დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2013
საქმის ნომერი
2კ-49-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli

№491-13 20 თებერვალი, 2013 წელი

მ-ი რ.-491-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. მ-ის

ადვოკატ – ს. გ-ის

მსჯავრდებულ _ რ. მ-ის

თარჯიმან – თ. ც-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 აპრილის განაჩენით რ. მ-ი, ნასამართლობის არ მქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით –10 წლით, სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით –5 წლით, ხოლო სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, რ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენით დადგენილ იქნა, რომ რ. მ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება.

იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 28 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

რ. მ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილი და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

რ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატისა და პროკურორის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–4 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. მ-ს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 20 წელი – შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 28 სექტემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ამორიცხვა და სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლით, რომლის საფუძველზეც ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანახაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

მართალია, რ. მ-ი ნასამართლობის არმქონე პირია, მაგრამ მასზე ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნით, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი