დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№371-13 19 თებერვალი, 2013 წელი
გ-ი ე., 371-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ზ. მ-ას
ადვოკატ – ე. ქ-ას
მსჯავრდებულ _ ე. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ე. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ე. გ-ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 4 თვის ვადით, რაც სსკ-ის 88–ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით შეიცვალა: ე. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ე. გუსეინოვს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა და სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლისა და 4 თვის ვადით, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 7 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ე. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ე. გ-ს გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის განაჩენით სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ამასთან, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 59-ე მუხლის (2007 წელს მოქმედი რედაქცია) საფუძველზე დანიშნული 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა ე. გ-მა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის სასიკეთოდ იმის გათვალისწინებით, რომ პირველადაა სამართალში; დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანების პერიოდში და დაზარალებულმა ითხოვა მის მიმართ შეღავათების გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად, ე. გ-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წელი და 4 თვე და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ე. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრიბოს და ე. გ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 10 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, ე. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულს პალატა არ ეთანხმება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო პალატა ამ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და დაუმძიმოს სასჯელი, მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე