ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №19აპ-13 ქ. თბილისი
გ-ე ი., 19აპ-13 29 იანვარი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დაენიშნა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ი. გ-ს მიმართ ამ განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარის ოდენობით. ი. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 მაისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების -ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფხვნილი, საერთო წონით 0,034 გრამი კუსტარულად დამზადებული „ჰეროინი“, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობრივი შემცველობა 0,015 გრამია, უნდა განადგურდეს;
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი -1951 წლის ნიმუშის „მაკაროვის“ სისტემის, 9 მმ კალიბრიანი, უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 7 ვაზნა, საიდანაც გასროლილი სამი ექსპერიმენტული ვაზნა (მასრა, ტყვია) ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში, უნდა გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონით დადგენილი წესით შემდგომი განკარგვის მიზნით;
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“, „შარფის“ და „მფეოს“ ფირმის მობილური ტელეფონები, მათში არსებული სამი სიმბარათით, უნდა დაუბრუნდეს ი. გ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, ი. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ი. გ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მიუხედავად ამისა, მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა კუსტარულად დამზადებული 0,034 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც შეიცავს 0,015 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2012 წლის 29 მაისს, ქ. ..., ... დასახლებაში მდებარე რესტორან „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს, ხოლო თვითონ დააკავეს.
ი. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიის, ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, ასევე გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა - 7 ვაზნა, რომელიც მოთავსებული იყო პისტოლეტის მჭიდში. იგი ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა პირადად, რაც ამოღებულ იქნა 2012 წლის 29 მაისს, ქ. ..., ... დასახლებაში მდებარე რესტორან „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ი. გ-ე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მიუხედავად ამისა, მან ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ექიმის დანიშნულების გარეშე, კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი, რაც დაუდგინდა 2012 წლის 30 მაისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ჩატარებული შემოწმების შედეგად.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ი. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. გ-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები. მისი ბრალეულობა დადასტურებულია მოწმეების - რ. ბ-ს, მ. ღ-ს, ზ. ა-ს, რ. ხ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური, ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. გ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული ი. გ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთისა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე - უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 1 წელი, 1 თვე და 15 დღე, ასევე 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 წელი და 9 თვე - უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 2 წელი და 22 დღე. საბოლოოდ მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 3 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 10000 ლარი - უნდა დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ი. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-16, მე-18, მე-19 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ასევე ამავე კანონის მე-18 მუხლში მოცემული მითითების გათვალისწინებით (ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან ჯარიმისაგან), მსჯავრდებული ი. გ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთისა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე -შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 1 (ერთი) წელი, 1 (ერთი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე, ასევე 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი და 9 (ცხრა) თვე - შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 2 (ორი) წელი და 22 (ოცდაორი) დღე. საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს 3 (სამი) წლით, 2 (ორი) თვითა და 7 (შვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლია მოხდა დაეწყოს 2012 წლის 29 მაისიდან.
მსჯავრდებულ ი. გ-ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 10000 (ათი ათასი) ლარი - დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ი. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფხვნილი, საერთო წონით 0,034 გრამი კუსტარულად დამზადებული „ჰეროინი“, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ რაოდენობრივი შემცველობა 0,015 გრამია, განადგურდეს;
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი -1951 წლის ნიმუშის „მაკაროვის“ სისტემის, 9 მმ კალიბრიანი, უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 7 ვაზნა, საიდანაც გასროლილი სამი ექსპერიმენტული ვაზნა (მასრა, ტყვია) ინახება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვია-მასროთეკაში, გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონით დადგენილი წესით შემდგომი განკარგვის მიზნით;
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ი. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ნოკიას“, „შარფის“ და „მფეოს“ ფირმის მობილური ტელეფონები, მათში არსებული სამი სიმბარათით, დაუბრუნდეს ი. გ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი