დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹18აგ-12 17 სექტემბერი, 2012 წელი
ტ-ი დ., 18აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენით.
2012 წლის 10 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. ტ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით და მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, დანიშნული სასჯელის მოხდილად ჩათვლა და გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლის შეძენა-შენახვისათვისაც იგი მსჯავრდებული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ, დ. ტ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებული დ. ტ-ი აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირებულიყო ახალი კანონის სანქციის ფარგლებში და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელის მოხდისაგან. ამასთან, მის მიმართ არ გამოუყენებიათ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონები.
ამდენად, დ. ტ-ი მოითხოვს დანიშნული სასჯელის შემცირებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონებს, მათი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დ. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე