შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 26.02.2013
საქმის ნომერი
2კ-136-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.02.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1361-13 26 თებერვალი, 2013 წელი

ა-ი რ., 1361-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ის

ადვოკატ – ლ. შ-ის

თარჯიმან – ე. მ-ის

მსჯავრდებულ _ რ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განაჩენით რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) – 11 წლით, 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით რ. ა-ს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 7 დეკემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული რ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და განჩინების უკანონობის მოტივით ითხოვა საჩივრის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–13 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262–ე მუხლით“. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, რ. ა-ისთვის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ხსენებული კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის დანაწესი. თუმცა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, რ. ა-ისთვის დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, შესაბამისად, საბოლოოდ დანიშნულ სასჯელში, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელის წილის გათვალისწინებით, რ. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა (ნაცვლად თორმეტისა) და საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც უნდა აეთვალოს 2005 წლის 7 დეკემბრიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ რ. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2005 წლის 7 დეკემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე