დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.02.2013
საქმის ნომერი
2კ-27-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli №271-13 15 თებერვალი, 2013 წელი

მ-ი ა.-271-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ რ. შ-ის

ადვოკატ – ზ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ა. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განაჩენით ა. მ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 5 თვე, 28 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 დეკემბრის განკარგულებით ა. მ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 117- ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №12 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 10 წელი, 5 თვე და 28 დღე, რამაც შეადგინა 2 წელი, 8 თვე და 3 დღე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დარჩენილ სასჯელს – 4 წელს, 1 თვესა და 11 დღეს გამოაკლდა შემცირებული სასჯელი – 2 წელი, 8 თვე, 3 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 5 თვისა და 8 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 4 დეკემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი არასწორად გამოიყენა, კერძოდ: ვინაიდან მან პირველი დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანების პერიოდში, ამიტომ სასამართლოს ამ დანაშაულისათვის მისჯილი 4 წელი და 6 თვე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გაენახევრებინა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კანონის მე-16 მუხლი უნდა გამოეყენებინა მეორე დანაშაულზე და საბოლოო სასჯელი უნდა შეემცირებინა 3 წლითა და 9 თვით.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ-ემ შუამდგომლობით უკან გაითხოვეს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს აქვს საჩივრის უკან გათხოვნის უფლება, ამიტომ მათი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 301-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ბ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი