განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1241-13 26 თებერვალი, 2013 წელი
ა-ი ი., 1241-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ შ. ც-ის
ადვოკატ – ლ. შ-ის
მსჯავრდებულ _ ი. ა-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით ი. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 15 წლით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ა-ს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მესამედით და თითოეული დანაშაულისათვის განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით მას მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ი. ა-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი უნდა განახევრებოდა, ხოლო საბოლოო სასჯელის ზომა უნდა დაანგარიშებულიყო განაჩენით მისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელიდან – 10 წლით თავისუფლების აღკვეთიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ი. ა-ისთვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ი. ა-ს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს და ამ მუხლით განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული მუხლით ჩადენილ ქმედებას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, ამავდროულად, იგი არ არის წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე და 88-ე მუხლების გამოყენებით საბოლოოდ ი. ა-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, რომ მისთვის სასჯელი უნდა დაანგარიშდეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელიდან - 10 წლით თავისუფლების აღკვეთიდან – აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ი. ა-ს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა – გაუნახევრდეს და ამ მუხლით განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა – მათ შორის მსჯავრდებულ ი. ა-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის – ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე