საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 88აპ 15 სექტემბერი 2000 წელი,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: მ. ტურავა
მოსამართლეები: შ. ასათიანი, თ. ყრუაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 ივლისის განაჩენზე. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის განაჩენით ზ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და 240-ე მუხლის მეორე ნაწილებით, ერთობლივად მიესაჯა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით ზ. კ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი ქმედებისათვის: იგი მუშაობდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა ორგანოებში ოფიცრის თანამდებობაზე, ჩინით მაიორი იყო და ჰქონდა ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა. 1992 წლის ივნისიდან ქ. ბათუმის შს განყოფილებიდან ოფიციალურად ჰქონდა წაღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 7,62 მმ კალიბრის "აკმ“-ის სისტემის ავტომატი ბატ. 7451, ხიშტ-დანით, 5 ცალი მჭიდითა და 44 ცალი ვაზნით. აჭარის ა/რ შს მინისტრის 1996 წლის 9 ნოემბრის ¹ 187 ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა ორგანოებიდან შტატების შემცირების გამო. მიუხედავად ქ. ბათუმის შს სამმართველოს მუშაკების მიერ არაერთი გაფრთხილებისა, მან არ ჩააბარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (ხიშტ-დანა და ვაზნები), უკანონოდ ინახავდა და ატარებდა მათ, ე. ი. მან გაიტაცა მასზე მინდობილი სახელმწიფო ქონება, რითაც ქ. ბათუმის შს სამმართველოს მიაყენა 230 ლარის და 10 თეთრის ქონებრივი ზარალი.
მანვე, ქ. ბათუმში გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, ასევე გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ორი ცალი 'რგდ“-5 ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა სახლში და რომლებიც 2000 წლის 9 თებერვალს, ჩხრეკის დროს, ამოღებულ იქნა პოლიციის მუშაკების მიერ. იმავე დღეს ქობულეთის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ჯ. კ-ძის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, 5 ცალი მჭიდი, შემდეგ კი სახლის პატრონმა წარმოადგინა "აკმ“-ის სისტემის ავტომატი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ზ. კ-ძის მიმართ უცვლელად იქნა დატოვებული.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველს განაჩენი მიაჩნია რა უკანონოდ, მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას.
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა ადვოკატის განმარტება, რომელსაც საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნების შესახებ, შეამოწმა განაჩენების კანონიერება და თვლის, რომ უკანონოა, უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების მიერ დარღვეულია სსსკ-ის 65-ე მუხლის მესამე, 67-ე მუხლის მეხუთე და 261-ე მუხლის პირველი ნაწილების მოთხოვნა, რომელთა თანახმადაც, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ შეიძლება გამოიტანოს მხოლოდ მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელმა და იგი უნდა დაამტკიცოს პროკურორმა; იმისათვის, რომ მოკვლევის ორგანომ აღძრას სისხლის სამარ-თლის საქმე და ჩაატაროს თავდაპირველი მოქმედება, საჭიროა პროკურორის თანხმობა (სანქცია); დანაშაულის ნიშნების არსებობის ყველა შემთხვევაში, მოკვლევის ორგანო პროკურორის თანხმობით, გამომძიებელი,M პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან აღძრან სისხლის სამართლის საქმე.
ზ. კ-ძის სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 2000 წლის 9 თებერვალს ქ. ბათუმის შ/ს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი ინსპექტორის მ. ზ-ის მიერ.
ამით დარღვეულია კანონის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საქმის აღძვრის უფლება აქვს მხოლოდ მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელს და მეორეც: მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ისეა ჩატარებული, რომ პროკურორის თანხმობა არ ყოფილა.
ამდენად, მოკვლევის ორგანოს მიერ ჩატარებული ყველა საპროცესო მოქმედება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ, ხოლო ამ მოქმედებით მოპოვებული მტკიცებულებები კი - დაუშვებელ მტკიცებულებად. ფაქტობრივად, საქმე აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საქმის აღძვრის გარეშე. აქედან გამომდინარე, კანონის არსებითი დარღვევით მიღებული მტკიცებულებები არ შეიძლებოდა განაჩენს დადებოდა საფუძვლად. უხეშად დაირღვა ზ. კ-ძის დაცვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მან ეჭვმიტანილის უფლებების ნუსხის გაცნობის დროს განაცხადა, რომ ჩვენებას ადვოკატის თანდასწრებით მისცემდა, იგი მაინც დაიკითხა ადვოკატის გარეშე.
დაცვის უფლება დაირღვა ასევე წინასწარი გამოძიების დამთავრების სტადიაზე, როდესაც ადვოკატი ქ. ჭაბუკიანი 2000 წლის 17 მარტს არ იქნა დაშვებული საქმის გასაცნობად იმ საფუძვლით, თითქოს გამოძიება უკვე დამთავრებული იყო, მაშინ, როცა საქმის მასალების მიხედვით გამოძიება დამთავრდა 28 მარტს.
გამოძიებამ დაარღვია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის შესახებ. საერთოდ არ გარკვეულა საკითხი, იყო თუ არა ცნობილი ზ. კ-ძისათვის შტატების შემცირების გამო მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; იყო თუ არა იგი ამის თაობაზე ოფიციალურად გაფრთხილებული; მიიღო თუ არა ბრძანების ასლი; გათავისუფლების საფუძველმა ჰპოვა თუ არა სათანადო ასახვა შრომის წიგნაკში და ა. შ. საერთოდ არ შემოწმებულა დაზარალებულად ცნობილი ფ. ბ-ძის ჩვენება იმის შესახებ, რომ მან რამდენჯერმე გააფრთხილა თვით ზ. კ-ძე, შემდეგ კი მისი რძალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას იარაღი არ ჩაუბარებია. საქმეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ერთვის და გაურკვეველია, რას დაეყრდნო გამოძიება, როდესაც ეს გარემოება ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებად ჩათვალა.
უხეშად დაირღვა საპროცესო კანონმდებლობა ჩხრეკის ჩატარების წესის შესახებ. თანახმად სსსკ-ის 321-ე მუხლის მესამე ნაწილისა, ჩხრეკის დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ პირის ან მისი ოჯახის თუნდაც ერთი სრულ-წლოვანი წევრის დასწრება, რომელთანაც ტარდება ჩხრეკა. თუ მათი დასწრების უზრუნველყოფა შეუძლებელია, უნდა მოიწვიონ სახლის პატრონი, ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.
ს. ფ. 4-ზე მოთავსებულია ჩხრეკის ოქმი, საიდანაც არ ჩანს, რა მიზეზით არ ესწრება ჩხრეკას ოჯახის წევრი, ვინმეს გადაეცა თუ არა ოქმის ასლი ხელმოწერით ან როდის დამთავრდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის შინაარსი ეწინააღმდეგება მოწმე გ. ჩ-ძის ჩვენებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის იყო ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დამსწრე და ჩხრეკა ჩატარდა ოჯახის წევრების თანდასწრებით. ჩხრეკის ოქმში ოჯახის წევრები მოხსენებულნი არ არიან. საბრალდებო დასკვნა შედგენილია სსსკ-ის 409-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამატებითი გამოძიების დროს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა მოხდეს ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეკრება, შემოწმება და შეფასება, საქმის აღძვრის და მტკიცებულებათა დასაშვეობის საკითხი გადაწყდეს კანონის საფუძველზე.
ამასთან, რამდენადაც საქმე წარმოებულია საქმის აღძვრის გარეშე, რის გამოც ყველა შეკრებილი მტკიცებულება უნდა ჩაითვალოს დაუშვებელ მტკიცებულებად, ზ. კ-ძე, რომელიც დაკავებულია 2000 წლის 9 თებერვალს და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 2000 წლის 11 თებერვლიდან, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 5 ივნისის და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 17 ივლისის განაჩენები ზ. კ-ძის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
ზ. კ-ძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.