დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ბს-373(3კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 5 ივნისს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „...“ წარმოადგენს ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარე ტერიტორიად დამისამართებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) მესაკუთრეს, რომელსაც იგი კომერციული დანიშნულებით იყენებს. აღნიშნული შენობა-ნაგებობა იმგვარად არის განთავსებული, რომ მისი ერთ-ერთი შესასვლელი, როგორც კომერციულ ობიექტთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ელემენტი, განთავსებულია ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის ეზოს მხარეს, რომელთან დაკავშირებაც შესაძლებელია სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული თაღის მეშვეობით.
მოსარჩელის მითითებით, შპს „...სათვის“ ცნობილი გახდა, რომ მის კომერციულ ობიექტთან დამაკავშირებელ გზასთან არსებულ შესასვლელში დამონტაჟებული იყო შლაგბაუმი, რის შედეგადაც კუთვნილ კომერციულ ობიექტში სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და პროდუქციის შეტანა შეუძლებელი გახდა. საკითხის მოკვლევის შედეგად, გაირკვა, რომ შლაგბაუმის დამონტაჟება განახორციელა ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ იმ თვალსაზრისით, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის მომიჯნავედაც შპს „...ს“ კუთვნილი უძრავი ქონება მდებარეობს, ქალაქ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ ამხანაგობის კუთვნილებად იქცა.
მოსარჩელის განმარტებით, ამის შემდგომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, გამოირკვა, რომ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დამაკავშირებელ გზას ქმნის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით დადგენილი საზღვრების (წითელი ხაზების) საფუძველზე მართლაც ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებად დამტკიცდა, რის გამოც შპს „...მ“ 2019 წლის 1 აპრილს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი განცხადებით საზღვრების დამდგენ სამართლებრივ აქტში იმგვარი ცვლილების შეტანა მოითხოვა, რის შედეგადაც აღნიშნული მრავალბინიანი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარე ტერიტორიით დამისამართებულ და შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობასთან (საკადასტრო კოდი ...) დამაკავშირებელ გზას, დადგენილი იქნებოდა სერვიტუტი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის 2019 წლის 3 აპრილის #02/5357 წერილით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნა იმ მოტივით, რომ განსახილველი საკითხი იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. თავის მხრივ, სამსახურმა 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 წერილით შპს „...ს“ განუმარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მოცემული საკითხის დადებითად გადაწყვეტა საჭიროებდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობას. იმავე წერილით, რომელიც შპს „...ს“ 2019 წლის 1 მაისს ჩაჰბარდა, გადაეცა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანება, რომლითაც ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრები დადგინდა.
ამდენად, მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა.
2019 წლის 16 ივლისს შპს „...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...ს“ 2019 წლის 2 მაისის #4503/02 ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ივნისის #585 ბრძანებისა და შპს „...ს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურისათვის ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის (ს.კ. ...) საზღვრების დადგენის თაობაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რის შედეგადაც აღნიშნული მრავალბინიანი სახლისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარე ტერიტორიით დამისამართებულ და შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან (ს.კ. ...) დამაკავშირებელ გზას, დადგენილ იქნება სერვიტუტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით შპს „...ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანება და მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11ივნისის #585 ბრძანება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, მოსარჩელე შპს „...ს“ 2019 წლის 1 აპრილის #3345/02 განცხადების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოცემა დაევალათ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს #261 დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელთა უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების (ძირითადი გასასვლელები, შიდა კვარტალური გზები და საინჟინრო ქსელები, ბავშვთა მოედნები და ნაგებობები, საერთო სარგებლობის სხვა ობიექტები) საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთების საზღვრებში მოქცევა შესაძლებელია მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების პირობების დადგენის შემდეგ. მიწის ნაკვეთის გეგმაზე სხვა მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასარგებლოდ დადგენილი უნდა იქნეს სერვიტუტი, თუ მათი სარგებლობისათვის ეს აუცილებელია.
საქმის მასალებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ განახორციელა მისთვის კანონონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, საქმის მასალები შეესწავლა სრულფასოვნად და მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველეყო მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელთა უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები, წარდგენილი პროექტის ფარგლებში შეეფასებინა, 256.2 კვ.მ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა უზრუველყოფდა თუ არა მოსარჩელის მიერ შიდა კვარტალური, საერთო სარგებლობის ობიექტით სათანადო სარგებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანება.
რაც შეეხება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 25 აპრილს #02/6475 აქტის კანონიერებას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური 2019 წლის 25 აპრილს #02/6475 აქტის გამოცემისას ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია და შეესწავლა ის გარემოებები, რომლებიც გახდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სადავო აქტით მითითებული გარემოება, რომ ...ის გამზ. #14-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრები რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში და ნებისმიერი ცვლილება საკადასტრო მონაცემებში, მათ შორის საზღვრების დადგენის პროექტში, საჭიროებდა მესაკუთრის თანხმობას (ნებას), არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნებოდა მოქმედი კანონმდებლობით დამტკიცებული ტექნიკური დოკუმენტაციის და ფინანსირების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, შესაბამისი წინადადებების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის #22 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ დასახელებული საკანონმდებლო დანაწესი არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, არამედ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებისას, თუ იგი დადგენილი სახით შევიდოდა კანონიერ ძალაში.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის #585 ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, 185-ე მუხლზე, 201-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, სახეზე იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის #585 ბრძანების კანონშეუსაბამობა, რის გამოც იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობილი.
„„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის #22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის #286 დადგენილების პირველი მუხლის 1.1 ქვეპუნქტის თანახმად, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის #22 დადგენილებაში შეტანილ იქნა შემდეგი სახის ცვლილება: დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორების - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ივნისის #585 ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული აქვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც კანონიერ ძალაშიც არ არის შესული. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული გარემოება არ იყო დადგენილი, აქტი არ იყო ბათილად ცნობილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქტის კანონიერებაზე არის დამოკიდებული რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება, მართებული იქნებოდა მაშინ, თუკი საკრებულოს აქტი უკვე ბათილად იქნებოდა ცნობილი და მერია ამ გარემოებას არ გაითვალისწინებდა.
კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ ჰქონდა უფლებამოსილება, ბათილად ეცნო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბრძანება ან სადავო გაეხადა აღნიშნული აქტის კანონიერება. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმე გამოიკვლია იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს შეფასება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში.
ამასთან, კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ განჩინების მოტივაციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, სამივე ორგანოს/სტრუქტურას დავალებული აქვს ერთი და იმავე საკითხის (სერვიტუტის დადგენა) ხელახალი გამოკვლევა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით 2014 წლის ივლისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს (საკრებულოს) უფლებამოსილება სამშენებლო საქმიანობის ნაწილში, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე, გადაეცა აღმასრულებელ ორგანოს (მერიას), შესაბამისად, დღევანდელი კანონმდებლობით საკრებულოს არ აქვს უფლებამოსილება, თავიდან გამოიკვლიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენისა და სერვიტუტის საკითხი.
კასატორის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განმარტებით, მართალია, აღსრულება არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვად საკითხს, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარტივად აღსასრულებელი უნდა იყოს და არ უნდა აჩენდეს დამატებით კითხვებს. განსახილველ შემთხვევაში კი ბუნდოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა არ წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვერ გასცდება კანონით მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას და ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, რაც უპირობოდ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, შპს „...ს“ 2019 წლის 2 მაისის #4503/02 ადმინისტრაციულ საჩივარზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ივნისის #585 ბრძანებისა და შპს „...ს“ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისათვის ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის (ს.კ. ...) საზღვრების დადგენის თაობაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რის შედეგადაც აღნიშნული მრავალბინიანი სახლისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარე ტერიტორიით დამისამართებულ და შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან (ს.კ. ...) დამაკავშირებელ გზას, დადგენილ იქნება სერვიტუტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წლის 20 დეკემბერს #20477 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტის შეთანხმება. განცხადებას თან ერთვოდა 2013 წლის 25 დეკემბრის ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმი. კრებაზე გადაწყდა, რომ დადგენილიყო და გამიჯნულიყო საცხოვრებელი სახლის, მდებარე რუსთავი, ...ის გამზ. #14-ის საზღვრები თანდართული პროექტის მიხედვით. ოქმს ხელს აწერს მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარე. ოქმი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ და აღნიშნულია, რომ ნოტარიუსი არ ადასტურებს ფაქტებს, მოცემულ დოკუმენტში დამოწმებულია მხოლოდ გ. დ-ის (ამხანაგობის თავმჯდომარე) ხელმოწერის ნამდვილობა. შემდეგ გ. დ-იმა მისი თანდასწრებით შეასრულა თავისი ხელმოწერა წარდგენილ ოქმზე.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 28 იანვარს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარების და ტრანსპორტის განვითარების სამსახურმა მიიღო #1/540 დასკვნა მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე. დასკვნაში აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს #261 დადგენილების გათვალისწინებით, სამსახურის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14, რვასართულიან საცხოვრებელ სახლს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა ექვემდებარებოდა დამტკიცებას. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2014 წლის 29 იანვარს მიღებულ იქნა #6487 ბრძანება ქალაქ რუსთავში რვასართულიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტის დამტკიცების შესახებ. მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ქალაქ რუსთავში, ხალხთა ...ის გამზ. #14 საცხოვრებელ სახლს მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტით მისაკუთვნებელი ფართობია 2531.60 მ2; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობია 2064.60 მ2; სერვიტუტით მიკუთვნებელი მიწის ფართობია 256.20 მ2.
საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2019 წლის 1 აპრილს #3345/02 განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა შპს „...ს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა ბრძანებაში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, განცხადება გადაგზავნილ იქნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 25 აპრილს მიღებულ იქნა #02/6475 აქტი. აღნიშნული აქტით შპს „...ს“ წარმომადგენელს ეცნობა, რომ ...ის გამზ. #14 საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღრების დადგენის შესახებ 2014 წლის 29 იანვრის #6487 ბრძანებასა და ამხანაგობის მიერ წარმოდგენილ და დამტკიცებულ შესაბამისი პროექტში მითითებული იყო სერვიტუტით დატვირთული მიწის ნაკვეთის ფართობი - 256.2 მ2. სერვიტუტით დატვირთული იყო საკადასტრო საზღვრებში მოქცეული საერთო სარგებლობის გზა. იქიდან გამომდინარე, რომ ...ის გამზ. #14 მიწის ნაკვეთის საზღვრები რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, ნებისმიერი ცვლილება საკადასტრო მონაცემებში, მათ შორის, საზღვრების დადგენის პროექტში, საჭიროებდა მესაკუთრის თანხმობას (ნებას).
ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 მაისს შპს „...ს“ წარმომადგენელმა #4503/02 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალებოდა, ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის (ს.კ. ...) საზღვრების დადგენის თაობაზე გამოცემულ აქტში ცვლილების შეტანა, რის შედეგადაც აღნიშნული მრავალბინიანი სახლისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს ქალაქ რუსთავში ...ის გამზ. #14-ის მიმდებარე ტერიტორიით დამისამართებულ და შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან დამაკავშირებელ გზას, დადგენილი იქნებოდა სერვიტუტი. თუმცა 2019 წლის 11 ივნისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის #585 ბრძანებით შპს „...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო - ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 25 აპრილის #02/6475 აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს #261 დადგენილების მე-8 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების საპროექტო დოკუმენტაციას ამუშავებს ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაკვეთით. განცხადება მრავალბინიანი სახლების მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დამტკიცების შესახებ, ამ წესით დადგენილი ფორმითა და შემადგენლობით, მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების თანდართულ საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად წარედგინება თვითმმართველი ერთეულის მიერ ამისათვის უფლებამოსილ სამსახურს. თვითმმართველი ერთეული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით იხილავს და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცების ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელთა უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, განაშენიანების საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის ტერიტორიების (ძირითადი გასასვლელები, შიდა კვარტალური გზები და საინჟინრო ქსელები, ბავშვთა მოედნები და ნაგებობები, საერთო სარგებლობის სხვა ობიექტები) საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მიწის ნაკვეთების საზღვრებში მოქცევა შესაძლებელია მხოლოდ სერვიტუტებისა და სხვა შეზღუდვების პირობების დადგენის შემდეგ. მიწის ნაკვეთის გეგმაზე სხვა მიწის ნაკვეთ(ებ)ის სასარგებლოდ დადგენილი უნდა იქნეს სერვიტუტი, თუ მათი სარგებლობისათვის ეს აუცილებელია.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 აპრილის #5002233119 დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარედ არსებული კართან მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა ფაქტობრივად გადის #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (მესამე პირის საკუთრება). შპს „...ს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს (ეზოს მხრიდან) არსებულ კართან მოხვედრა #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავლის გარეშე შეუძლებელია. ქალაქ რუსთავში, ...ის გამზ. #14-ის მიმდებარედ არსებული შპს „...ს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს (ეზოს მხრიდან) არსებულ კართან მისასვლელი საავტომობილო გზა (უმოკლესი კავშირი საჯარო გზასთან) შესაძლებელია მოეწყოს ...ის გამზირის მხრიდან (შენობაში არსებული თაღის გავლით) ისეთი სახით, როგორც ეს დანართ #1-ზე არის ნაჩვენები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ განახორციელეს მათთვის კანონონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, საქმის მასალები შეესწავლათ სრულფასოვნად და მიწის ნაკვეთის ნორმატიული ზომების დადგენისას უზრუნველეყოთ მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების, მფლობელების, მოსარგებლეებისა და ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მფლობელთა უფლებები და ნორმალური საცხოვრებელი პირობები, წარდგენილი პროექტის ფარგლებში შეეფასებინათ, 256.2 კვ.მ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა უზრუველყოფდა თუ არა მოსარჩელის მიერ შიდა კვარტალური, საერთო სარგებლობის ობიექტით სათანადო სარგებლობას.
რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ზემოაღნიშნული ვერ განაპირობებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივართა დასაშვებად ცნობას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების დროს, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კონკრეტული კომპეტენციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაცემა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა