დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.09.2012
საქმის ნომერი
30აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.09.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹30აგ-12 17 სექტემბერი, 2012 წელი

გ-ე კ.-30აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენით კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 6 სექტემბრიდან.

2012 წლის 20 აგვისტოს მსჯავრდებულმა კ. გ-ემ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აპელანტმა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ 2012 წლის 22 მაისის საქართველოს კანონის დანართის „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მის მიერ უკანაონოდ შეძენილ-შენახული 0,0591 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, ითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის გადასინჯვა კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

კ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

დანარჩენ ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ, მართალია, თბილისის სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, მაგრამ განაჩენი სასჯელის ნაწილში დაუსაბუთებლად დატოვა უცვლელად.

კასატორს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების საფუძველზე უნდა შეუმცირდეს.

ამდენად, კ. გ-ემ ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემცირების გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეუმცირდეს იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონებს, მათი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენი კ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე

გ. შავლიაშვილი