საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.07.2012
საქმის ნომერი
2კ-244აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹244აპ.-12 ქ. თბილისი

ლ-ი ლ. 244აპ.-12. 23 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ლ. ლ-სა და გ. ს-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განაჩენით ლ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ ლ. ლ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.

იმავე განაჩენით გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წელი და საბოლოოდ გ. ს-ს სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულების – ლ. ლ-სა და გ. ს-სთვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების – ლ. ლ-სა და გ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი, დ. სულაქველიძე