შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 18.09.2012
საქმის ნომერი
2კ-281აპ.-12
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.09.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №281აპ-12 ქ. თბილისი

ს-ი თ., 281აპ-12 18 სექტემბერი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ს-ს

ადვოკატების - რ. პ-ს, გ. რ-ს

მსჯავრდებულ - თ. ს-ს

თარჯიმან - ნ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის განაჩენით თ. ს-ი, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 დეკემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

თ. ს-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული უცხოური ქვეყნის პასპორტი - ... - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის ახლობლებს.

დაზარალებულ მ. მ-ს მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ...ს პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ მ. მ-ს.

უცხოური პასპორტის ქსეროასლი - ერთ ფურცლად, საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე განცხადება - ერთ ფურცლად, რომელსაც ხელს აწერს შ. ტ-ა, გაფრთხილებითი წერილი - ფორმა №9, წერილი მსჯავრდებულ შ. ტ-ს სახელზე, დათარიღებული 2011 წლის 2 ნოემბრით - ერთ ფურცლად, გაცემული ... პრობაციის ბიუროს უფროსის - რ. თ-ს მიერ, ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხების გადახდის დასტურის ასლი შ. ტ-ს სახელზე, განაცხადი ანგარიშის გახსნაზე თ. ს-ს სახელზე - ერთ ფურცლად, დედნების სახით და ჩვენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი 3 ვიდეოკასეტაზე უნდა დაერთოს შ. ტ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს.

განაჩენის მიხედვით, თ. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ე.ი. ექსპლოატაციის მიზნით ადამიანის მოტყუებით გადაბირება და მიღება, ასევე - მის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ორგანიზებული ჯგუფის წევრმა, ... მოქალაქე შ. ტ-მ მეუღლესთან, თურქეთის მოქალაქე თ. ს-თან შეთანხმებით, თითქოსდა თვეში 800 აშშ დოლარის ანაზღაურების პირობით, ჩაის ფაბრიკაში სამუშაოდ 2011 წლის 26 ივნისს ... ქ. ... მოტყუებით ჩამოიყვანა ... მოქალაქე მ. მ-ა და სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით იძულებით ჩააბა პროსტიტუციაში. ამ მიზნით შ. ტ-მ მ. მ-ს ჩამოართვა პასპორტი, მობილური ტელეფონი და სიმბარათი, რითაც მოუსპო ოჯახთან სატელეფონო კავშირის საშუალება. თ. ს-მა და მისმა მეუღლემ - შ. ტ-მ მ. მ-ს შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება და ჰყავდათ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში თ. ს-ი მას აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჯგუფის წევრები არარსებული ვალის, 7000 აშშ დოლარის გამომუშავების მოთხოვნით მ. მ-ს ორი თვის განმავლობაში მუქარით აიძულებდნენ ქ. ..., ჭავჭავაძის ქ. №...-ში მდებარე თურქული ბარის „...“ და ლეონიძის ქუჩა №...-ში მდებარე სასტუმრო „...“ პირველ სართულზე განთავსებული ბარის შერჩეული, ე.წ. კლიენტებისათვის გაეწია სექსუალური მომსახურება, რის საფასურსაც მთლიანად იღებდა შ. ტ-ა.

თ. ს-ს ბრალი ედებოდა აგრეთვე იმაში, რომ ჩაიდინა იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური, ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც წარმოადგენს მის უფლებას და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

საქმის სასამართლო განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უარი თქვა თ. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილზე, კერძოდ: პროცესზე გამომსვლელმა პროკურორმა, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, დაუდასტურებლობის მოტივით მოუხსნა ბრალდებულს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რის გამოც სასამართლომ განჩინებით შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ს-ს მიმართ ბრალდების აღნიშნულ ნაწილში და საქმე განიხილა პროკურორის მიერ ფორმულირებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ნ. ს-მა, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ თ. ს-ს შორის.

პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული თ. ს-ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნ. ს-ს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

2012 წლის 11 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ. ს-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ თ. ს-ს შორის 2012 წლის 11 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ. ს-სა და მსჯავრდებულ თ. ს-ს შორის.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. ს-მა მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა თ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ. პ-მ და გ. რ-მა.

სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულ თ. ს-ს აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ მ. მ-ს ჩვენებით, მოწმეების ჩვენებებითა და საქმის სხვა მასალებით თ. ს-ს მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ თ. ს-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.

პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული თ. ს-ი აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნ. ს-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. ს-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ. ს-სა და მსჯავრდებულ თ. ს-ს შორის.

თ. ს-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 16 დეკემბრიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

თ. ს-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული უცხოური ქვეყნის პასპორტი - ... - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის ახლობლებს.

დაზარალებულ მ. მ-ს მიერ წარმოდგენილი მისი კუთვნილი ... პასპორტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ. მ-ს.

უცხოური პასპორტის ქსეროასლი - ერთ ფურცლად, საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე განცხადება - ერთ ფურცლად, რომელსაც ხელს აწერს შ. ტ-ა, გაფრთხილებითი წერილი - ფორმა №9, წერილი მსჯავრდებულ შ. ტ-ს სახელზე, დათარიღებული 2011 წლის 2 ნოემბრით - ერთ ფურცლად, გაცემული ... პრობაციის ბიუროს უფროსის - რ. თ-ს მიერ, ზარალის ანაზღაურების ან გირაოს სახით თანხების გადახდის დასტურის ასლი შ. ტ-ს სახელზე, განაცხადი ანგარიშის გახსნაზე თ. ს-ს სახელზე - ერთ ფურცლად, დედნების სახით და ჩვენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი 3 ვიდეოკასეტაზე დაერთოს შ. ტ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი