ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2აპ-13 ქ. თბილისი
ზ-ე ლ., 2აპ-13 18 იანვარი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. ლ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 აპრილიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„ჰეროინი“, წონით 0,5701 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ოპერატიული ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ.№..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას;
2005 წლის წარმოების „მაგნუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №19051, რომელიც თან ერთვის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს.
სამოქალაქო მოსარჩელის - სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის - მ. პ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლ. ზ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 310 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, ლ. ზ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მათი საქმიანობის ხელისშეშლის მიზნით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 28 აპრილს, 00 საათსა და 35 წუთზე, შსს ... საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას უცნობმა მოქალაქემ აცნობა, რომ დ. გ-ს ქუჩაზე ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმები, რითაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი, ამავე განყოფილების პოლიციის თანამშრომლების - შ. ზ-ს, მ. დ-ს, დ. კ-სა და რ. კ-ს შემადგენლობით. ... ქუჩაზე, №...-სასწავლებლის შესასვლელთან, მათ დაინახეს ქ. ..., ... №...-ში მცხოვრები ლ. ზ-ე, რომელსაც მარჯვენა ხელში ეკავა „მაგნუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. მისი დანახვისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც ეცვათ სამსახურებრივი - პოლიციის ფორმის ქურთუკები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამორჩილების მიზნით, ლ. ზ-ს ხმამაღლა დაუძახეს, რომ ისინი იყვნენ პოლიციის მუშაკები და მოუწოდეს იარაღების ჩაბარებისაკენ. აღნიშნულის მიუხედავად, ლ. ზ-მ განიზრახა მათი საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით გაეწია წინააღმდეგობა, რის გამოც ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის კუთვნილი ოპერატიული ავტომანქანა „ოპელ-ვექტრას“ სახ.№... მიმართულებით მოახდინა რამდენიმე გასროლა და დააზიანა ავტომანქანა, რითაც პოლიციის მუშაკებს არ მისცა საშუალება განეხორციელებინათ სამსახურებრივი საქმიანობა. ამ დროს პოლიციელების ა/მანქანას ზურგის მხრიდან მიადგნენ ასევე გამოძახებაზე გასული ამავე განყოფილების თანამშრომლები - მ. ბ-ი და მ. ბ-ი, რომლებმაც მათზე სამსახურებრივად განწესებული ტაბელური იარაღიდან ჰაერში მოახდინეს გამაფრთხილებელი გასროლები და ხმამაღლა მოუწოდეს ლ. ზ-ს დამორჩილებისაკენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შემდგომი გასროლის თავიდან ასაცილებლად იქვე დააგდო „მაგნუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მაგრამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავების მომენტში მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ფეხის წინდიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის სიგარეტის ქაღალდში გახვეული, დიდი ოდენობით - 0,5701 გრამი კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც მან შეიძინა ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში და ინახავდა უკანონოდ, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს ლ. ზ-ს მიერ გადაგდებული, 2005 წლის წარმოების №19051 „მაგნუმის“ მარკის პისტოლეტი, რომელიც 2007 წლის 29 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ლ. ზ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ლ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდა დაზუსტება და სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
ლ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. ლ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 28 აპრილიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„ჰეროინი“, წონით 0,5701 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ოპერატიული ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ.№..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას;
2005 წლის წარმოების „მაგნუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №19051, რომელიც თან ერთვის საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს.
სამოქალაქო მოსარჩელის - სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის - მ. პ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ლ. ზ-ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 310 ლარის გადახდა.
მსჯავრდებული ლ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და ლ. ზ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.
მსჯავრდებულ ლ. ზ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულების - შ. ზ-ს, რ. კ-ს, მ. დ-ს, დ. კ-ს, ზ. მ-ს ჩვენებებით, მოწმეების - მ. ბ-ს, მ. ბ-ს, ზ. ა-ს, ზ. ფ-სა და სხვათა ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. ზ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული ლ. ზ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. ზ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ლ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი - უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-8, მე-18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული ლ. ზ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთისა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. ზ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ლ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი - დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებული ლ. ზ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„ჰეროინი“, წონით 0,5701 გრამი, რომელიც ინახება შს სამინისტროს სპეციალურ-ოპერატიული დეპარტამენტის საცავში განადგურდეს;
შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ოპერატიული ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“, სახ.№... დაუბრუნდეს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას;
2005 წლის წარმოების „მაგნუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №19051, რომელიც თან ერთვის საქმეს გადაეცეს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს.
სამოქალაქო მოსარჩელის - სამხარეო შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის - მ. პ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ლ. ზ-ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 310 ლარის გადახდა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი