიანი. თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო კოლეგია გაეცნო რა ე. ჩ-იანის ზემოდაღნიშნულ ბრალდებას, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ "მ. ბ-ძეს და ე. ჩ-იანს ბრალად ედება ერთი და იგივე დანაშაულებრივი ეპიზოდი", რის გამოც უნდა მოხდეს მათი ბრალდების საქმეთა გაერთიანება. ამ მოტივით თბილისის საოლქო სასამართლომ მ. ბ-ძის ბრალდების საქმე დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.
საქმის საკასაციო განხილვის დროს პროკურორი ე. ღ-ი მხარს უჭერს პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარის მოთხოვნას ორ ძირითად გარემოებაზე მითითებით: 1. მ. ბ-ძისა და ე. ჩ-იანის ბრალდებები სრულიადაც არ არის ერთი და იგივე დანაშაულებრივი ეპიზოდი, მათ ბრალი ედებათ სრულიად სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დანაშაულში და ამ ორი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანება კანონსაწინააღმდეგოა; 2. არასწორია სასამართლო კოლეგიის განჩინების ის მტკიცება, რომ თითქოს პროკურორმა არ იშუამდგომლა ხსენებულ საქმეთა სასამართლოს მიერ გაერთიანება. პროკურორის წინაშე ასეთი საკითხი აზრის გამოსათქმელად საერთოდ არ დამდგარა. პროკურორმა აზრი გამოთქვა მხოლოდ ადვოკატ მ. ჭ-ის იმ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებად მიეჩნია ე. ჩ-იანის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და იგი ამოერიცხა საქმიდან. ნაცვლად ამ შუამდგმლობის გადაწყვეტისა, სასამართლო კოლეგიამ სათათბირო ოთახში მიიღო საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების გადაწყვეტილება, რაც პროცესუალურად არასწორი და უკანონოა.
მ. ბ-ძის ახალი ადვოკატი გ. ტ-ი მხარს უჭერს ადვოკატ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მძიმე ავადმყოფობის მოტივით შუამდგომლობს მ. ბ-ძის პატიმრობიდან გათავისუფლებას უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიების - პირადი თავდებობის გამოყენებით. ადვოკატი ი. ბ-ი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებით დაარღვია განსასჯელ ზ. ქ-შვილის დაცვის უფლება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების დღეს სასამართლოსთან შეთანხმებით სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ ზ. ქ-შვილის ადვოკატები. ასეთ ვითარებაში სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ზ. ქ-შვილისათვის მეტად მნიშვნელოვანი საპროცესო გადაწყვეტილება მიეღო. აღნიშნულის გამო ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის განხილვის გაჭიანურების რიდით საქმის იმავე სასამართლო კოლეგიისათვის დაბრუნებას. ადვოკატის შუამდგომლობას მხარს უჭერს განსასჯელი ზ. ქ-შვილი.
საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი საჩივრების მოტივები, მივიდა შემდეგ დასკვნამდე: პროკურორის საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად, ადვოკატ ი. ბ-ისა და განსასჯელ ზ. ქ-შვილის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მ. ბ-ძის ადვოკატთა მოთხოვნას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიამ მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დააბრუნა იმ მოტივით, რომ მ. ბ-ძესა და ე. ჩ-იანს ბრალად ედება ერთი და იგივე დანაშაულებრივი ეპიზოდი.
მიუხედავად ამისა, მათ მიმართ წინასწარი გამოძიება ჩატარებულია ცალ-ცალკე და საქმეები განსახილველად წარმართულია სხვა და სხვა სასამართლოში. ამის გამო, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ "ე. ჩ-იანის საქმე არასწორადაა გამოყოფილი მ. ბ-ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან, რის გამოც უნდა მოხდეს მათი გაერთიანება და ერთობლიობაში განხილვა".
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის ზემოდ აღნიშნული მოსაზრება არასწორია. როგორც საქმის მასალებით, სახელდობრსისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილებებიდან ირკვევა, მ. ბ-ძისა და ე. ჩ-იანის ბრალდებები არცერთ ეპიზოდში ერთსა და იმავე ბრალდებას არ ეხება. მათი ბრალდებები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან და კონკრეტულად შერაცხული ბრალდებები გამოძიებას არ უქმნიდა საპროცესო ვალდებულებას ერთ საქმედ ეწარმოებინა გამოძიება /იხ. ამავე განჩინებაში ბრალდებათა ფაბულა/.
საქართველოს სსსკ-ის 245-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, "ერთ წარმოებად შეიძლება გაერთიანდეს ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე რამდენიმე პირის ბრალდების საქმეები; რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე ერთი პირის ბრალდების საქმები; დანაშაულის წინასწარ შეუპირებელი დაფარვის საქმეები; საქმეები მოვლენისა და მოქმედების შესახებ, რომელთა მონაწილეებიც იმავდროულად არიან ბრალდებულიცა და დაზარალე-ბულიც".
სასამართლო კოლეგია ვერ უთითებს კანონით გათვალისწინებულ აღნიშნულ საფუძველთაგან, რომლის მიხედვით უნდა გაერთიანდეს ერთ წარმოებად მ. ბ-ძისა და ე. ჩ-იანის ბრალდების საქმეები. სასამართლო მითითებულ საქმეთა გაერთიანების საფუძვლად თუ მიიჩნევს იმას, რომ მ. ბ-ძე და ე. ჩ-იანი დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილენი არიან, ამ მოტივით თავისი ინიციატივით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების უფლება მას არ ჰქონდა იმიტომ, რომ ამით დაამძიმა განსასჯელთა ბრალდება და მდგომარეობა. საქართველოს სსსკ-ის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად "სასამართლო არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის". მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მხარეებს არა თუ ასეთი პირობები შეუქმნა, არამედ ერთის მხრივ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა მოწმის ჩვენების დაუშვებლად მიჩნევის შესახებ საერთოდ გადაუწყვეტელი დატოვა, ხოლო საქმეთა გაერთიანების ან ბრალდების დამძიმების მოტივით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ბრალმდებლის აზრი საერთოდ არ მოისმინა (არ მოუსმენია პროცესის მონაწილე არც სხვა მხარის მოსაზრება), ფაქტიურად ბრალდების დამძიმების მოტივით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების საკითხი თავისი ინიციატივით გადაწყვიტა და განჩინებაში არასწორად მიუთითა, რომ ვინაიდან პროკურორი არ შუამდგომლობს საქმეთა სასამართლოში გაერთიანებას, ამიტომ საქმე დაბრუნებული უნდა იქნას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. განჩინებაში მითითებული არ არის დამატებითი გამოძიების დროს საქმეთა მხოლოდ მექანიკური გაერთიანება უნდა მოხდეს (თუ ასე იქნება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ საქმეთა გაერთიანებას?), თუ სხვა რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და განსასჯელთა მიმართ ახალი, დაზუსტებული ბრალდებების წარდგენა, რამაც შეიძლება მათი ბრალდების დამძიმება გამოიწვიოს.
საკასაციო პალატა იზიარებს ადვოკატ ი. ბ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2000 წლის 6 ივლისს სასამართლო კოლეგიამ მიიღო რა გადაწყვეტილება მ. ბ-ძისა და ზ. ქ- შვილის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ, ამით დაარღვია განსასჯელ ზ. ქ-შვილის დაცვის უფლება. 6 ივლისის სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ განსასჯელ ზ. ქ-შვილის ადვოკატები ი. ბ-ი და ვ. ნ-ე. სხდომის დაწყების წინ სასამართლომ მიიღო ასეთი დადგენილება: "ვინაიდან დღევანდელ სხდომაზე გამოცხადებული მოწმე ჯ. ა-ელის ჩვენება ეხება მხოლოდ განსასჯელ მ. ბ-ძის ბრალდების ეპიზოდს და მას კავშირი არა აქვს ზ. ქ-შვილის ბრალდებასთან, ამასთან განსასჯელი ქ-შვილი თანახმაა მისი ადვოკატების გარეშე ჩატარდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი, სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაძლებელია დღევანდელი სხდომა ჩატარდეს გამოუცხადებელ ადვოკატთა გარეშე" (იხ. სხ. ოქმი).
საქართველოს სსსკ-ის 445-ე მუხლის მესამე პუნქტი განსაზღვრავს: "თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სისრულესა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა".
კანონის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ 6 ივლისის სხდომაზე მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არსებითად შეეხო განსასჯელ ზ. ქ-შვილის ინტერესებს. ამასთან, ზ. ქ-შვილის დამცველი ადვოკატები არა მარტო ვერ დაესწრენ იმ მასალის გამოკვლევას, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ ისინი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო სხდომის ოქმსაც ვერ გაეცნენ.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საკასაციო საჩივრისა და ადვოკატ გ. ტ-ის მოთხოვნას განსასჯელი გ. ბ-ძისათვის მძიმე ავადმყოფობის გამო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატმა გ. ტ-მა საქმის საკასაციო განხილვის დროს წარმოადგინა სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მოადგილისა და ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის მიერ მიმდინარე წლის 18 მაისს გაცემული წერილი, რომელშიც მითითებულია პატიმარ მ. ბ-ძის საკმაოდ მძიმე ავადმყოფობის შესახებ. საკასაციო პალატას მიღებული აქვს იმავე პირთა მიერ ამა წლის 12 სექტემბერს გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელშიც მნიშვნელოვნად ნაკლებ დაავადებებზეა მითითებული. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პატიმარ მ. ბ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, პალატა მხედველობაში ღებულობს იმ გარემოებას, რომ მ. ბ-ძეს მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში გამორიცხული არ არის მან თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ ი. ბარათაშვილის და განსასჯელ ზ. ქ-შვილის შუამდგომლობას საქმის განსახილველად იმავე სასამართლო შემადგენლობისათვის გადაცემის შესახებ. სასამართლო კოლეგიის ამ შემადგენლობამ გარკვეულად გამოთქვა მოსაზრება საქმის შემდგომი ბედის შესახებ. ამის შემდეგ, საქმის განხილვა თუ მაინც იმავე მოსამართლეებს დაევალება, ეს იქნება მათი რწმენისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა, რაც კანონით დაუშვებელია.
ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ- ის 561-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 6 ივლისის განჩინება მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ.
2.კერძო საკასაციო საჩივრისა და ადვოკატ გ. ტ-ის შუამდგომლობას განსასჯელ მ. ბ-ძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ, უარი ეთქვას შუამდგომლობის უსაფუძვლობის გამო. აღმკვეთი ღონისძიება განსასჯელების მ. ბ-ძის მიმართ-პატიმრობა და ზ. ქ- შვილის მიმართ - გაუსვლელობის ხელწერილი უცვლელად დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;
3.მ. ბ-ძისა და ზ. ქ-შვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განხილვის მიზნით დაუბრუნდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.
4.განჩინება საბოლოოა და იგი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.