დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.01.2013
საქმის ნომერი
117აგ.-2012
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.01.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№117აგ-12 18 იანვარი, 2013 წელი

წ-ა ო 117აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. წ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის განაჩენით ო. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 თვე, 16 დღე და ო. წ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ო. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 თვე, 16 დღე და ო. წ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 4 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 ივლისიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ო. წ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განაჩენის მიხედვით, ო. წ-ს მსჯავრი დაედო 0,024 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა–შენახვისათვის.

მსჯავრდებული ო. წ-ა შუამდგომლობით ითხოვდა კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ო. წ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია). გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ო. წ-ა ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდილი წლების საკმარისად ჩათვლას და გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ო. წ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი