დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.11.2022
საქმის ნომერი
ბს-785(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-785(კ-21) 1 ნოემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 8 ოქტომბერს სს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ 2019 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სარჩელით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ძალაში დატოვებული ნაწილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა’’ქვეპუნქტისა და ,,სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილების იმ ნაწილში სრულად, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტი (გადაწყვეტილების მეორე პუნქტი); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ძალაში დატოვებული ნაწილი (დ. ნ-ის, ი. ა-ის და ნ. მ-ის მიმართ შედგენილი გაუტკივარების ოქმების შემთხვევებზე); ბათილად იქნა ცნობილი სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დ. ნ-ის, ი. ა-ის და ნ. მ-ის მიმართ შედგენილი გაუტკივარების ოქმების შემთხვევებზე); დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივრის მეოთხე და მეხუთე მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, კერძოდ, რომლითაც გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტები, ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ამავე კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, უმცროსი ექიმი არის თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით; ამავე კანონის 56-ე მუხლი ეხება სამედიცინო ჩანაწერის წარმოების პირობებს, კერძოდ: 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია: ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული მუხლების დისპოზიციიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მოიცავს ორ კომპონენტს, კერძოდ, უმაღლეს სამედიცინო განათლებას და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს, აღნიშნული კომპონენტები კუმულაციური ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ ორივე ნიშნის არსებობა გულისხმობს დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას, ხოლო კანონის მიხედვით უმცროსი ექიმის დეფინიციის ცნება არ მოიცავს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას. უმცროსი ექიმი შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო დაწესებულების დიპლომი. ცალსახაა, რომ უმცროს ექიმს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. ამავე დროს, უმცროსი ექიმი ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით.

კასატორის განმარტებით, როდესაც კანონი ადგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია განახორციელოს საკუთარი კომპეტენცია, კერძოდ, ხელი მოაწეროს სამედიცინო ჩანაწერების კურსუსზე, აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ პირმა, კერძოდ, ექიმმა და არა უმცროსმა ექიმმა, როგორც მოხდა განსახილველ შემთხვევაში. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო ჩანაწერები არის სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ ქაღალდზე, აგრეთვე ინფორმაციის სხვადასხვა მატარებლებზე, მათ შორის, კომპიუტერში დაფიქსირებული ინფორმაცია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით; მოცემული დისპოზიციის მიხედვით, სამედიცინო ჩანაწერის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რადგან იგი შეიცავს სრულ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების შესახებ, აქედან გამომდინარე იგი უნდა დაამოწმოს შესაბამისმა პირმა, კერძოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა. სამედიცინო ჩანაწერების თითოეულ კურსუსზე წარმოდგენილია ექიმის გრაფა, რაც გულისხმობს, რომ სწორედ ექიმმა უნდა დაამოწმოს ჩანაწერების სისწორე და რელევანტურობა, ეს მის კომპეტენციას წარმოადგენს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში; ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს შეფასება, თითქოს განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დოკუმენტის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზი და არა უმცროსი ექიმის მიერ დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა, არასწორია, რადგან დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევას ადგილი აქვს როდესაც საერთოდ არ ფიქსირდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ ვინ განახორციელა მკურნალობის პროცესი. მოცემულ შემთხვევაში კი სტაციონარული პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულნი იყვნენ ექიმები, რომლებიც არც ერთ სპეციალობაში არ ფლობდნენ დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის სახელმწიფო სერტიფიკატს. კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ მდგომარეობაში და განსახილველ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ქვეპუნქტი (გადაწყვეტილების მეორე პუნქტი); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მოპასუხე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ძალაში დატოვებული ნაწილი (დ. ნ-ის, ი. ა-ის და ნ. მ-ის მიმართ შედგენილი გაუტკივარების ოქმების შემთხვევებზე); ბათილად იქნა ცნობილი ,,სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დარჩა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი (დ. ნ-ის, ი. ა-ის და ნ. მ-ის მიმართ შედგენილი გაუტკივარების ოქმების შემთხვევებზე); დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის; მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა ,,სს ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ’’ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 6 სექტემბრის N02/47414 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მესამე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ უკანონო სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ფაქტების ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც არეგულირებს ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციების გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის - თანხის უკან დაბრუნების საფუძვლები განისაზღვრება ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: ა) თუ ძირითადი (პროგრამულ ანაზღაურებას დაქვემდებარებული) დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით ან დამძიმებულია, ან წარმოდგენილია თანმხლები დიაგნოზის სახით; ბ) თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება; გ) თუ აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას: გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე; გ.ბ) მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით/მდგომარეობით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით; დ) თუ მიმწოდებელი არ ფლობს ლიცენზიას/ნებართვას ან სანებართვო დანართს შესაბამის სამედიცინო საქმიანობაზე, ან აწარმოებს მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობას სავალდებულო შეტყობინების გარეშე; ე) თუ მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა ექიმი არ ფლობს შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის; ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით, თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე; ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღსანიშნავია, რომ ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის თანხის დაკისრებას ითხოვს, მოცემულია სწორედ ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. განსახილველ შემთხვევაში კი, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტში აღწერილი გარემოებები ჩაითვლება თუ არა მოსარჩელის მიერ განხორციელებულ დარღვევად და იძლევა თუ არა მის მიმართ სანქციის გამოყენების საფუძველს, კერძოდ, მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა სადავო აქტში ასახული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა თუ არა უკანონო სამედიცინო საქმიანობად და საჯარიმო სანქციის გამოყენების კერძოდ, ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სხელმწიფო რეგულირების სააგენტომ სს ,,...ში’’ 2019 წლის 2 აპრილის N02-103/მ და 2019 წლის 10 მაისის N02-158/მ ბრძანებების შესაბამისად, განახორციელა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შერჩევითი რევიზია. სარევიზიო პერიოდი მოიცავდა 2014 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის პროგრამული შემთხვევების შესწავლას.

2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ 591-141 რევიზიის აქტის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგულირების სააგენტომ მიიჩნია, რომ რევიზიის ფარგლებში შემოწმებული 7 სამედიცინო შემთხვევაში სახეზე იყო უკანონო სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, შვიდივე შემთხვევაში სტაციონარული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულები იყვნენ ექიმები, რომლებიც არც ერთ სპეციალობაში არ ფლობდნენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის სახელმწიფო სერთიფიკატს, კერძოდ, პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარება გაწეული იყო უმცროსი ექიმების მიერ. რის გამოც, აღნიშნული შვიდივე შემთხვევა უკანონო სამედიცინო საქმიანობის განხორციელებად ჩაითვალა და შემთხვევებზე მიღებული და ანაზღაურებული თანხა 95,339.75 ლარი დაექვემდებარა სრულად უკან დაბრუნებას.

სამედიცინო ჩანაწერების თანახმად, პაციენტი ვ. ვ-ი ჰოსპიტალში მკურნალობდა 2017 წლის 29 აპრილიდან 2017 წლის 2 ივნისამდე (34 გატარებული საწოლდღე). შემთხვევაზე წარმოებულია 102 კურსუსი, აქედან მხოლოდ ორ სამედიცინო ჩანაწერზეა აღნიშნული უმცროსი ექიმის ხელმოწერები, კერძოდ, 2017 წლის 23 მაისს 16:00 საათზე წარმოებულ კურსუსზე დაფიქსირებულია უმცროსი ექიმის ხელმოწერა, რაც შეეხება ექიმის ხელმოწერას, აღნიშნული არ არის მითითებული 16:00 საათის ჩანაწერზე, თუმცა იგი ფიქსირდება იმავე დღეს წარმოებულ ყველა კურსუსზე და ამასთანავე, იმავე დღეს ბოლო წარმოებულ კურსუსებზე. ასევე, 2017 წლის 29 მაისს 08:00 საათზე წარმოებული სამედიცინო ჩანაწერზე ფიქსირდება მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა ამ შემთხვევაშიც აღნიშნულია იმავე დღეს წარმოებული ყველა კურსუსზე, მათ შორის მითითებულია დღის მანძილზე ბოლოს განხორციელებული ხელმოწერა ასევე ექიმის მიერ. სასამართლო ასევე მიუთითებს პაციენტ ეთერ კამლაძის სამედიცინო ჩანაწერებზე, იგი ჰოსპიტალში მკურნალობდა 2017 წლის 27 მაისიდან 2017 წლის 9 ივნისამდე პერიოდში (13 ჩატარებული საწოლდღე). შემთხვევაზე წარმოებულია 39 კურსუსი, აქედან მხოლოდ ორ სამედიცინო ჩანაწერზე, კერძოდ, 2017 წლის 6 ივნისის 12:00 საათსა და 16:00 საათზე წარმოებულ კურსუსებზე დაფიქსირებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა მითითებულ მთავარი ექიმის გრაფას არ ახლავს ექიმის მიერ შესრულებული ხელმოწერა. იმავე დღეს 23:50 საათზე წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერზე ექიმის გრაფაზე ხელმოწერა შესრულებულია ექიმის მიერ. პაციენტი თ. ბ-ი ჰოსპიტალში მკურნალობდა 2018 წლის 22 იანვრიდან 2018 წლის 11 თებერვლის პერიოდში (20 გატარებული საწოლდღე). შემთხვევაზე წარმოებულია 60 კურსუსი, აქედან ოთხ სამედიცინო ჩანაწერზე აღნიშნულია უმცროსი ექიმის ხელმოწერები, კერძოდ, 2018 წლის 2 თებერვალს 14:30 საათზე წარმოებულ კურსუსზე დაფიქსირებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა იმავე დღეს ყველა კურსუსზე მითითებულია ექიმის ხელმოწერები, 22:30 საათზე წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერზე აღნიშნულია ექიმის ხელმოწერა. 2018 წლის 9 თებერვალს 22:30 საათზე წარმოებულ კურსუსზე დაფიქსირებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, ასევე 2018 წლის 10 თებერვლის წარმოებულ სამედიცინ ჩანაწერზე მითითებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა 2018 წლის 10 თებერვალს წარმოებულ 12:30 საათსა და 21:30 საათზე წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერებზე აღნიშნულია ექიმის ხელმოწერები, ასევე დაფიქსირებულია ექიმის შემაჯამებელი ხელმოწერა. გ. ზ-ე ჰოსპიტალში მკურნალობდა 2018 წლის 11 იანვრიდან 2018 წლის 27 თებერვლის პერიოდში (39 გატარებული საწოლდღე). შემთხვევაზე წარმოებულის 117 კურსუსი, აქედან მხოლოდ ხუთ შემთხვევაზეა მითითებული უმცროსი ექიმის ხელმოწერები. 2018 წლის 26 თებერვალს 14:30 საათზე დაფიქსირებულია უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა ხელმოწერა აღნიშნულია იმავე დღის 18:00 საათზე წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერზე. 2018 წლის 3 თებერვალს წარმოებულ კურსუსზე მითითებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა. 2018 წლის 4 თებერვალს 14:00 საათსა და 22:00 საათზე არ ფიქსირდება ექიმის ხელმოწერა, თუმცა აღნიშნულია იმავე დღის სამედიცინო ჩანაწერში 23:00 საათზე შემაჯამებელი ხელმოწერის სახით. ასევე 2018 წლის 12 თებერვალს 14:00 საათზე წარმოებულ კურსუსზე მითითებულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა.

მ. ქ-ი ჰოსპიტალში მკურნალობდა 2017 წლის 3 იანვრიდან 2017 წლის 4 მარტის პერიოდში (60 გატარებული საწოლდღე). შემთხვევაზე წარმოებულია 180 კურსუსი, აქედან მხოლოდ ორ შემთხვევაზეა მითითებული უმცროსი ექიმის ხლმოწერები, კერძოდ, 2017 წლის 1 მარტს წარმოებულ კურსუსზე აღნიშნულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერა, თუმცა იმავე დღეს სამდიცინო ჩანაწერსა და ასევე, იმავე ფურცლის 2017 წლის 2 თებერვალს 08:00 საათზე წარმოებულ სამედიცინო ჩააწერზე ფიქსირდება ექიმის შემაჯამებელი ხელმოწერა. 2017 წლის 2 მარტს 12:00 საათსა და 15:00 საათზე აღნიშნულია მხოლოდ უმცროსი ექიმის ხელმოწერები, თუმცა იმევე დღის ყველა კურსუსზე სამედიცნო ჩანაწერზე ექიმის ხელმოწერა აღნიშნულია.

მარიამ ისკანდიროვი ჰოსპიტალში მკურნალობდა 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში (15 გატარებული საწოლდღე) შემთხვევაზე წარმოებულია 105 კურსუსი, აქედან მხოლოდ ერთ სამედიცინო ჩანაწერზეა მითითებული უმცროსი ექიმის ხელმოწერა, კერძოდ, 2018 წლის 23 თებერვალს წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერზე არ ფიქსირდება ექიმის ხელმოწერა. თუმცა ხელმოწერა აღნიშნულია იმავე დღის ყველა სამედიცინო ჩანაწერზე, მათ შორის, ფიქსირდება ექიმის შემაჯამებელი ხელმოწერა იმავე ფურცელზე წარმოებულ 2018 წლის 24 თებერვლის 0:00 სამედიცინო ჩანაწერში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საექიმო საქმიანობა არის მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება, ხოლო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა კი, უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანხმად, უმცროსი ექიმი არის თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით. ამდენად, კანონმდებლობა უმცროსი ექიმის მიერ ჩანაწერის განხორციელების რაიმე ამკრძალავ ნორმას არ ადგენს.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია:ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე; ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს; გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში; დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს; ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით. ამდენად, ჩანაწერის განხორციელების უფლებამოსილებას კანონმდებლობა უმცროს ექიმსაც ანიჭებს, თუმცა სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის, მისთვის ტანჯვის შემსუბუქებისკენ მიმართულ სამედიცინო მოქმედებათა განხორციელებას, არამედ, ასევე, საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მკაფიო, სრულყოფილი და ადეკვატური წარმოების ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საექიმო საქმიანობის ობიექტს ადამიანი, ხოლო ასეთი საქმიანობის მიზანს კი, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება წარმოადგენს. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულების ჯეროვანი შესრულება სამედიცინო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია, რომლის გარეშეც რისკის ქვეშ დგება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობები, რამდენადაც სამედიცინო დოკუმენტაციათა სწორი წარმოება, სამედიცინო პროცედურების, მანიპულაციებისა თუ საჭიროებების ზუსტი ასახვა პოტენციურ სამომავლო სამედიცინო საქმიანობათა განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამდენად, აღნიშნული ვალდებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესების დარღვევა როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის, ასევე, აღნიშნული ვალდებულების უშუალო განმახორციელებლის - თავად საექიმო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოშობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამედიცინო ჩანაწერებზე თითოეულ კურსუსზე წარმოდგენილია ექიმის გრაფა, რაც მიუთითებს, ექიმის ჩართულობაზე, ხოლო ხელმოწერის გამორჩენა კი არ იძლევა იმის შეფასების საფუძველს, რომ ეს საქმიანობა უმცროსი ექიმის მიერ განხორციელდა დამოუკიდებლად. უმცროსი ექიმის ხელმოწერამ ავტომატურ რეჟიმში ჩაანაცვლა ექიმის საქმიანობა და უმცროსი ექიმი ამ ფუნქციას დამოუკიდებლად ასრულებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნას სადავო აქტებში აღწერილი ქმედებების უკანონო სამედიცინო საქმიანობად მიჩნევის თაობაზე და თვლის, რომ გარკვეულ ნაწილზე გამორჩენილია რა ხელმოწერის დამოწმება, აღნიშნული მიუთითებს დოკუმენტის წარმოებასთან დაკავშირებულ ხარვეზზე და არა უმცროსი ექიმის მიერ დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სს ,,...ის’’ უმცროსი ექიმების მიმართ გამოყენებულ იქნა თუ არა სანქცია სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ უმცროსი ექიმის მიერ წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერებზე, წარმოებულ კურსუსებიდან გამორჩენილი ექიმის ხელმოწერები არ წარმოადგენს დადგენილების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის დარღვევას, თუმცა მნიშვნელოვანია შეფასდეს რევიზიის აქტის მითითებული გარემოებები ჩაითვლება თუ არა სს ,,...ის’’ მიერ განხორციელებულ დადგენილებით გათვალისწინებულ სხვა დარღვევად და იძლევა თუ არა მის მიმართ სანქციის გამოყენების საფუძველს, რაც სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 16 ივლისის Nკ/რ-591-141 რევიზიის აქტის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველია.

შესაბამისად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს მოცემული დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტას, რამდენადაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც წარმოშობს მოპასუხისათვის ამ გარემოებათა ხელახალი შესწავლა-შეფასების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.06.2021წ. N04026 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.06.2021წ. N04026 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე