დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-111 (კ-22) 26 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ემ 04.03.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მოპასუხისათვის ს. ა-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 14 915 (თოთხმეტი ათას ცხრაასთხუთმეტი) ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2019წ. გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინებით ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.10.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მითითებით მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება გამოიწვია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. აპელანტის მოსაზრებით 2006 წლის პირველი ივლისიდან პენსიის განახლების მიზნით დოკუმენტები ხელახლა უნდა გადაგზავნილიყო შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც არ განხორციელებულა, ასევე არ გამოცემულა აქტი, რის საფუძველზეც ს. ა-ეს შეუწყდა პენსია. შესაბამისად, იგი ითხოვს 14 915 (თოთხმეტიათასცხრაასთხუთმეტი) ლარის ანაზღაურებას. აღნიშნული თანხა აპელანტის განმარტებით გამოთვლილია იმ თანხიდან, რომელიც უნდა მიეღო 2006 წლის პირველი ივლისიდან - 2018 წლის აპრილამდე. პალატის მითითებით „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებული პირები სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ოდენობით; ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 24.04.2012წ. №6061-Iს საქართველოს კანონის თანახმად, ცვლილება შევიდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლში, შედეგად, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით იმპერატიულად დადგინდა ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული და გაცემული პენსიების გაცემის გაგრძელების შესაძლებლობა, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების მქონე იმ პენსიონერს, რომელსაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე აქვს დანიშნული საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის „საპენსიო უზრუნველყოფისა“ და „სოციალური დაცვის“ პროგრამული კოდებით დაფინანსებული რაიმე სახის ყოველთვიური ფულადი გასაცემელი (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა), რომლის ჯამური ოდენობა ტოლია ან აღემატება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „საპენსიო პაკეტით“ განსაზღვრული ფულადი გასაცემლის ოდენობას, უწყდება ზემოაღნიშნული კოდებით დაფინანსებული გასაცემლები და იმავე ოდენობის შესაბამისი თანხის გაცემა უგრძელდება შეჯამებულად, „საპენსიო პაკეტის“ ფულადი გასაცემლის სახით, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანების (07.08.2012 წლამდე მოქმედი რედაქცია) დანართის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პენსიის დასანიშნად მიმართვა ხდება პენსიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადება შეიტანება ფონდის ფილიალებში მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამავე ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, ხოლო მითითებული ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეწყვეტილი პენსიის განახლება ხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, დანიშნული პენსიის ოდენობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილე პირებს, მათ შორის, აღნიშნული მონაწილეობის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით. მოცემული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია განმცხადებელი პირის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პირადობის მოწმობა, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებულია სათანადო მიზეზობრივი კავშირი და მოცემული პირის ამ ობიექტებზე ყოფნის დამადასტურებელი საბუთი) წარდგენაზე. პალატა მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე და აღნიშნავს, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.05.2001წ. გადაწყვეტილებით (№2/1151 საქმეზე) ს. ა-ე ცნობილ იქნა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილედ და 2001 წლის 18 ივნისიდან დაენიშნა პენსია. ს. ა-ის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დადგენილი იყო 2006 წლის პირველ ივლისამდე, მორიგი გადამოწმების თარიღად განსაზღვრული იყო 2006 წლის 14 ივნისი. ს. ა-ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გადამოწმებისათვის დანიშნულ დროს არ მიუმართავს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროსათვის 2018 წლამდე, ხოლო 2018 წლის მარტში მას კვლავ განესაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ამჯერად უვადოდ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მსჯელობა ს. ა-ისათვის პენსიის შეწყვეტაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრალეულობის თაობაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებას, რითაც ხელი შეეშალა ს. ა-ეს შშმ პირის სტატუსის გადამოწმების მიზნით გამოცხადებულიყო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა სკ-ის 128.1, 129.2 და 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ „ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ პირთათვის პენსიის გაცემა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა. სააპელაციო პალატის მითითებით ხანდაზმულობის ვადის დარღვევის საკითხის დასადგენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრას. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაკავშირებულია იმ დროსთან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობა და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ თავისი უფლების დარღვევის ფაქტის გაგებასთან. დადგენილია, რომ 2006 წლის პირველი ივლისიდან აპელანტს შეუწყდა სახელმწიფო პენსია. ამდენად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი ასევე ხანდაზმულობის მოტივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ა-ის მიერ.
კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.03.2021წ. Nბს-432(-19), 25.05.2017წ. Nბს-815-807(კ-16), 25.05.2017წ. Nბს-365-360(კ-16) საქმეებში გაკეთებულ განმარტებებზე მითითებით აღნიშნა, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა აქტი, რომ ამის თაობაზე კასატორისთვის არ უცნობებია, შესაბამისად კასატორს არ მისცემია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება ხანდაზმულობის უფლებაზე, ვინაიდან საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა. კასატორის მოსაზრებით ვინაიდან ფულად ნივთებზე საკუთრებაზე ს. ა-ეს აქვს მოთხოვნის უფლება, მასზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული მსჯელობის განსამტკიცებლად კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.2005წ. N1/14/184,228 საქმეზე "სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარების უზრუნველყოფას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. კასატორი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლებზე.
კასატორი სსკ-ის 102-ე, 105-ე, 385-ე, 391.5 და 393-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები და ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რის გამოც არსებობს მის გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 15.05.2001წ. გადაწყვეტილებით (№2/1151 საქმეზე) ს. ა-ე ცნობილ იქნა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილედ. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის №031988 დასკვნის თანახმად, ს. ა-ე განისაზღვრა შრომისუნარდაქვეითებულად და მიენიჭა მე-3 ჯგუფის ინვალიდის სტატუსი. ინვალიდობა დადგინდა 2006 წლის პირველ ივლისამდე, მორიგ გადამოწმების თარიღად განისაზღვრა 2006 წლის 14 ივნისი. ს. ა-ეს პენსია დაენიშნა 2001 წლის 18 ივნისიდან 45 ლარის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ა-ე დანიშნულ დროს (2006 წლის 14 ივნისს) არ გამოცხადებულა სტატუსის გადამოწმების მიზნით სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე. შესაბამისად, ს. ა-ეს 2006 წლის პირველი ივლისიდან შეუწყდა ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსით სოციალური პაკეტის ანაზღაურება. „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. №46/ნ ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის (07.08.2012წ. მოქმედი რედაქცია) თანახმად, პენსიის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის N031988 დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინვალიდობა დადგენილია 2006 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო მორიგი გადამოწმების თარიღად მითითებულია 14.06.2006წ., მსგავსი ჩანაწერი არსებობს ასევე ს. ა-ის სახელზე გაცემულ საპენსიო მოწმობაში, რომლის თანახმად, ს. ა-ე არის მე-3 ჯგუფის ინვალიდი და ინვალიდობა დადგენილია 2006 წლის 1-ელ ივლისამდე. ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დადგენილი იყო გარკვეული ვადით, რომლის შესახებაც ს. ა-ეს ჰქონდა ინფორმაცია. ს. ა-ემ იცოდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გადამოწმებისთვის დანიშნულ დროს უნდა გამოცხადებულიყო შესაბამის სამედიცნო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ვადის ამოწურვის შემდგომ სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის ბიუროში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა გახდა პენსიის შეწყვეტის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არარელევანტურია კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე მიმდინარე დავისაგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო, განსახილველ შემთხვევაში მხარისათვიას ცნობილი იყო რომ სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობისთვის საჭირო იყო მისი შშმ პირის სტატუსის გადამოწმება და სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის ბიუროში გამოცხადება. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებას, რითაც ხელი შეეშალა ს. ა-ეს გამოცხადებულიყო სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროში შშმ პირის სტატუსის გადამოწმების ან აღდგენის მიზნით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ს. ა-ეს სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის აუცილებელი წინაპირობა-შშმ პირის სტატუსი მისი შეწყვეტის შემდგომ განესაზღვრა 2018 წლის მარტში. ამ დროიდან მას კვლავ დაენიშნა კანონით დადგენილი გასაცემელი.
უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მისი წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაკავშირებულია იმ დროსთან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის პირველი ივლისიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია ს. ა-ეს, რომელმაც იცოდა სამედიცნო-სოციალური ექპერტიზის ბიუროში შშმ პირის სტატუსის გადამოწმების მიზნით გამოცხადების ვალდებულების შესახებ, რაც არ განუხორციელებია. ამდენად თავად ს. ა-ის მიერ არ მომხდარა მისი უფლების რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს, მათ შორის ხანდაზმულობის მოტივითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი